საერთაშორისო ფეხბურთის ფედერაციის (FIFA) ყრილობამ ჯანი ინფანტინო ახალი საპრეზიდენტო ვადით აირჩია.

52 წლის ინფანტინო ფიფას პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო. ის აირჩიეს ორგანიზაციის 73-ე კონგრესის დელეგატებმა, რომელიც რუანდის დედაქალაქ კიგალიში გაიმართა.

ინფანტინო მსოფლიო ფეხბურთის მეთაური მინიმუმ 2027 წლის თებერვლამდე იქნება. ის ფიფას სათავეში ზეპ ბლატერის შემდეგ 2016 წელს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად მოვიდა. ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელის სრულუფლებიანი სკამი მას 2019 წელს გადაეცა, რის გამოც მას ამ თანამდებობაზე პოტენციურად 2031 წლამდე შეუძლია მუშაობა.

ჯანი ინფანტინო ხელახლა არაევროპული ქვეყნების დელეგატების უმრავლესობის მხარდაჭერის წყალობით აირჩიეს. უეფას წევრი ასოციაციები, განსაკუთრებით სკანდინავიის სახელმწიფოები და გერმანიის ფეხბურთის კავშირი მისი კანდიდატურით აღფრთოვანებული არ იყვნენ, თუმცა ალტერნატიული კანდიდატი შეთავაზებული არ ყოფილა.

ინფანტინო არაერთხელ გააკრიტიკეს ავტორიტარული რეჟიმების თანაგრძნობის გამო. კერძოდ, იგი აქტიურად უჭერდა მხარს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლის სტატუსის შენარჩუნებას რუსეთის ფედერაციისთვის უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ და ასევე ლობირებდა ყატარში მუნდიალს. 2019 წლის ზამთარში მან პუტინისგან რუსეთის მეგობრობის ორდენი მიიღო.

ერთი წლის წინ გამართულ ფიფას კონგრესზე ორგანიზაციამ ინფანტინოს ხელმძღვანელობით რუსეთი არ გარიცხა თავისი რიგებიდან, რუსეთის ფედერაციის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მიუხედავად.