ანალიტიკა
ჯოზეფ ბორელის ბლოგი - "არა, დრო რუსეთის მხარეს არაა"

1713205263

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის პირობებში ევროკავშირი ამ ეტაპისთვის სანქციების 13 პაკეტზეა ერთხმად შეთანხმებული. ეს ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესების ყველაზე მასშტაბური ძალისხმევაა. აღნიშნული სანქციები ჩვენს მრავალ თანამოაზრე პარტნიორთანაც არის შეთანხმებული. ამის მიუხედავად, უკანასკნელ თვეებში ხშირად გვესმის, რომ ამ უპრეცედენტო სანქციებმა შეიძლება, არ იმუშაოს. ეს ხმები განსაკუთრებით ხმამაღლა მაშინ გაისმა, როცა რუსეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ 2023 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 3.6%-ით გაიზარდა.პუტინის რუსეთის ოფიციალური მონაცემები სიფრთხილით გადახედვას საჭიროებსუპირველესად, რუსეთის მსგავს ავტოკრატიაში, სადაც არ არსებობს ინფორმაციის თავისუფლება და შეკავებისა და გაწონასწორების სისტემა, ოფიციალური ციფრების ნდობასთან სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები ისევე საეჭვოა, როგორც უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. მეორე მხრივ, თავიდანვე ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ რუსეთის ეკონომიკა უკრაინაში შეჭრისთანავე ჩამოიშლებოდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ გამუდმებით ხაზს ვუსვამდით, რომ ჩვენი სანქციები დაუყოვნებლად არ მოიტანდა აშკარა შედეგებს და რომ მათი მიზანი იყო, საშუალო ვადაში შეესუსტებინა რუსეთის უნარი, ეწარმოებინა თავისი ომი. ახლა სწორედ ამის მომსწრენი ვხდებით.2023 წელს რუსეთში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა „ომისდროინდელი კეინზიანიზმის“ პოლიტიკის კლასიკური შედეგი იყო, რაც ჯერ კიდევ 1930-იანი წლების გერმანიაში ვიხილეთ. 2024 წელს თავდაცვის ხარჯების წინა წელთან შედარებით 70%-იანი ზრდის შედეგად, რუსეთის ბიუჯეტის დაახლოებით 30% და მშპ-ის 6% ახლა ოფიციალურად ეროვნულ თავდაცვას ხმარდება, რასაც ემატება მნიშვნელოვანი რესურსები, რომლებიც გასაიდუმლოებულ ხარჯადაა მონიშნული. სამხედრო და თავდაცვის ხარჯები საბჭოთა კავშირის პერიოდის ნიშნულს დაუბრუნდა.რუსეთის ეკონომიკა თავდაცვის ხარჯების სწრაფი ზრდით იკვებებარუსეთის ეკონომიკა იკვებება თავდაცვის ხარჯების სწრაფი ზრდით — მათ შორის ჯარისკაცებისა და უკრაინაში დაღუპულთა ოჯახებისთვის მიცემული მაღალი ფულადი კომპენსაციებით, რაც განსაკუთრებით ეხება შედარებით ღარიბ რეგიონებში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს. ეს დინამიკა რეგიონულ ეკონომიკურ დისბალანსზეც ისახება, რაც იმას ნიშნავს, რომ ძლიერი სამხედრო ინდუსტრიის მქონე ან უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში ომთან დაკავშირებული აქტივობების გამო უკეთესი ეკონომიკური სიტუაციაა.პუტინის რუსეთის მსგავს ავტორიტარულ რეჟიმში შედარებით მარტივია ეკონომიკის სამხედრო წარმოებაზე გადაწყობა, თუმცა ამას სხვა სექტორებისთვის უზარმაზარი ზარალი მოაქვს. ომის ეკონომიკაზე გადასვლა აუცილებლად გულისხმობს იმას, რომ განათლების, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, გზების, სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა თუ ენერგეტიკის სისტემებისთვის ნაკლები თანხა გამოიყოფა. ეს გადაწყობა უკვე აისახა ნეგატიურად რუსეთის რიგითი მოქალაქეების ცხოვრებაზე, რაც, მაგალითად,  გასულ ზამთარს რუსეთის რამდენიმე დასახლებაში ცენტრალური გათბობის სისტემების გაუმართაობით გამოვლინდა. თუ ომი გაგრძელდება, სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება.ჩვენი სანქციებიც უკვე ნეგატიურად აისახება რუსეთის საფულეზე. ქვანახშირსა და ნავთობზე ევროპის მიერ დაწესებული ემბარგოსა და ნავთობის ექსპორტზე დიდი შვიდეულის (G7) მიერ დადგენილი ზღვრული ფასის შედეგად, 2022 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული, შემოსავალი, რომელსაც რუსული ეკონომიკა წიაღისეული საწვავის ექსპორტიდან იღებს, განახევრდა. ჩვენი მიზანი არასოდეს ყოფილა ის, რომ რუსეთს წიაღისეული საწვავის ექსპორტი ვერ შესძლებოდა, რადგან ეს მსოფლიოს ენერგეტიკის ბაზრებზე უდიდეს კრიზისს გამოიწვევდა. სანაცვლოდ, ჩვენ გვსურდა, მნიშვნელოვნად შეგვემცირებინა შემოსავალი, რომელსაც რუსეთი ამგვარი ექსპორტისგან მიიღებდა და ჩვენ ამ მიზანს მივაღწიეთ. ეს სავაჭრო მონაცემებით დასტურდება: როგორც წიაღისეულის მსხვილ ექსპორტიორს, რუსეთს ტრადიციულად უდიდესი მოგება რჩებოდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში კი მოგების მაჩვენებელი თითქმის ნულამდე დავიდა.რუსეთში მაღალი ინფლაციაა2022 წელს რუსეთის ეკონომიკას ინფლაციის მწვავე ზრდაც შეეხო, რაც მეტწილად დასავლური სანქციებითაა გამოწვეული. 2023 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია საგრძნობლად შემცირდა, თუმცა 2023 წლის შუა პერიოდიდან კვლავ გაიზარდა. ამჟამად რუსეთში წლიური ინფლაციის დონე 8%-ს ამატებს, მაშინ, როცა ევროზონაში ეს მაჩვენებელი 2.6%-ს უტოლდება. ეს განსაკუთრებით საკვების ფასებზე ისახება: მაგალითად, 2023 წელს 40%-ით გაიზარდა ფასი კვერცხებზე, რაც მრავალი რუსისთვის ყოველდღიური რაციონის ნაწილია. საშუალო რუსული ოჯახისთვის საკვების ხარჯი მთლიანობაში 30%-ზე მეტით გაიზარდა.2022 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული რუბლიც მუდმივად უფასურდება. ეს გარემოება იმპორტს აძვირებს. რუსული ვალუტის ვარდნის შესაჩერებლად და ინფლაციის გამოსასწორებლად, რუსეთის ცენტრალური ბანკი იძულებული გახდა, მკვეთრად გაეზარდა თავისი მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთი, რაც ამჟამად წელიწადში 16%-ს უტოლდება და ევროპის ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთზე 3.5-ჯერ მაღალია. ომით გამოწვეული უდიდესი ხარჯი, იმპორტზე გაზრდილი ფასები და სამუშაო ბაზრის კრიზისი იმას ნიშნავს, რომ რუსეთში ინფლაცია მაღალი დარჩება, რაც ცენტრალურ ბანკს საპროცენტო განაკვეთის ასევე მაღალ დონეზე დატოვებას აიძულებს.„ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთები რუსეთში კერძო ინვესტიციებზე ნეგატიურად აისახება და თავად რუსეთის სახელმწიფოსაც უძნელებს სესხის აღებას. ინვესტიციათა შემდგომი სიმწირე რუსეთის ეკონომიკის მომავალზე სულ უფრო უარყოფით გავლენას მოახდენს“.იმავე დროს, ინვესტორებს რუსეთის ეკონომიკის მომავლისადმი იმდენად დაბალი ნდობა აქვთ, რომ რუსეთის მთავრობა იძულებულია,  თითქმის 14%-იანი წლიური საპროცენტო განაკვეთით აიღოს ათწლიანი სესხი. ამ დროს ევროზონაში შესაბამისი მაჩვენებელი საშუალოდ 2.9%-ს უტოლდება. რუსეთი უკვე განიცდის მნიშვნელოვან „კაპიტალის გაქცევას“ და ის სახელმწიფოებიც კი, რომლებსაც რუსეთი „მეგობარ ქვეყნებად“ მოიხსენიებს, რუსეთის მომავალზე ფსონის დადებას ერიდებიან. ასეთი მაღალი საპროცენტო განაკვეთები რუსეთში კერძო ინვესტიციებზე ნეგატიურად აისახება და თავად რუსეთის სახელმწიფოსაც უძნელებს სესხის აღებას. ინვესტიციათა შემდგომი სიმწირე რუსეთის ეკონომიკის მომავალზე სულ უფრო უარყოფით გავლენას მოახდენს.სანქციებისთვის გვერდის ავლის შეზღუდვაზე მუშაობააღიარებული ფაქტია, რომ რუსეთი ნაწილობრივ ახერხებს ჩვენი სანქციებისთვის გვერდის ავლას. ეს უპირველესად მიიღწევა რუსეთის მეზობლებთან იმ პროდუქციის ექსპორტით, რომელიც მერე რუსეთში ხელახალი ექსპორტით ხვდება. ამის საპასუხოდ, ჩვენ დიდი შვიდეულის სახელმწიფოებთან ერთად მუდამ ვმუშაობთ იმაზე, რომ შევზღუდოთ მსგავსი გვერდის ავლები. ამისათვის ჩვენი მიზანია, მიწოდების ჯაჭვში ჩართული ყველა მოთამაშე იყოს საკუთარ ქმედებებზე ანგარიშვალდებული — ეს განსაკუთრებით ეხება ბანკებს, რომლებიც მსგავს ტრანზაქციებში მონაწილეობენ. ჩვენი ეს ძალისხმევა სულ უფრო ეფექტიანი ხდება. სანქციებისთვის ნაწილობრივი გვერდის ავლის მიუხედავად, რუსეთისთვის სულ უფრო რთულდება ომის საწარმოებლად საჭირო პროდუქციის — განსაკუთრებით, მაღალტექნოლოგიური პროდუქტების შეძენა. 2022 წლის თებერვლამდე პერიოდთან შედარებით, რუსეთს დღეს საჭირო პროდუქციის მხოლოდ მცირე ნაწილის მოპოვება შეუძლია გაცილებით მაღალ ფასში."2022 წლის თებერვლამდე პერიოდთან შედარებით, რუსეთს დღეს საჭირო პროდუქციის მხოლოდ მცირე ნაწილის მოპოვება შეუძლია გაცილებით მაღალ ფასში“.ეს დაბრკოლება უკვე აისახება რუსეთის ოფიციალურ სტატისტიკაზე. უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაწყებიდან მოყოლებული, რუსეთის ეროვნულ ანგარიშებში საინვესტიციო ხარჯები 20%-ზე მეტით გაიზარდა. თუმცა ეს იმის ნიშანი არაა, რომ რუსეთის ეკონომიკა თავბრუდამხვევი სისწრაფით ახდენს მოდერნიზაციას. პირიქით, რეალური ინვესტირების მოცულობა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შემცირებულია. ინვესტირებაში დაფიქსირებული ეს ზრდა, ძირითადად, იმ წარმოების საშუალებების ფასის მკვეთრ მატებას ასახავს, რომელთა იმპორტირებასაც რუსეთი ჯერ კიდევ ახერხებს.როგორც აღვნიშნეთ, რუსეთის ავტორიტარულ რეჟიმს აქვს უნარი, ქვეყნის ეკონომიკა იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოებისკენ ერთბაშად მიმართოს. თუმცა ის გარემოება, რომ ომის საწარმოებლად საკმარისი დრონების, საბრძოლო მასალისა თუ სარაკეტო იარაღის შესაძენად რუსეთი ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მსგავს ქვეყნებზეა დამოკიდებული, იმასაც ცხადყოფს, თუ რამდენადაა შესუსტებული მისი ინდუსტრია დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად. ომის დაწყების მერე რუსეთში ავტომობილების წარმოება განახევრდა. კოსმოსური ინდუსტრია, რომლითაც ერთ დროს ქვეყანა ასე ამაყობდა, დიდ განსაცდელშია. საჰაერო ტრანსპორტი ერთობ სახიფათო გახდა, რადგან ქვეყანას მისი შეკეთება, პროგრამული უზრუნველყოფის განახლება და სათადარიგო ნაწილების მოპოვება უჭირს.რუსეთში შრომის ბაზრის მწვავე კრიზისიამეტიც, ქვეყანაში, სადაც მოსახლეობა სწრაფად ბერდება და დემოგრაფიული მაჩვენებელი ჯერ კიდევ 2000 წლიდან  უარესდებოდა, 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული ასობით ათასი კვალიფიცირებული ახალგაზრდის გადინებამ, რასაც ომში გაწვეული, დაღუპული თუ დახეიბრებული ასობით ათასი ადამიანი ერთვის, შრომის ბაზარზე მწვავე კრიზისი გამოიწვია. ამ კრიზისის შესარბილებლად რუსეთის მთავრობამ ცენტრალური აზიიდან იმიგრაციას გაუხსნა კარი. თუმცა „კროკუსის“ საკონცერტო დარბაზზე მომხდარი ტრაგიკული ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, რომელზე პასუხისმგებლობაც „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, ამ იმიგრანტებიდან მრავალი უკან გააბრუნეს, რამაც რუსეთში მუშახელის კრიზისი კიდევ უფრო გაამძაფრა.უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შედეგად, რუსეთის ეკონომიკა ისე, როგორც არასდროს არის დამოკიდებული საბაზისო პროდუქტის საშუალო და მაღალტექნოლოგიურ საქონელზე გადაცვლაზე, რასაც ხშირად დაკლებული ფასით აკეთებს. ჩინეთი მის ამ სისუსტეს იმისთვის იყენებს, რომ ქვეყნისგან ნავთობი იაფად შეიძინოს. ის ასევე ცდილობს, რაც შეიძლება მეტი საქონელი გაიტანოს რუსეთში, რომელიც თავის დიდ მეზობელზე სულ უფრო დამოკიდებული ხდება. ამჟამად რუსეთის იმპორტის დაახლოებით 50% ჩინეთიდან მოდის.