მოსკოვში, დღეს დილით დრონების მასიური თავდასხმის შესახებ განაცხადეს. უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის ფედერაციის დედაქალაქში მაღალსართულიან შენობებს შეეჯახა და მოსკოვის ოლქშიც დაფრინავდნენ.

დრონები მოსკოვში სამ საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა: პროფკავშირების ქუჩაზე, ატლასოვის ქუჩაზე ახალ მოსკოვში და ლენინის პროსპექტზე.

თვითმხილველების თქმით, ახალ მოსკოვში შემთხვევა 25-ე სართულზე მოხდა. შედეგად მიმდებარე რამდენიმე ბინაში მინები ჩაიმსხვრა. შემთხვევის ადგილზე დრონის ნაწილების მსგავსი ფრაგმენტები აღმოაჩინეს, რის შემდეგაც ტერიტორია შემოსაზღვრეს.

კიდევ ერთი დრონი მოსკოვში პროფკავშირების ქუჩაზე მაღალსართულიან შენობას შეეჯახა. იქ მცხოვრებთა ევაკუაცია განხორციელდა. როგორც ცნობილი გახდა, უპილოტო საფრენი აპარატი მე-16 სართულის ფანჯარაში შეფრინდა, ფანჯრები დაზიანდა.

მოსკოვში თავდასხმა ამით არ დასრულებულა. დრონი ლენინის პროსპექტზე მაღალსართულიან შენობასაც შეეჯახა. მისი ფრაგმენტები ერთ-ერთი ბინის ფანჯარაში შევარდა. ამის შემდეგ სახლიდან 300-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ტელეგრამის არხის Shot-ის ცნობით, მხოლოდ "რუბლიოვკაზე" ხუთი დრონი ჩამოაგდეს.

მოსკოვის რეგიონში  ჩამოგდებულია 13 დრონი.

Baza-ს ინფორმაციით, სულ 32 დრონი იყო. უმეტესობა, "გარეუბანში ჩამოაგდეს".

მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი დრონებით შეტევას ადასტურებს.

"დღეს დილით, უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმამ მცირე დაზიანება გამოიწვია რამდენიმე შენობაში. შემთხვევის ადგილზე ქალაქის ყველა სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული. ისინი არკვევენ მომხდარის გარემოებებს. ამ დროისთვის სერიოზულად  დაშავებული არავინ არის. გთხოვთ, ენდოთ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს და არ გაავრცელოთ გადაუმოწმებელი ინფორმაცია", - წერს სობიანინი.

რუსი პროპაგანდისტების ინფორმაციით, პოლიციამ გეგმა "ტაიფუნი" გამოაცხადა.

თავდასხმას რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროც გამოეხმაურა და ტრადიციულად უკრაინა დაადანაშაულა. უწყება ამტკიცებს, რომ თავდასხმაში სულ 8 დრონი მონაწილეობდა და ყველა მათგანი განადგურდა.