ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გამოაცხადა. მისი ღირებულება დაახლოებით 300 მილიონი დოლარია.

"დღეს თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა დამატებითი უსაფრთხოების დახმარება უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კრიტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“, - ნათქვამია პენტაგონის პრესსამსახურის განცხადებაში.

პენტაგონი განმარტავს, რომ უკრაინას ახალი იარაღი მიეწოდება აშშ-ს მარაგების შემცირების ფარგლებში.

უკრაინა მიიღებს დამატებითი საბრძოლო მასალას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის; AIM-7-ის რაკეტები საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის; საჰაერო თავდაცვის სისტემები Avenger; საზენიტო სისტემები Stinger; დამატებითი საბრძოლო მასალა HIMARS-ისთვის; 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვები;

105 მმ სატანკო საბრძოლო მასალა; მაღალი სიზუსტის მართვადი საავიაციო საბრძოლო მასალები; საავიაციო რაკეტები Zuni; საბრძოლო მასალა უპილოტო თვითმფრინავების სისტემებისთვის; ტანკსაწინააღმდეგო სისტემები AT-4; 30 მილიონზე მეტი ვაზნა; განაღმვის აღჭურვილობა და სისტემები; საბრძოლო მასალა დაბრკოლებების განადგურების მიზნით; ღამის ხედვის მოწყობილობები.

"შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინა აღჭურვილი იყოს ბრძოლის ველზე მისი დაუყოვნებელი და უსაფრთხოების გრძელვადიანი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად", - აცხადებენ პენტაგონში.