"2020NEWS”-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, "ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის  პირადი ექს-ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი ახალ პოლიტიკურ პარტიას ქმნის. ახალი პარტიის მომავალ წევრებთან კონსულტაციები უკვე დაწყებულია.

"2020NEWS”-ს სანდო წყარომ აცნობა, რომ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში ბევრი, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახე იქნება. ახალი პარტიის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში იგეგმება.

სააგენტოს დაჟინებული მცდელობის მიუხედავად, ვიქტორ ყიფიანი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს და კითხვებს არ პასუხობს. შესაბამისად, ჯერჯერობით მხოლოდ უნდა ვივარაუდოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ახალ პოლიტიკურ პროექტს იწყებს.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ყიფიანი და მისი იურიდიული კომპანია „ემ ქეი დი“ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავდა შვეიცარიულ  ბანკ „კრედიტ სუისთან“ ფინანსურ დავაში. იმის მიუხედავად, რომ ივანიშვილს აღნიშნული დავა ამ დრომდე არ დაუსრულებია, ოლიგარქმა ყიფიანის იურიდიულ კომპანიას კონტრაქტი ცოტა ხნის წინ შეუწყვიტა და ყიფიანი ამ საქმეს ჩამოშორდა.

ცნობისათვის, ვიქტორ ყიფიანი ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარეა. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული ორგანიზაციის ინტერესის სფეროს წარმოადგენს საერთაშორისო ურთიერთობები, უსაფრთხოება, მმართველობა, გლობალური წესრიგი საქართველოსა და მის მიმდებარე რეგიონზე ზეგავლენასთან დაკავშირებული საკითხები, მაკროეკონომიკა. იგი რეგულარულად აშუქებს აღნიშნულ თემატიკას როგორ ქართულ, ისე უცხოურ მედიასაშუალებებში; რეგულარულად აკეთებს საქართველოში არსებული პოლიტიკური და გლობალური გეოპოლიტიკური ტენდენციებისა და მოვლენების ანალიზს; მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებში სპიკერისა და პრეზენტატორის ამპლუაში.

ვიქტორ ყიფიანი ხელმძღვანელობს სხვადასხვა სფეროს მაღალკვალიფიციური ექსპერტებისა და მკვლევარებისგან შემდგარ გუნდს, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს მაღალი დონის ექსპერტულ ცოდნას, გამჭვირვალე, მიუკერძოებელ და მკაფიო რეკომენდაციებს სთავაზობს.