ჩვენმა სანქციებმა რუსეთის ეკონომიკა მნიშვნელოვნად შეასუსტარომ შევაჯამოთ, მოსაზრება, თითქოს რუსეთის ეკონომიკა დასავლურ სანქციებს გაუძლებს და რომ მის მიერ წარმოებულ აგრესიულ ომში დრო რუსეთის მხარესაა, კრიტიკას ვერ უძლებს. თუ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისთვის ეკონომიკური და სამხედრო დახმარების გაწევას — განსაკუთრებით მისი საბრძოლო მასალით მომარაგების მხრივ — მას გამარჯვება ძალუძს. რუსეთი, რომლის მოსახლეობაც, მართალია, სამჯერ უფრო დიდია, სინამდვილეში, ჩვენი სანქციების შედეგად მნიშვნელოვნად დასუსტებულია. დროის სვლასთან ერთად ამ სანქციების ეფექტი სულ უფრო საგრძნობი გახდება, რადგან ადამიანური კაპიტალი იწურება, ინვესტიციების მოცულობა და ხარისხი მცირდება და რუსეთს აღარ მიუწვდება ხელი იმ მაღალ ტექნოლოგიაზე, რომელიც მისი მომავლის უზრუნველსაყოფადაა საჭირო.ბლოგის ავტორი: ჯოზეფ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროებში / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტიhttps://euneighbourseast.eu 

"მოვიგერიეთ, შევაკავეთ, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ" - ისრაელზე ირანის საჰაერო თავდასხმის შედეგები

1713081056

ირანმა 13 აპრილს, გვიან ღამით, ისრაელის მიმართულებით პირველი თავდასხმის დრონები გაუშვა. ეს ნაბიჯი სირიაში ირანის საკონსულოს შენობაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის პასუხი იყო, რომელსაც ირანელი გენერალი ემსხვერპლა.IDF-მა საჰაერო თავდაცვის სისტემების სრული მზადყოფნა გამოაცხადა. პარალელურად ისრაელმა, ასევე იორდანიამ, ერაყმა და ირანმა საჰაერო სივრცე დაკეტეს.ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოქალაქეებისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ ისრაელი მზად იყო ირანიდან თავდასხმისთვის.აშშ-ის პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭომ დაადასტურა ისრაელის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმის დაწყება. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისთვის.IDF-ის განცხადებით, ისრაელის სამხედროებმა ირანიდან გაშვებული 100-ზე მეტი დრონი დაადგინეს და მათ მოძრაობას თვალყურს ადევნებენ. ჟურნალისტების თქმით, ისრაელის დაზვერვამ დააფიქსირა უპილოტო საფრენი აპარატის გაშვება ასევე ერაყიდან.მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იორდანია, მზად არის ჩამოაგდოს ირანის სამიზნეები მის საჰაერო სივრცეში და რომ ისრაელის თვითმფრინავები უკვე ანადგურებენ ირანულ დრონებს იორდანიის თავზე.ამავდროულად, ირანის თავდაცვის მინისტრმა გააფრთხილა მეზობელი ქვეყნები, რომ ნებისმიერი მათგანი, ვინც თავის საჰაერო სივრცეს გაუხსნის ისრაელის საჰაერო ძალებს დრონების ჩამოსადგებად, სამიზნე იქნება.IDF-მა ჩრდილოეთ გოლანის მაღლობების, სამხრეთ ისრაელის ნევატიმის ტერიტორიის და ქალაქების დიმონას და ეილათის მოსახლეობას უბრძანა, შემდგომი გაფრთხილებამდე დარჩენილიყვნენ თავშესაფრებში.ისრაელის რამდენიმე რეგიონში საჰაერო თავდასხმის შესახებ განგაში გამოცხადდა, იერუსალიმსა და სხვა ქალაქებში აფეთქებების ხმა ისმოდა.საჰაერო თავდასხმის დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ გაჩნდა ცნობები პირველი ჩამოგდებული ირანული დრონების და ბალისტიკური რაკეტების შესახებ იერუსალიმის და სხვა ქალაქების ცაზე. ამერიკულმა თვითმფრინავებმა და გამანადგურებლებმა, ბრიტანეთის მხარდაჭერით, მონაწილეობა მიიღეს დრონების და რაკეტების ჩაჭრაში.პარალელურად გაეროში ირანის დელეგაციამ განაცხადა, რომ თეირანი აპირებდა შემოიფარგლოს ისრაელის ტერიტორიაზე დარტყმების ტალღით. ამავდროულად, დელეგაციამ ხაზი გაუსვა, რომ შეტევების ახალი ტალღები შესაძლებელია, თუ ისრაელი „რამე სისულელეს გააკეთებს“, რაც ნიშნავს პასუხს დღეს უკვე მიყენებულ დარტყმებზე.IDF-ის ცნობით, ირანმა თავდასხმის დროს გამოიყენა 200-ზე მეტი დრონი. ამერიკული მედია, აშშ-ში წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ირანმა ასევე 150-მდე რაკეტა ესროლა ისრაელს. აღნიშნულია, რომ ისინი რამდენიმე "ტალღად“ გაისროლეს: ჯერ დაახლოებით 80, შემდეგ კი დამატებით 70 რაკეტა.ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ საჰაერო სამიზნეების "აბსოლუტური უმრავლესობა" იქნა შეჩერებული. აშშ-მა განაცხადა, რომ ჩამოგდებული იქნა "თითქმის ყველა" დრონი და რაკეტა.IDF-ის სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ დარტყმამ მცირე ზიანი მიაყენა სამხედრო ბაზას სამხრეთ ისრაელში.მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ათზე მეტი ფრთოსანი რაკეტა და ათეულობით დრონი იქნა ჩაჭრილი. მისი თქმით, გასროლილი იქნა 200-ზე მეტი რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი.გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა დაგმო "სერიოზული ესკალაცია, რომელიც გამოწვეულია ირანის მიერ ისრაელზე ფართომასშტაბიანი თავდასხმით". ”მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ არც რეგიონს და არც მსოფლიოს არ შეუძლია დაუშვას მორიგი ომი”, - აღნიშნა მან.გაეროს უშიშროების საბჭო დღეს ირანის თავდასხმასთან დაკავშირებით შეიკრიბება.აშშ-ის კონგრესში ირანის თავდასხმამ გამოიწვია ახალი ორპარტიული მოწოდებები უცხოური დახმარების პაკეტის შესახებ. სავარაუდოდ, წარმომადგენელთა პალატა მომავალ კვირას განიხილავს კანონპროექტს ისრაელის მხარდასაჭერად. ეს შეიძლება იყოს იგივე კანონპროექტი, რომელიც ასევე ითვალისწინებს 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის.პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ შეკრებს G7-ის ლიდერებს, რათა კოორდინირება გაუწიონ "ერთობლივ დიპლომატიური პასუხის გაცემას ირანის თავხედურ თავდასხმაზე".