საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მაისის დასაწყისში, თბილისის მასშტაბით გატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, გამოვლენილ იქნა კანონდარღვევით მოქმედი 17 აფთიაქი.

"გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დადგენილ იქნა, რომ ხსენებულ სააფთიაქო დაწესებულებებს არ გააჩნდათ საქმიანობისათვის საჭირო შესაბამისი ნებართვები, საიდანაც რეცეპტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი, მათი რეალიზაციიდან მიღებული თანხა, ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია.

შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

აღნიშნული დანაშაული ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით, თავისუფლების აღკვეთით 1-დან 3 წლამდე ვადით", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.