შიდაპარტიულ დემოკრატიაზე კონფერენციას ატარებს ორგანიზაცია, რომელსაც 13 წელია ერთი და იგივე თავმჯდომარე ჰყავს. ბრეჟნევის მერე  ხელმძღვანელობის ამხელა სტაჟი არავის ჰქონია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კონფერენციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გასაოცარია, ისინი რომ საუბრობენ შიდაპარტიულ დემოკრატიაზე.

"ღონისძიება ეძღვნება შიდაპარტიულ დემოკრატიას და ამას ატარებს ორგანიზაცია, რომელსაც 13 წელია, ერთი და იგივე თავმჯდომარე ჰყავს. ბრეჟნევის მერე ამხელა ხელმძღვანელობის სტაჟი არავის ჰქონია. ისინი რომ საუბრობენ შიდაპარტიულ დემოკრატიაზე, ეს უბრალოდ გასაოცარია“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, რა თქმა უნდა, გამოწვევები არსებობს და ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს.

"არის უამრავი დასავლური ქვეყანა, სადაც შიდაპარტიული დემოკრატიის ხარისხი ბევრად უფრო მაღალია, ამას აქვს სხვადასხვა მიზეზი. რა თქმა უნდა, გამოწვევები არსებობს და დრო დასჭირდება იმ სტანდარტების მიღწევას, რაც დამკვიდრებულია განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.