ისრაელის მედია წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ისრაელი გეგმავს "სერიოზულ პასუხს" ირანიდან დრონების უპრეცედენტო გაშვებაზე.ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ზოგიერთი მაღალი რანგის ოფიციალური პირი თითქოს, შეშფოთებულია, რომ ისრაელმა შესაძლოა, რაიმე სწრაფად გააკეთოს ირანის თავდასხმების საპასუხოდ, შესაძლო შედეგებზე ფიქრის გარეშე.მედიის ცნობით, ისრაელმა პირობა დადო, რომ კოორდინაციას გაუწევს პასუხს თავის მოკავშირეებთან.ირანის თავდასხმიდან შვიდი საათის შემდეგ, ისრაელმა საჰაერო სივრცე გახსნა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაგმო ირანის თავდასხმა ისრაელზე და განაცხადა, რომ ისრაელს მათი მიმართულებით გაშვებული დრონების და რაკეტების ჩამოგდებაში ამერიკული ძალები დაეხმარნენ."ვგმობ ამ თავდასხმებს მაქსიმალურად მკაცრად. ჩემი მითითებით, ისრაელის თავდაცვის მხარდასაჭერად, აშშ-ის სამხედროებმა, გასული კვირის განმავლობაში, რეგიონში საჰაერო ხომალდები და ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი გამანადგურებლები გადაიტანეს. ამ განლაგებისა და ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების არაჩვეულებრივი ოსტატობის წყალობით, ჩვენ დავეხმარეთ ისრაელს ჩამოეგდო თითქმის ყველა დრონი და რაკეტა", - განაცხადა ბაიდენმა.ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა მადლიერება გამოხატა სამხედროებისა და ისრაელის მოკავშირეების მიმართ, ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული თითქმის ყველა რაკეტისა და დრონის მოგერიებისთვის."დალოცვილები იყავით ძვირფასო ჯარისკაცებო, ისრაელის თავდაცვის ძალებო. გლოცავთ ერების კოალიციავ, რომელსაც აშშ და პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელმძღვანელობს. დაგლოცავთ თქვენ, ისრაელელო ხალხო, განსაკუთრებული გამძლეობის გამოვლენისთვის. სიკეთის ძალები ერთად დაამარცხებენ ბოროტ ძალებს", - წერს ისრაელის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში."მოვიგერიეთ, შევაკავეთ, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ", - წერს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.

"დასავლელ პარტნიორებზეა დამოკიდებული, წააგებს თუ მოიგებს უკრაინა და რამდენი მსხვერპლი იქნება"

1708890054

ზელენსკის განცხადებით, უკრაინას არ სურს მას მოლაპარაკებების რაიმე ფორმატი ან სამშვიდობო ფორმულები თავს მოახვიონ."ინიციატივა შეიძლება იყოს მხოლოდ უკრაინიდან... და დღეს ჩვენ მივედით პირველი (მშვიდობის) სამიტის მომენტამდე. პირველი სამიტი, იქნება, იმედია, გაზაფხულზე, არ შეიძლება დავკარგოთ დიპლომატიური ინიციატივა, ეს იქნება შვეიცარიაში. მეორე სამიტი ჩვენ გვინდა, რომ იყოს, ალბათ, არა ევროპის კონტინენტზე, არამედ სხვაგან... ვფიქრობ, რომ ეს ინფორმაცია უახლოეს კვირებსა და თვეებში აუცილებლად გამოჩნდება”, - განაცხადა ზელენსკიმ.მისი თქმით, პირველ სამიტზე შემუშავდება გეგმა, შემდეგ კი ტექნიკურად ქვეყნები გაუმკლავდებიან თითოეულ კრიზისს, რომელიც ომმა გამოიწვია და მოამზადებენ დოკუმენტს, როგორც ეს იყო მარცვლეულის ინიციატივის შემთხვევაში, ანუ არა პირდაპირ რუსეთთან."ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი მიიღებს ამ დოკუმენტს. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვამბობთ, რომ ამ დოკუმენტს მოლაპარაკების მონაწილეები ამა თუ იმ ფორმატში წარუდგენენ რუსულ მხარეს და ჩვენ მზად ვიქნებით მეორე სამიტისთვის შესაბამისი დიპლომატიური ნაბიჯებით სამართლიანი მშვიდობისა და ომის დასრულებისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.ზელენსკის ჰკითხეს, ხომ არ წააგებს უკრაინა ამ ომს და ხომ არ მოვიდა პუტინთან საუბრის დრო იმის გათვალისწინებით, რომ ნოემბერში შეერთებულ შტატებში არჩევნები იქნება და შესაძლოა, იქ ლიდერი შეიცვალოს."წააგებს თუ არა უკრაინა ამ ომში? დარწმუნებული ვარ, არა. ყველაზე რთული იყო 24 თებერვალი ორი წლის წინ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არ გვაქვს ალტერნატივა, რომ არ მოვიგოთ, არ გვაქვს წაგების შესაძლებლობა. რა მოხდება, თუ უკრაინა წააგებს? ჩვენ არ ვიქნებით, არ ვიარსებებთ, ამიტომ ასეთი დასასრული არ გვიწყობს", - განაცხადა ზელენსკიმ.მისი თქმით, დასავლელ პარტნიორებზეა დამოკიდებული, წააგებს თუ მოიგებს უკრაინა და რამდენი მსხვერპლი იქნება. თუ უკრაინა ძლიერი იქნება, მაშინ პუტინის ყოველდღიური უკან დახევა ნამდვილად დიდ გავლენას მოახდენს მის საზოგადოებაზე."მაშინ ის იფიქრებს შიდა უსაფრთხოებაზე. თუ გადავხედავთ გზავნილებს, რომლებსაც პუტინი გვაძლევს, დღეს ის მუშაობს გეგმებითა და ციფრებით და საუბრობს 2030 წლის გეგმებზე. ის საკუთარ თავს ხედავს 2030 წლამდე და ჩვენ გვსურს ეს ადრე დავასრულოთ", - განაცხადა ზელენსკიმ.კითხვაზე, შეიცვალა თუ არა უკრაინის გამარჯვების ხედვა ბოლო ორი წლის განმავლობაში, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომი ცვლის ქვეყანას, ხალხი იღლება და მძიმდება."უკრაინელებს არ აქვთ ალტერნატივა, გარდა იმისა, რომ თავად აირჩიონ უსაფრთხოება. და ეს უნდა იყოს ჩვენ მიერ გარანტირებული, შიდა უსაფრთხოება, ძალიან ძლიერი არმია, სანამ ნატოში არ ვართ, ასევე უსაფრთხოების გარანტიები ჩვენი პარტნიორებისგან. გარანტიები, რომელმაც უნდა დაგვიცვას იქამდე, ვიდრე ალიანსში არ ვართ", - განაცხადა ზელენსკიმ.უკრაინის პრეზიდენტმა საფრანგეთთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას კარგი შეთანხმება უწოდა, რამდენიმე დეტალი დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ ინიციატივები საფრანგეთის ლიდერისგან უნდა მოდიოდეს."