საქართველოს პრეზიდენტი "ომის პარტიის" - "ნაციონალური მოძრაობის" მძევალია, - ამის შესახებ "2020News”-ს "ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ განუცხადა. ის პრეზიდენტის საპარლამენტო მოხსენების დროს, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მმართველი პარტიის პრორუსულ მოქმედებებზე გაკეთებულმა აშკარა მინიშნებებმა გააღიზიანა.

“შეეშვას დესტრუქციას, რადიკალიზაციასა და პოლარიზაციას”, - მოითხოვს დეპუტატი პრეზიდენტისგან.

პარლამენტარი ასევე ღრმადაა დარწმუნებული, რომ კანდიდატის სტატუსი იმიტომ ვერ მივიღეთ, ევროკავშირს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საშუალება რომ არ მიეცა.

გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს „ოცნების“ დეპუტატთან.

- ელოდით თუ არა პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან მსგავსი სახის მოხსენებას, სადაც მან აშკარა მინიშნება გააკეთა "ქართული ოცნების“ პრორუსულ კურსზე?

- პრეზიდენტისგან მსგავს საუბარს ნამდვილად  ველოდებოდი, რადგან მისი ბოლოდროინდელი განცხადებები საერთოდ აცდენილი იყო რეალობას. ქალბატონი სალომე ავირჩიეთ სწორედ იმ მიზნით, რომ "ქართულ ოცნებას" სურდა ევროპა.

პრეზიდენტი უარგუმენტოდ ადანაშაულებს "ქართულ ოცნებას“.  ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა ევროინტეგრაციისთვის. ნურავინ დაივიწყებს, რომ სწორედ ჩვენი მმართველობის დროს მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია.

ამ ყველაფრის შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა საქართველოსთვის, თუკი ვინმეს მოუბრუნდება ენა და იტყვის, რომ ჩვენი ხელისუფლება ანტიდასავლური მიმართულებისაა, ან ტყუის, ან ვიღაცის დავალებას ასრულებს, უფრო კონკრეტულად კი, საქართველოს არაკეთილმოსურნე ჯგუფის. ქალბატონი სალომე ან შეცდომაშია შეყვანილი, ან ემსახურება გარკვეულ ძალებს, რომლებსაც საქართველოსთვის ნამდვილად არ სურთ სიკეთე.

- რომელ ჯგუფს გულისხმობთ არაკეთილმოსურნეებში?

- არსებობს გლობალური ომის პარტია, რომლის ინტერესშიც შედის, რომ უკრაინის ომი უფრო ფარტომასშტაბიანი იყოს და ჩაერთოს რეგიონის ყველა ქვეყანა. სამწუხაროდ, პრეზიდენტის განცხადებები მიჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ის ჩართულია ამ პროცესში და მეტიც,  ქალბატონი ზურაბიშვილი მძევალია ამ რადიკალების, ანუ "ნაციონალური მოძრაობის“.

ერთი კითხვა მაქვს მასთან, რატომ არ მოუწოდა ოპოზიციას, ჩართულიყვნენ საქართველოს ინტეგრაციის პროცესში? პრეზიდენტი არაკორექტულია, როდესაც ხალხის მიერ არჩეულ პარტიას ადანაშაულებს ისეთ საკითხში, სადაც ცამდე მართლები ვართ. რატომ ადანაშაულებს საქართველოს იმაში, რომ თითქოს ჩვენი ხელისუფლება უკრაინასთან მიმართებაში არასოლიდარულია?! ამას ამბობს მაშინ, როდესაც რეიტინგით მესამე ადგილზე ვართ მათ შორის, ვინც უკრაინას ყველაზე მეტად დაეხმარა. სირცხვილია ისეთი ხელისუფლების დადანაშაულება, რომელმაც გაგაპრეზიდენტა.

საქართველოს ომი არ სურს! "ქართული ოცნება“ აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს. ჩვენ ვზრუნავთ სტაბილურობაზე, ეკონომიკურ ზრდასა და მშვიდობაზე.

- თუ კი პრეზიდენტი ზურაბიშვილი "ნაციონალური მოძრაობის“ მართულია, მაშინ რას იტყოდით დასავლეთზე, რომელთა დამოკიდებულებებიც თქვენს მიმართ საქართველოს პრეზიდენტის დამოკიდებულების იდენტურია?

- ჩემთვის ანდრიუს კუბილიუსი და ანა ფოტიგა  არ არის დასავლეთი. არც ის ევროპარლამენტარები არიან, რომლებმაც რეზოლუციაში ჩაწერეს, რომ თურმე მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი და დავით კეზერაშვილი მედიადევნილი. ამათ ავტორებს ვურჩევდი, ჩამოვიდნენ საქართველოში და ნახონ, რა არის რეალობა.

მე მოვუწოდებ ქალბატონ სალომეს, რომ შეეშვას დესტრუქციას, რადიკალიზაციასა და პოლარიზაციას. ის დღეს საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ევროინტეგრაციის გზაზე არ დგას. ზურაბიშვილი რადიკალიზაციით შორს ვერ წავა. როდესაც უსამართლოდ ადანაშაულებ საქართველოს ხელისუფლებას, მინიმუმ იმის ღირსი ხარ, რომ ხალხმა არასერიოზულად აღგიქვას.

- თუ ევროდეპუტატები ტყუიან, თუ ოპოზიცია და საქართველოს პრეზიდენტი ცდებიან მმართველი ძალის ქმედებების შეფასებაში, მაშინ რატომ ვერ მიიღო საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი?

- ძალიან კარგი და საჭირო კითხვაა. საქართველოსთვის სტატუსის არმინიჭება პირდაპირ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და ქალბატონმა სალომემ უნდა ჰკითხოს  ევროპარლამენტს, თუ რატომ არ მოგვანიჭეს სტატუსი, როდესაც რეიტინგით უკრაინაზე და მოლდოვაზე წინ ვართ.

ევროკავშირს სურდა, რომ საქართველოს მეორე ფრონტი გაეხსნა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამას არასოდეს დაუშვებს. უკრაინიდანაც იყო მსგავსი საუბრები. თქვენ იცით, რომ უკრაინის გავლით რუსული ნავთობით მარაგდება მთელი ევროპა? აი ეს არის ორმაგი სტანდარტი, რაც ჩემთვის ყოვლად მიუღებელია.

ხატია მამულია