ყველაზე დიდი უბედურება არის ის, როცა გენერალური პროკურორი ყოფილა "ეფესბეს" აგენტი, მოვითხოვ, საზოგადოებას პასუხი გაეცეს დეტალური გამოძიებით, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

"ერთ-ერთმა, ბატონმა კახამ მე მგონი თქვა, რომ ყველაზე დიდი უბედურება თურმე ჩემი ვიზიტები არის ევროპაში. არა, ბატონო კახა, ყველაზე დიდი უბედურება არის ის, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი ყოფილა "ეფესბეს" თუ "კაგებეს", ერთი და იგივეა, აგენტი. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება და კიდევ უფრო დიდი უბედურება არის, როცა ამის შესახებ არ არის ისეთი ფორიაქი ყველა იმ უწყებებში, რომლებიც უნდა ამას იძიებდეს დღეს და პასუხისმგებლობა მათზე არის და მე მოვითხოვ აქ, თქვენს წინაშე სწორედ, რომ საზოგადოებას პასუხი გაეცეს, დეტალურად, დეტალური გამოძიებით, ეს არის არა თხოვნა, ეს არის მოთხოვნა.

რაც შეეხება მოქალაქეობას, ჩვენთან არ მოსულა არანაირი ინფორმაცია ამის შესახებ, არც არანაირი მოთხოვნა მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ, ანუ ისრების გადატანა არ გამოვა, ნათელია, სად არის პასუხისმგებლობა.

აქ არის გამოძიება ჩასატარებელი და აქ არის ყველაფერი გასაკეთებელი იმისთვის, რომ ამ ქვეყანამ თავისი სახე და რეპუტაცია არ დაკარგოს, ქვეყანამ კი არა, ვინც პასუხისმგებელია ამაზე", - განაცხადა ზურაბიშვილმა.