თქვენ იცით, რომ ჩვენ ველოდებით ემანუელ მაკრონის ჩამოსვლას უკრაინაში და ის აქ იქნება. როდის, უსაფრთხოების გამო კონკრეტულ თარიღს არ ვამბობ, მაგრამ ის მალე იქნება. ვფიქრობ, კიდევ რამდენიმე დეტალი მხარდაჭერასთან დაკავშირებით გამოჩნდება უკრაინა, მნიშვნელოვანი და ახალი“, - აღნიშნა მან.მისივე თქმით, საფრანგეთი უკვე დაჰპირდა უკრაინას რამდენიმე ათეულ Caesar-ს, თუმცა მაკრონის უკრაინაში ჩასვლის შემდეგ კიდევ რამდენიმე სიახლე გაჟღერდება.რაც შეეხება აშშ-ის დახმარებას, ზელენსკის განცხადებით, კონგრესიდან იმედი არსებობს."კონგრესის მხარდაჭერის იმედი გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ იქნება პოზიტიური. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე საერთოდ არ მესმის, როგორ სამყაროში ვიწყებთ ცხოვრებას. მათ იციან, რომ ჩვენ მხარდაჭერა გვჭირდება თვის განმავლობაში, შევხვდი სენატორებს... პრეზიდენტს, ხელისუფლებას და ოპოზიციას, მათ იციან, რომ ეს გადაწყვეტილება ერთ თვეში გვჭირდება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.პოლონეთის მიერ საზღვრის ბლოკადის და გაფანტული მარცვლეულის ინციდენტებთან დაკავშირებით შეკითხვაზე პასუხის გაცემისას ზელენსკიმ გაიხსენა, რომ 2023 წლის აპრილიდან ამბობდა, რომ ეს იყო პოლიტიკური ამბავი, რაც ქვეყანაში არჩევნების შემდეგ არ შეცვლილა."მე მესმის, რომ პოლონეთში შიდა ბრძოლაა. მე ნამდვილად არ ვისურვებდი, რომ პოლიტიკოსებმა ეს გააკეთონ... უკრაინის გამოყენება ევროპულ ინსტიტუტებზე ზეწოლად უბრალოდ უსამართლოა. მე მჯერა, რომ პრემიერ-მინისტრები იპოვიან შესაბამის ნაბიჯებს. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ალიანსი პოლონეთთან, თუ ნაბიჯები არ გადაიდგა, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ბიზნესს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.მისივე თქმით, გასული წლის დასაწყისში და ამ წლის ბოლოს ფრონტზე რუსების მიერ არტილერიის გამოყენების ინტენსივობა სადღაც 1:12 იყო. ახლა არის დაახლოებით 1:7, მტრის უპირატესობა შემცირდა, მაგრამ ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია, ამიტომ უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევაზე საუბარი ნაადრევია."უნდა მივიდეთ იმ მომენტამდე, როცა კონტრშეტევითი მოქმედებები გვქონდა, სადაც 1:1.5, 1:3 წავედით. მაშინ ჩვენ შევძლებთ რუსების უკან დახევას. სანამ ასეთი რიცხვები არ იქნება, ჩვენ შეგვიძლია დავდგეთ ან დავკარგოთ 50-100 მეტრი სამწუხაროდ, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ სამხედროები სტრატეგიულად წყვეტენ, რომ სტრატეგიულად უფრო მნიშვნელოვანია ხალხი არ დაკარგოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.მისი თქმით, ავდეევკა რუსეთისთვის უფრო პოლიტიკურ გამარჯვებად იქცა და როგორც კი იქნება 1:1 თანაფარდობა იარაღში, უკრაინა აჩვენებს შედეგს.კითხვაზე, რა მოხდება, თუ უკრაინა ერთ თვეში არ მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას კონგრესისგან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს არ არის ფინანსური რეზერვების, არამედ იარაღის საკითხი."გესმით, რა შედეგი მოჰყვება, უბრალოდ, ბრძოლის ველზე დავსუსტდებით, აქ რა იქნება, ვერ ვიტყვი, რეზერვი არ მაქვს, გვაქვს ის იარაღი, რაც გვაქვს, სხვა შესაძლებლობებს ვეძებთ. იარაღის ყიდვა... პარტნიორებზე ზეწოლა... ეს არის კონკრეტული იარაღის პაკეტების საკითხი. პატრიოტის სისტემა 1,5 მილიარდი დოლარი ღირს, მაგრამ აშშ-ის გარეშე ვერ იყიდით, ეს არის პასუხი, შესაძლებელია თუ არა საჰაერო თავდაცვის გაძლიერება აშშ-ის გარეშე? არა, მსოფლიოში არ არსებობს შესაბამისი სისტემები. რა არის მსოფლიოში ალტერნატივა - ძალიან მცირე რაოდენობით, ძალიან ბევრი", - განაცხადა ზელენსკიმ.ზელენსკი არ არის დარწმუნებული, რომ თუ შეერთებული შტატები შეწყვეტს სამხედრო მიწოდებას, მაშინ ევროპა შეძლებს მათ ჩანაცვლებას.„შეიძლება თუ არა გერმანიას მოგვცეს თავისი საჰაერო თავდაცვის სისტემები? არ ვიცი, არ ვარ დარწმუნებული, რომ გერმანიის საზოგადოება მზად არის საჰაერო თავდაცვის ყველა სისტემა მოგვცეს. შორი მოქმედების იარაღთან დაკავშირებით სხვა საკითხია, ვიმუშავებთ... რაც შეეხება იტალიას, მადლობელი ვარ პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის. დეტალურად ვიცი რაც აქვს იტალიას... მაგრამ ყველაფერი იტალიაზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ ვსაუბრობთ G7 ქვეყნებზე, სხვა ქვეყნებზე, რომლებსაც შეუძლიათ უზრუნველყონ, შესაძლოა არა პატრიოტის კომპლექსები, მაგრამ არის SAMP-T, IRIS-T, HAWK, ბევრი რამ არის ხელმისაწვდომი სხვადასხვა ქვეყანაში. მაგრამ საკმარისი იქნება თუ არა ეს, ვერ ვიტყვი. მაგრამ კარგი იქნებოდა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ევროპა იცვლება და დაიწყო უკრაინისთვის საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდა, თუმცა მთავარი საკითხი არ არის საბრძოლო მასალა, არამედ ევროპული საზოგადოებების მოუმზადებლობა რუსეთთან ომისთვის.მან ასევე კომენტარი გააკეთა მობილიზაციის შესახებ ახალი კანონის მიღების დროზე."რაც შეეხება კანონს... 3000 შესწორებაა. დეპუტატებმა იმუშაონ და შემდეგ უპასუხონ ქვეყანას, რა იქნება შემდეგ", - აღნიშნა ზელენსკიმ.როდესაც უკრაინის დანაკარგების დასახელება სთხოვეს, ზელენსკიმ ჯერ უპასუხა, რომ არ იცოდა, ჰქონდა თუ არა ამის უფლება, შემდეგ კი აღნიშნა, რომ ინფორმაცია, თითქოს საუბარია ასიათასობით დაღუპულზე, რომელსაც დასავლური და რუსული მედია ავრცელებს, სიცრუეა."