"ფორმულას" დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის ადვოკატის გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურია და მისი მიზანი ტელეკომპანია "ფორმულასთვის" პრობლემების შექმნაა.

"ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს თემიდა თვალახვეულის ნაცვლად, ყურდახშობილი აღმოჩნდა და ჩვენი კანონიერი მოთხოვნა სასამართლოსადმი, რაც ეხებოდა პირველი ინსტანციის უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებას, სასამართლომ არ გაითვალისწინა.

კიდევ ერთხელ რომ ავხსნათ ძალიან მარტივად, მთელი ეს სამართალწარმოება დაწყებულია იმ მიზნით, რომ პრობლემები შეექმნას ტელეკომპანია "ფორმულას" იმიტომ, რომ სხვა არანაირი ქონება დავით კეზერაშვილს, რომელზეც შესაძლებელია ამ გადაწყვეტილების აღსრულება, არ გააჩნია გარდა ტელეკომპანია ფორმულას მმართველი წილისა და შესაბამისად, მთელი ეს სამართალწარმოება წამოწყებულია სწორედ ამ მმართველი წილის წასართმევად, რათა "ფორმულას" სარედაქციო პოლიტიკაზე მოახდინოს ხელისუფლებამ გავლენა", - აცხადებს მშვენიერაძე.

"ფორმულას" დამფუძნებლის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და დავით კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურებისთვის 5 060 000 ევრო დააკისრა.