კვირის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა ოლექსანდრ მაციევსკის, ჩერნიგოვის რეგიონის ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის 119-ე ბრიგადის სნაიპერს, რომლის სიცოცხლის უკანასკნელი წამების ამსახველმა კადრებმა მსოფლიო მოიარა - მარტში, როგორც ამბობენ, თავად რუსების მიერვე გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ რუსებმა მაციევსკი ყოველგვარი სასამართლოს გარეშე დახვრიტეს, სიკვდილის წინ კი მან საკუთარ მკვლელებს მშვიდად განუცხადა: „დიდება უკრაინას”.

"პატივს მივაგებ ადამიანს, რომელიც ყველა უკრაინელს სამუდამოდ ემახსოვრება, მისი სიმამაცის გამო, იმის გამო, რომ ასე სჯეროდა უკრაინის; მისი სიტყვების გამო: “დიდება უკრაინას”, - თქვა ზელენსკიმ მაციევსკის დედასთან შეხვედრისას.

"საშა სნაიპერი იყო, მაგრამ მისთვის უკანასკნელ ბრძოლაში პოლკის მსროლელის ფუნქციებს ასრულებდა. ყოველთვის მოწესრიგებული იყო, პასუხისმგებლობის გრძნობით, ყოველთვის შეიძლებოდა მასზე დაყრდნობა. ომით დაღლილი არასდროს გვინახავს - არასოდეს დაზარებია მწყობრში დგომა. ყოველთვის მაქსიმალურს აკეთებდა და არასოდეს წუწუნებდა“, - ამბობენ მაციევსკის ბრიგადაში.

რადიო თავისუფლება ესაუბრა ოლექსანდრ მაციევსკის დედას, ქალაქ ნიჟინის მცხოვრებ 67 წლის პარასკა დემჩუკს:

რა გითხრათ ჩემს შვილზე? თვითონ არაფერს გეტყოდათ, საშა ჩუმი ბიჭი იყო, წყნარი და გულჩათხრობილი, ბევრს ფიქრობდა. უყვარდა ქვეყანა, ვუყვარდით ჩვენ, ოჯახი და უყვარდა შვილი. 19 წლისაა მიხაილო, მიშა, გერმანიაშია ახლა, ძალიან ჰგავს ოლექსანდრს - გარეგნობითაც და ხასიათითაც. ისეთივე მიზანდასახულია და მშრომელი, სწავლასთან ერთად მუშაობს, რომ დედას, იულიას დაეხმაროს. იულია და საშა გაშორებულები იყვნენ, მაგრამ კონტაქტი არ დაუკარგავთ, კარგი ურთიერთობა შეინარჩუნეს და იმედი ჰქონდათ, რომ ომის დამთავრების მერე, შერიგდებოდნენ...

რადიო თავისუფლება: მიშამ თუ ნახა ის ვიდეო [სადაც ოლექსანდრს რუსები სიკვდილით სჯიან]?

პარასკა დემჩუკი: ნახა. მაშინ დადასტურებული არ იყო, მაგრამ რა თქმა უნდა, იცნო მამამისი. ტირილით დამირეკა. მითხრა, მამაჩემის ღირსეული შვილი ვიქნებიო.

რადიო თავისუფლება: თქვენ როგორ ინარჩუნებდით კონტაქტს ოლექსანდრთან, სანამ ფრონტზე იყო?

პარასკა დემჩუკი: ყოველთვის მამხნევებდა, სულ გვერდში მედგა. მეტყოდა ხოლმე: დედა, კაცი იმისთვის იბადება, რომ მოკვდესო. ძლიერი ცხოვრებისეული ფილოსოფიის, პრინციპების პატრონი იყო. სულ უნდოდა, გმირი ყოფილიყო. და აი, არის კიდეც ახლა გმირი. მამამისიც იბრძოდა და ბაბუამისიც. საშასთვის სიამაყის, პრინციპის საკითხი იყო ამ ომში წასულიყო, ქვეყანა დაეცვა, იმ ბილიკით ევლო, რომელზეც წინაპრები დააბიჯებდნენ. არავის დაუძალებია მისთვის ამ ომში წასვლა - უპრობლემოდ შეეძლო დაეტოვებინა ქვეყანა, მაგრამ დარჩა. დარჩა იმიტომაც, რომ მე დავრჩი. თქვა: „დედას, მშობელს როგორ მივატოვებო?“ - ეს ვერ წარმოედგინა, როგორ შეიძლებოდა ეს გაეკეთებინა. მითხრა: „დედა, ძვირფასო, შენ ოღონდ იცოცხლე. ეს გააკეთე ჩემთვის“.

რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, რატომ და როგორ გააკეთა ის, რასაც ვიდეოში ვხედავთ?

პარასკა დემჩუკი: სხვანაირად ვერც მოიქცეოდა - ასე აღვზარდე. მოვალეობის გრძნობა ჰქონდა, პრინციპები და ფასეულობები. იცოდა, რაც ელოდა და სიკვდილს თვალი გაუსწორა. დასკვნები გააკეთა და აღესრულა, როგორც ამაყი, ვალმოხდილი ადამიანი.

რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, რუსებს თუ აპატიებთ ოდესმე? თქვენ, ან სხვა უკრაინელი დედები?

პარასკა დემჩუკი: სხვებზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მე - არასოდეს. ჩვენი ქალაქები სასაფლაოდ გადააქციეს. არ, არა, არა. არც ჩემი შვილისთვის, არც სხვების სიკვდილისთვის არასოდეს ვაპატიებ მათ.

რადიო თავისუფლება: როგორ და როდის შეგატყობინეს, რომ ეს სწორედ ოლექსანდრი იყო - იმიტომ რომ თავიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია სხვა ადამიანის დაღუპვის შესახებ...

პარასკა დემჩუკი: ქალაქ ნიჟინის პოლიციიდან დამირეკეს. გამომკითხეს ნიშნები, რომლითაც საშას ამოცნობა შეიძლებოდა, რა ეცვა და ა.შ. შემდეგ იყო ორკვირიანი დუმილი, რომლის განმავლობაშიც ლამის ჭკუიდან გადავედი. მერე დამირეკეს და მანახეს ჩემი შვილის ცხედარი - მახსოვს დახვრეტილი მხრები, სახე და ნატყვიარისგან ჩატეხილი ადგილი წარბს ზემოთ...

რადიო თავისუფლება: როგორ გრძნობდით თავს, როდესაც ამბობდნენ, რომ ვიდეოში შესაძლოა, სხვა ადამიანი ყოფილიყო და სხვათა გვარებს ასახელებდნენ...

პარასკა დემჩუკი: გარეგნულად, მშვიდად ვიყავი, ვცდილობდი წონასწორობა შემენარჩუნებინა. როცა ცხედარი მანახეს, ჩემი შვილი, რა თქმა უნდა, ვიცანი, და დავეხმარე უკრაინის უსაფრთხოებას იდენტიფიცირებაში, რომ ეს სხვადასხვა ვერსია გაქარწყლებულიყო - ერთ კი არა, რამდენიმე ვერსიაზე მუშაობდნენ, რამდენიმე ოჯახში ფიქრობდნენ, რომ ეს მათი შვილი შეიძლება ყოფილიყო. ღმერთსა ვთხოვ, ისინი მაინც იყვნენ ცოცხლები... თავიდან, სანამ ცხედარს მაჩვენებდნენ, მითხრეს, დიდია ალბათობა, რომ საშა არ არისო, მაგრამ თავიდან ვერ ვიცილებდი ამ აზრს, მთელი სხეულით ვგრძნობდი, რომ ეს ნამდვილად საშა იყო. ალბათ, დედის ინსტინქტია ეს. პირველად რომ დამირეკეს და წამოვედი, მახსოვს, მივედი სახლში, და ყველა კარი და ფანჯარა ჩავრაზე. არაფრის, არავის დანახვა არ მინდოდა. ხომ თითქოს აივსო ჩემი ტანჯვის ფიალა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მეტი ტკივილი წინ მელოდა.

იმ ორი კვირის განმავლობაში ისე მინდოდა, იმდენს ვლოცულობდი, რომ საშა ცოცხალი ყოფილიყო. სულ მესიზმრებოდა, რომ ჭიშკარი გაიღებოდა, და საშა შემოვიდოდა. ახლა ვიცი, რომ ეს აღარ მოხდება. ვტირი, მოვთქვამ, მაგრამ ესეც უნდა ვთქვა - ისე ვამაყობ ჩემი შვილით! ვიცოდი, სულ ვგრძნობდი, რომ თუ საშას ამ ომში დაღუპვა ეწერა, ის ღირსეულად დაიღუპებოდა. და ასეც ახდა - გმირად აღესრულა ჩემი შვილი. ეს კი ნიშნავს, რომ შვილი სწორად გავზარდე, ოჯახისთვის, ქვეყნისთვის. ვუყურე პრეზიდენტის გამოსვლას, სადაც მან თქვა, რომ ჩემი შვილი უკრაინის გმირის წოდებისთვის დააჯილდოვეს. ბევრი ვიტირე, შემდეგ წამლები მივიღე, რომ დამძინებოდა. შვილმა ხომ მითხრა - დედა, თავს მოუფრთხილდიო...