ჩვენთვის ყველა ადამიანი დიდი დანაკლისია. 31 ათასი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა ამ ომში. არა 300 ათასი, ან 150 ათასი, როგორც პუტინი იტყუება, მაგრამ ყოველი დანაკარგი ჩვენთვის დიდი დანაკარგია. რუსები - 180 ათასი დაიღუპა. უკრაინელები - 31 ათასი დაიჭრა. არ ვიტყვი იმათგან რამდენი დაჭრილია, რადგან რუსეთს ეცოდინება, რამდენი დატოვა ბრძოლის ველი", - განაცხადა ზელენსკიმ.პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინაში უგზო-უკვლოდ დაკარგულები არიან, თუმცა ეს რიცხვი ჯერ არ გახდება ცნობილი."წარსულმა გაცვლებმა აჩვენა, რომ რამდენიმე დაკარგული ბიჭი ცოცხლად დაბრუნდა. ჩვენ არ ვიცით, რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს მათ (ოკუპირებულ ტერიტორიებზე). გავარკვევთ, როდესაც დავასრულებთ რუსეთს", - განაცხადა ზელენსკიმ.რაც შეეხება უკრაინის ნატოში მიწვევის საკითხს, რომლის იმედიც  ქვეყანას ვაშინგტონში მომავალ სამიტზე აქვს, ზელენსკის თქმით, ეს საკვანძო ქვეყნებზეა დამოკიდებული."მე არ მინდა სიტყვებით თამაში. დღეს ეს გადაწყვეტილება აშშ-სა და გერმანიაზეა დამოკიდებული, ეს ფაქტია. მე ვერ ვხედავ რისკებს უკრაინის ნატოში მოწვევაში და მესმის, ეს რისკები ჟღერს, და ვფიქრობ, ეს პუტინის რეაქციის არაადეკვატურობასთან არის დაკავშირებული. ამ ნაბიჯში, ვფიქრობ, არ არსებობს რისკები“, - განაცხადა ზელენსკიმ.ზელენსკიმ ასევე უკრაინისთვის Taurus რაკეტების და Mirage 2000 გამანადგურებლების მიწოდების შესახებ ისაუბრა."ასე ვიტყვი: აშშ, შემდეგ გერმანია და ა.შ. მე არ ვამბობ, რომ კანცლერი პრეზიდენტზეა დამოკიდებული, მაგრამ თანმიმდევრობა ყოველთვის ასეთი იყო.  ვინაიდან მე ვარ პოზიტიური განწყობით შეერთებულ შტატებთან მიმართებაში, მჯერა, რომ ყველგან გვექნება შედეგი", - განაცხადა პრეზიდენტმა.მან ასევე დაადასტურა, რომ უკრაინა მოლაპარაკებებს აწარმოებს ფრანგული Mirage 2000 მებრძოლების მიწოდებაზე.ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრას უახლოეს მომავალში არ იგეგმება. მაგრამ არის კონტაქტი სხვადასხვა დონეზე."ის, თურქეთი, კატარი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ქვეყნები, რომლებთანაც ვმუშაობთ სიების გაცვლის მიზნით. ყირიმელი თათრები, ყირიმელები, ჟურნალისტები, პოლიტპატიმრები, სამწუხაროდ, ბევრი განსხვავებული ადამიანია დატყვევებული. ჩვენ ვმუშაობთ ოთხი ქვეყნის წრეში", - განაცხადა პრეზიდენტმა.პრეზიდენტმა ასევე უპასუხა კითხვას, აიღებდა თუ არა ტელეფონს, თუ პუტინი დაურეკავდა."მობილური არ აქვს, როგორ დამირეკავს, მე კი ტელეგრაფთან 1917 წლიდან არ ვმუშაობ. არ დამირეკავს, ომის დასრულება არ უნდა, დღეს ასეა. არმიის დასუსტება ბრძოლის ველზე, პოლიტიკური იზოლაციის გაზრდა მსოფლიოში, მათი დასუსტება სანქციებით... მართალი გითხრათ, ეს ყველაფერი პუტინის გაღატაკებაზეა, მისთვის ფული ნომერ პირველია... ის უზრუნველყოფს ფულის უსაფრთხოებას, თუნდაც საზღვარგარეთ გაყინული... ვფიქრობ, ეს მისი სუსტი წერტილია. თუ პარტნიორი ქვეყნები უკრაინას გაყინულ თანხებს გადარიცხავენ, ეს პუტინს დაასუსტებს. მერე ყველას დაურეკავს და მოძებნის გზებს როგორ დაასრულოს ომი“, - განაცხადა ზელენსკიმ.პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ფრონტზე ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის, მაგრამ ბევრი რამ პარტნიორებზეა დამოკიდებული."მთავარია, გეგმა გვქონდეს და ჩვენ გვაქვს ეს გეგმა. დეტალებს ვერ დავასახელებ... რაც უფრო ცოტამ იცის უკრაინის არმიის გეგმები, მით უფრო სწრაფი იქნება გამარჯვება. ჩვენი გეგმები გასულ შემოდგომაზე კრემლის მაგიდა იყო კონტრშეტევის დაწყებამდე. წერტილი“, - განაცხადა ზელენსკიმ.2024 წლის ახალი შესაძლო კონტრშეტევის შესახებ კითხვაზე, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არსებობს მკაფიო გეგმა, მაგრამ დეტალებს ვერ ასახელებს.„გეგმა დაკავშირებულია ხელმძღვანელობასთან. ინფორმაციის გაჟონვის გამო რამდენიმე გეგმა მომზადდება. აბა, რატომ ვცვლი ვინმეს (საუბარია ვალერი ზალუჟნის ნაცვლად ალექსანდრე სირსკის დანიშვნაზეა), ეს ჩვენი შიდა საკითხებია", - აღნიშნა მან.ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ალექსანდრე სირსკი და რუსტემ უმეროვი პასუხისმგებელი იქნებიან თავდაცვის ახალ ხაზებზე. აუდიტის შემდეგ კი გაირკვევა სად არის სუსტი მხარეები."სხვათა შორის, რამდენადაც მე ვიცი, კუპიანსკის მიმართულებით ყველაფერი უმაღლეს დონეზე გაკეთდა და ის მაგალითს აძლევს სხვა მიმართულებებს", - აღნიშნა მან.მისივე თქმით, უკრაინა არ აწარმოებს მოლაპარაკებებს პარტნიორებთან მათი ჯარების ჩართვაზე უკრაინის ტერიტორიაზე ომში."თუ უკრაინა ნატოში იქნება, მაშინ ჩვენ შესაბამისად გამოვიყენებთ მე-5 შესწორებას (კოლექტიური უსაფრთხოება). თუმცა, გამოცდილებიდან ვხედავთ, რომ რუსეთი არ ესხმის თავს ნატოში მყოფ არცერთ ქვეყანას", განაცხადა პრეზიდენტმა.როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინას უახლოეს თვეებში ძალიან რთული პერიოდი ექნება აშშ-ში ყოყმანის გამო, რაც გავლენას ახდენს ზოგიერთი სხვა სახელმწიფოს მხარდაჭერაზე."მარტ-აპრილში გაგვიჭირდება, ისეთი ტალღების პერიოდს გავივლით, როგორც პოლიტიკური, ასევე ფინანსური, სხვადასხვა ზეწოლის, რუსეთი მოამზადებს შეტევას ზაფხულის დასაწყისში ან მაისის ბოლოს, თუ ისინი შეძლებენ. ისინი მოემზადებიან, ჩვენ მოვემზადებით ბრძოლისთვის... ჩვენი მხრივ, ჩვენ მოვამზადებთ ჩვენს გეგმას და მივყვებით მას. გარდამტეხი იქნება არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში და იმ მომენტიდან ჩვენ გავიგებთ რა იქნება შემდეგ", - განაცხადა ზელენსკიმ. 

