Georgian Airways რუსებისთვის თბილისის გავლით ევროპის მიმართულებით ტრანზიტულ ფრენებს განახორციელებს, - ამის შესახებ RTVI-ს ავიაკომპანიის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა განუცხადა. გეგმაშია ხუთი ევროპული ქალაქი: მილანი, პარიზი, ვენა, ლარნაკა, სალონიკი.

"15 ივნისიდან დავიწყებთ. ვნახოთ, როგორ წავა საქმე, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ამ მარშრუტებზე საკმარისი მოთხოვნა იქნება. თბილისის გავლით უფრო მოსახერხებელი და სწრაფი იქნება, ვიდრე სხვა მიმართულებით“, - განუცხადა RTVI-ს თამაზ გაიაშვილმა.

მისი აზრით, რუსეთსა და საქართველოს შორის მგზავრთა ნაკადი თანდათან გაიზრდება.

"ბუნებრივია, ჩვენ შევინარჩუნებთ საჰაერო კომუნიკაციას რუსეთთან. ამას არაფერი მოუვა. საქართველოს მთავრობა ძალიან თბილად მიესალმა ამ გადაწყვეტილებას. ღმერთმა ქნას, რომ აღარასოდეს შეწყდეს“, - განაცხადა მან.

რუსეთ-საქართველოს შორის 2019 წლიდან შეწყვეტილი პირდაპირი ფრენები 2023 წლის 15 მაისიდან აღდგა, რამაც საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია.