"საქართველოს პრეზიდენტი არის დამნაშავე-პროვოკატორი. ახია ჩემზე, რადგან ბევრი ვიწვალე მისი გაპრეზიდენტებისთვის“, - ამის შესახებ "2020News"-ს “ქართული ოცნების" წევრმა ირმა ზავრადაშვილმა  ექსკლუზიურად განუცხადა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ დეპუტატი ზავრადაშვილი საქართველოს პირველი პირის მოხსენებას პროტესტით შეხვდა და პრეზიდენტს საუბარი რამდენჯერმე შეაწყვეტინა. მან, პროტესტის ნიშნად, სხდომათა დარბაზიც კი დატოვა, მაგრამ მიზეზებზე მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

თუმცა, “2020News”-თან ექსკლუზიურ საუბარში ზავრადაშვილმა ზურაბიშვილი დეპოლარიზაციის პროცესის გარღვევაში დაადანაშაულა და თან აღნიშნა, რომ პრეზიდენტის აზრი უმნიშვნელო და უინტერესოა.

“საქართველოს პრეზიდენტმა იკადრა ის, რაც არ უნდა ეკადრებინა. მან გააღრმავა დეპოლარიზაცია და ოფიციალურად რადიკალური ნაციონალური ომის პარტიის ნარატივზე დაჯდა. მართლა ახია ჩემზე, რადგან პირადად მე ძალიან ბევრი ვიწვალე, რომ პრეზიდენტი გამხდარიყო. მან ძალიან ცუდი და არასწორი განცხადებები გააკეთა, თუმცა სიმართლე გითხრათ, მისი განცხადებები საერთოდაც არ არის საინტერესო და მნიშვნელოვანი.

პრეზიდენტს არ აქვს უფლება საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულოს ან რაიმე ქმედებები დაუწუნოს. "ქართული ოცნების" განსჯის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს აქვს", - განაცხადა სააგენტოსთან ექსკლუზიური საუბრისას ზავრადაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს პირველი პირი რადიკალური ოპოზიციის ნარატივით მოქმედებს და მის ქმედებებს არაფერი აქვს საერთო საქართველოს კეთილდღეობასთან. 

“სალომე არის დამნაშავე, პროვოკატორი, რადგან უარგუმენტოდ და უაპელაციოდ დებს ბრალს ,,ქართულ ოცნებას" და მას რუსულ ხელისუფლებას უწოდებს. პრეზიდენტი რადიკალური ოპოზიციის ნარატივით მოქმედებს და მას არაფერი აქვს საერთო საქართველოს კეთილდღეობასთან". - აცხადებს დეპუტატი.

შეგახსენებთ, დღეს, საქართველოს პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებით ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წარსდგა. პრეზიდენტის თქმით, „ქართული ოცნების“ „მოდელირებული სცენარები“ ძალიან ჰგავს წინა ხელისუფლების ქმედებებს და საეჭვოდ ემთხვევა „სეპარატისტების გზავნილებს“.

 

ხატია მამულია