ვითარება აღმოსავლეთში - ემუქრება თუ არა მსოფლიოს ახალი დიდი ომი

1705644179

16 იანვარს ირანმა სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა პაკისტანის სასაზღვრო პროვინცია ბელუჯისტანზე. იქ ცხოვრობენ ბელუჯები - სუნიტი მუსლიმები, რომლებიც ასევე ცხოვრობენ ირანსა და ავღანეთში. 1970-იანი წლებიდან მოყოლებული, ბელუჯებს შორის იყო სეპარატისტული მოძრაობები, რომლებიც მიზნად ისახავდნენ დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას.ერთ-ერთი ასეთი დაჯგუფების ბაზებზე, რომელიც ძირითადად ირანის ტერიტორიაზე მოქმედებს და თეირანის მიერ დარტყმის სამიზნედ გამოცხადდა, თითქოს თავდასხმა განხორციელდა  პაკისტანის მიმდებარე ტერიტორიაზე. ისლამაბადმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ, მათ შორის ორი ბავშვი დაიღუპა.არაკოორდინირებულმა და მოულოდნელმა თავდასხმამ, გამოიწვია პაკისტანის რეაქცია, როგორც დიპლომატიურ, ისე სამხედრო დონეზე. ხუთშაბათს პაკისტანელებმა საპასუხო დარტყმები განახორციელეს ირანის ტერიტორიაზე - ისევ, თითქოს ბელუჯისტანის სეპარატისტების ბაზების წინააღმდეგ. თეირანის ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი.როგორც CNN აღნიშნავს, ირანი და პაკისტანი დიდი ხანია, ებრძვიან ბელუჯისტანის სეპარატისტულ დაჯგუფებებს, თითოეული თავის მხარეს, მაგრამ ერთმანეთის ტერიტორიებზე დარტყმა "უაღრესად უჩვეულო" ინციდენტია.თუმცა, ირანსა და პაკისტანს შორის (რომელიც ასევე ფლობს ბირთვულ იარაღს) მკვეთრ ესკალაციას არ უნდა ველოდოთ. თეირანმა და ისლამაბადმა გამოაქვეყნეს ხაზგასმულად შემრიგებლური განცხადებები, რომლებიც ერთმანეთს "მეგობრულ" და "ძმურ" ქვეყნებსაც კი უწოდებდნენ.პაკისტანზე თავდასხმა არ არის ერთადერთი შემთხვევა ბოლო დღეებში, როდესაც ირანი უშუალოდ და არა მისი მარიონეტების მეშვეობით თავს ესხმის მეზობელ ქვეყნებს. 15 იანვარს, ირანელებმა დაბომბეს ერაყის ქურთისტანი და სირია. პირველ შემთხვევაში, სამიზნე იდენტიფიცირებული იყო, როგორც "ისრაელის მოსადის" გარკვეული ბაზები ჩრდილოეთ ერაყში, მეორეში - "ანტიირანული ტერორისტების ბაზები" იდლიბის რეგიონში, რომელსაც დამასკო არ აკონტროლებს. ნებისმიერი პასუხი ერაყიდან, სირიიდან, ქურთები, ამერიკელები და რეგიონის სხვა გამოჩენილი მოთამაშეები არ გაჰყვნენ. ერაყის, სირიის, ქურთების, ამერიკელებისა და რეგიონის სხვა მნიშვნელოვანი მოთამაშეების მხრიდან საპასუხო ქმედებები არ ყოფილა.ცხადია, ირანის მკვეთრად გაზრდილი აქტივობა დაკავშირებულია, ერთი მხრივ, ისრაელსა და მეორე მხრივ, ირანის მოკავშირე "ჰამასსა" და "ჰეზბოლას" შორის მიმდინარე საომარ მოქმედებებთან, რაც  თეირანს უბიძგებს, განახორციელოს აგრესიული ქმედებები საკუთარი სახელით."ჰუსიტები" და წითელი ზღვაგლობალურად, ახლო აღმოსავლეთში მრავალმხრივი კონფლიქტის ყველაზე თვალსაჩინო ფრონტი ახლა წითელი ზღვაა, სადაც იემენის "ჰუსიტები" აგრძელებენ სისტემატურ შეტევას სამოქალაქო გემებზე. "ჰუსიტები" ითვლებიან ირანის ერთ-ერთ მთავარ მარიონეტულ ძალად; მათი აქტივობის ზრდა დაკავშირებულია ღაზას სექტორში ტერორისტების წინააღმდეგ ისრაელის ოპერაციასთან.წითელი ზღვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო გზაა, რომლის მეშვეობითაც მსოფლიო ვაჭრობის 10-15% ხორციელდება. თავდასხმების მუდმივი საფრთხის გამო, მსოფლიოს არაერთმა წამყვანმა ტვირთ გამზიდავმა უკვე გამოაცხადა, რომ ისინი გადაამისამართებენ თავიანთ გემებს წითელი ზღვიდან აფრიკის გვერდის ავლით - რითაც გემის მგზავრობა აზიიდან ევროპაში ან პირიქით ორი კვირით გახანგრძლივდება და ხდება უფრო ძვირი საწვავის ხარჯების გამო.წითელ ზღვაში საკონტეინერო გემების მთლიანი ნაკადი უკვე დაახლოებით 10-ჯერ შემცირდა, სავაჭრო ქსელებმა კოლაფსი დაიწყო და რიგი ანალიტიკოსები უკვე ადარებენ სიტუაციას კორონავირუსული პანდემიის დროს ლოგისტიკურ კრიზისთან. ნავთობისა და გაზის გიგანტი Shell-ის შეფასებით, მოკლევადიან პერსპექტივაში წითელ ზღვაში კრიზისმა შეიძლება გამოიწვიოს ნავთობის ფასების 5-10%-ით ზრდა."ჰუტისების" დასამშვიდებლად კოალიციამ შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის მეთაურობით განხორციელდა თავდასხმების სერია მათ სამხედრო ობიექტებზე. თუმცა, ამ დრომდე მათი აქტივობის შემცირება არ ყოფილა. ჯგუფის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ის გააგრძელებს გემების ტერორს წითელ ზღვაში, სანამ ისრაელი არ შეწყვეტს ოპერაციას ღაზას სექტორში.როგორც CNN აღნიშნავს, რეგიონში დაძაბულობის ამჟამინდელი ზრდა ირანს სარგებელს მოუტანს, მაგრამ გარკვეულ მომენტამდე."თუ ეს შედარებით დაბალი ინტენსივობის შეტაკებები გადაიზრდება შეერთებულ შტატებთან სრულმასშტაბიან ომში, თეირანის გასამხედროებული პარტნიორები შესაძლოა, განადგურების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს საფრთხეს შეუქმნის ირანის მზარდ გავლენას რეგიონში, დაარტყამს მის საგარეო პოლიტიკას და შექმნის პრობლემებს ქვეყნის შიგნით, სადაც რეჟიმი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაწყებული საპროტესტო აქციების წინაშეა", - წერს გამოცემა.