ვისაც ჰგონია ან ეგონა, რომ მე აქ ჩამოსვლისას შეიძლებოდა, რამე მეთქვა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ესე იგი, ჯერ არ მიცნობენ და ჯობია, გამიცნონ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

"როგორც იცით, ყოველთვის ვარ ოპტიმისტი და საერთოდ, ოპტიმიზმი ამართლებს. აქ გუშინ და დღეს ჩემი შეხვედრები მაძლევს იმის იმედს, რომ შეიძლება, ვიყოთ ოპტიმისტები. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გამართულად გვაქვს და არაფერი გვაქვს გასაკეთებელი. ძალიან კარგად ვიცით, რა გვაქვს გასაკეთებელი. ყველას თავისი ადგილი და დანიშნულება აქვს ამ გზაზე. ყველამ თუ ყველაფერი გააკეთა, ძალიან დიდი შანსია, რომ გვცნონ და მოგვცენ ის, რაც ჩვენ ნამდვილად გვეკუთვნის.

შარლ მიშელმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა ორივემ თქვეს, რომ აპირებენ ჩამოსვლას. ასევე პარლამენტის თავმჯდომარეც აპირებს ჩამოსვლას. ეს სამი ადამიანი თუ ჩამოდის ჩვენთან მომავალი თვეების მანძილზე, ამ ექვს თვეში, ეს ნიშნავს, რომ საქართველოზე არ უთქვამთ უარი და ხედავენ თუ, რამდენად მნიშვნელოვანია. ეს არ უნდა გამოვიყენოთ და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ამის გამო შეგვიძლია, "ცუდად მოვიქცეთ“. ეს არის ყველას გასაკეთებელი.

დავამატებდი იმას, რომ ვისაც ჰგონია ან ეგონა, რომ მე აქ ჩამოსვლისას შეიძლებოდა, რამე მეთქვა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ესე იგი, ჯერ არ მიცნობენ და ჯობია, გამიცნონ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.