ბელარუსის თვითგამოცხადებული პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო კრიტიკულ მდგომარეობაში ჰოსპიტალიზებულია რუს დიქტატორ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, - ამის შესახებ ბელორუსმა ოპოზიციონერმა ვალერი ცეპკალომ განაცხადა.

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელიც დამატებით დადასტურებას საჭიროებს, პუტინთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრის შემდეგ ლუკაშენკო სასწრაფოდ გადაიყვანეს მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც ამჟამად იმყოფება.

ექიმების მიერ კრიტიკულად შეფასებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საუკეთესო სპეციალისტები გაგზავნეს.

ორგანიზებული ღონისძიებები ბელორუსის დიქტატორის გადასარჩენად მიზნად ისახავდა სპეკულაციის თავიდან აცილებას მის მოწამვლაში კრემლის შესაძლო მონაწილეობის შესახებ“, - წერს ოპოზიციონერი Telegram-ზე.

მისივე თქმით, ექიმები რეციდივს არ გამორიცხავენ.

მოგვიანებით ოპოზიციონერმა აღნიშნა, რომ ლუკაშენკოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში ყოფნის ახსნას სამედიცინო შემოწმებით ცდილობენ.

"ასეთი ვერსიის გამოჩენა სავსებით ბუნებრივია, როგორც პაციენტის რეალური მდგომარეობის დამალვის მცდელობა, რომელიც ჯერ კიდევ რთულია. ჯანმრთელობის გაუარესების წინა შემთხვევებიც ცდილობდნენ გაჩუმებას. ეჭვი რომ არ გაჩნდეს, მისი თვითმფრინავი მინსკშიც კი გაგზავნეს“, - აღნიშნა მან.

ლუკაშენკოს ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია 9 მაისს რუსეთში აღლუმის დროს გავრცელდა, მას უჭირდა გადაადგილება, არ მისულა არც მიღებაზე პუტინთან.

რამდენიმე დღის წინ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ადენოვირუსი ჰქონდა, თუმცა ხშირი მოგზაურობის გამო ვერ იმკურნალა და სიკვდილს არ აპირებს.