პოლიტიკურ ნაწილში კამათი ჩვეულებრივი ამბავია, თავდასხმაც ოპონენტების მხრიდან. საჯარო დისკუსიაზე პრობლემა არ მაქვს, მაგრამ სექსისტურ შაბლონებზე და სტიგმებზე, რომელსაც ბოლო დროს ჩემი მისამართით ვისმენ, აქ დავწერ, - წერს სოციალურ ქსელში დეპუტატი ხატია დეკანოიძე.

"ბევრი ქალისთვის აქტუალური იქნება:

საჯარო სივრცეში აქტიური ქალების მიმართ დამოკიდებულება არის სტიგმატიზირებული და ძალიან ბანალურ მიზოგინიას ეყრდნობა: კარიერული წინსვლა აქვთ იმიტომ, რომ კაცებმა დააწინაურეს, "ვიღაცის საყვარელია“, მაღალ თანამდებობის პირთან სექსუალური კავშირი აქვთ და ა.შ. ყველაფერი იმდენად გულისამრევად მარტივია, რომ ქალის წარმატებას არავითარი კლიშე არ აქვს, გარდა კაცისა.

ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპი ამ სექსისტურ ბანალურობასთან არის კავშირში, როდესაც უამრავი სტერეოტიპი მომისმენია, წამიკითხავს და მეც, უნებურად, კაცებისთვის ფასადის როლიც მითამაშია, ჩემი ინსტრუმენტალიზაციაც მომხდარა (თუმცა ეს ნამდვილად გვიან გამიცნობიერებია).

თავისებურად, პოლიტიკურად და სოციალურად აქტიურ ქალსაც ხომ კაცის სახე აქვს ბევრის ცნობიერებაში - ვინ დანიშნა, ვინ გაქაჩა, ვისი საყვარელია, ვინ დააწინაურა. "ვინ" - კაცია, როგორც წესი. იშვიათად ფიქრობენ, რომ ქალი ჭკვიანია და ამიტომ აღწევს წარმატებას.

ძალიან ხშირად, კაცების მიერ პოლიტიკური ანგარიშსწორებაც ქალების პირადი ცხოვრების განხილვაა, როცა ტყუილს და მართალს საზიზღრად ბანალურ ფორმულაში ათავსებენ.

ერთი, ბოლო ისტორია იმდენად გულის ამრევი პრიმიტივიზმი იყო, რომ ძალიან პოპულარული გახდა.

ჩემს ბიოგრაფიაშიც “დანიშვნების” გარდა მრავლად არის მსგავსი შემთხვევები, შანტაჟიც, ძალადობაც და ტოქსიკური პატრიარქატის აუტანელი, გადამდები გარემოც. იმუნიტეტი გამომიმუშავდა, ჩემს ოჯახსაც.

აუცილებლად დავწერ, როცა მოვიცლი და ცოტა კიდევ დავბერდები", - წერს დეკანოიძე.