ისრაელი, "ჰამასი" და "ჰეზბოლა"კონფლიქტის მიმდინარე რაუნდი რეგიონში დაიწყო ოქტომბერში ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმით და ღაზას სექტორში ისრაელის არმიის საპასუხო ოპერაციით და როგორც ახლა ჩანს, ჯერ კიდევ ძალიან შორს არის დასრულებამდე. IDF-მა შეძლო ღაზას ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის კონტროლი და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ტერორისტების ინფრასტრუქტურას, თუმცა ისინი კვლავ ინარჩუნებენ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისა და ისრაელის ტერიტორიის დაბომბვის უნარს. გადაწყვეტილი არ არის არც ასზე მეტი მძევლის გათავისუფლების საკითხი, რომლებიც ტერორისტების ტყვეობაში არიან.მრავალი დასავლელი და ახლო აღმოსავლეთის დიპლომატებისა და შუამავლების მცდელობები, მოეწყოთ ზავის მორიგი რაუნდი და მძევლების გათავისუფლება, ჯერჯერობით წარუმატებელი აღმოჩნდა - "ჰამასი" უარს ამბობს შეთანხმებაზე ღაზაში ისრაელის ოპერაციის სრული შეწყვეტის გარეშე, ხოლო ისრაელის ხელმძღვანელობა აპირებს "ჰამასის" ლიკვიდაცია ბოლომდე მიიყვანოს.ბოლო დროს სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა კიდევ ერთ ჩრდილოეთ ფრონტს - მუდმივ შეტაკებებს ისრაელელებსა და "ჰეზბოლას" მებრძოლებს შორის, რომლებიც სამხრეთ ლიბანში არიან დაფუძნებული. ისრაელის ხელისუფლება იძულებული გახდა სასაზღვრო ზოლის მცხოვრებლების ევაკუაცია მოეხდინა. ამავდროულად, "ჰეზბოლა" აპირებს განაგრძოს შეტევა ისრაელის სასაზღვრო ტერიტორიებზე, სანამ ის არ შეწყვეტს ოპერაციას ღაზას სექტორში.IDF აქტიურად ამზადებს რეზერვისტებს სამხრეთ ლიბანში შესაძლო ოპერაციისთვის. ”მე არ ვიცი, როდის დაიწყება ომი ჩრდილოეთში, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ალბათობა იმისა, რომ ეს მოხდება უახლოეს თვეებში, გაცილებით მაღალია, ვიდრე წარსულში,” - განაცხადა ისრაელის შტაბის უფროსმა ჰერცი ჰა-ლევიმ.სრულფასოვანი მეორე ფრონტის პოტენციური გახსნა იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი "ჰეზბოლას" წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციას განახორციელებს, საფრთხეს უქმნის რეალურ ესკალაციას მთელ რეგიონში და საომარი მოქმედებების ახალ დონეზე გადასვლას მრავალი სახელმწიფოსა და გასამხედროებული ფორმირებების მონაწილეობით. ირანის ყველა მარიონეტულ ჯგუფს შორის "ჰეზბოლა" ხომ ყველაზე ღირებულად ითვლება.

როგორი იყო 2023 - მოვლენები, რომელიც გასულ წელს მოხდა

1704034702

გავიხსენოთ მოკლედ 2023 წლის მთავარი მოვლენები:სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის შეფასებით, კანდიდატის სტატუსი ქართველი ხალხის და იმ პროტესტის დამსახურებაა, რომელიც "უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტს მოჰყვა. პროტესტის ძირითადი მუხტი ახალგაზრდები იყვნენ, რომლებმაც წყლის ჭავლის და ცრემლსადენი გაზის მიუხედავად, აქციები არ შეწყვიტეს იქამდე, ვიდრე მთავრობამ კანონპროექტი უკან არ გაიწვია. პროტესტს დაკავებებიც მოჰყვა, მოგვიანებით გათავისუფლდა თითქმის ყველა ლაზარე გრიგორიადისის გარდა, რომელსაც "მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებასა და პოლიციელებისთვის ცეცხლის წაკიდებაში" ადანაშაულებენ. ის განაჩენს ამ დრომდე საპატიმროში ელოდება. ადვოკატები და ოჯახი აცხადებს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ახალგაზრდის შეწყალების თხოვნით მიმართავენ.სალომე ზურაბიშვილს ხელისუფლების ნების საწინააღმდეგოდ ერთი ასეთი შეწყალება ანგარიშზე უკვე აქვს - მან 22 ივნისს ნიკა გვარამიას შეწყალებას მოაწერა ხელი."დღეს მოვაწერე ხელი ნიკა გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად საკასაციო სარჩელი. მე არ ვაპირებ, ამ გადაწყვეტილებაზე რამე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, რამე თუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც დღეს ვიყენებ. მინდა, მხოლოდ ის გაგახსენოთ, რაც ასევე ევროპარლამენტში ვთქვი, რომ ასეთი გადაწყვეტილება, პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას თუ სხვა ტიპს მუქარას. ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს მიუსაჯა, რაც მაშინვე შეფასდა კანდიდატის სტატუსისთვის ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორად. საპატიმროს დატოვების შემდეგ ნიკა გვარამია პოლიტიკურად გააქტიურებას აანონსებს.საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭების სურვილით და ამ მიზნით საკუთარი შესაძლებლობების გამოყენებით ახსნა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის რამდენიმე სახელმწიფოში ვიზიტი, რომელიც მთავრობის ნებართვის გარეშე განახორციელა, საპასუხოდ, ხელისუფლებამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, იმპიჩმენტი ვერ შედგა - საჭირო 100 ხმის ნაცვლად პარლამენტში ზურაბიშვილის გადაყენების მსურველი მხოლოდ 86 დეპუტატი აღმოჩნდა.2023 წელი რთული აღმოჩნდა "ნაციონალური მოძრაობისთვის", რომელიც ხანგრძლივი ურთიერთბრალდებების და დაპირისპირებების შემდეგ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ თავის გუნდთან ერთად დატოვა, პარტია დატოვეს წევრებმა სხვადასხვა საკრებულოებში, პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება. ნიკა მელია კი მომავალი წლიდან ახალი პლატფორმის შექმნას გეგმავს.რაც შეეხება კიდევ ერთ დიდ პარტიას - მმართველ "ქართულ ოცნებას", წლის ბოლოს პარტია საპატიო თავმჯდომარის სტატუსით დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი დაუბრუნდა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში სანქციების თავიდან არიდების მიზნით და ქვეყნისთვის ევროკავშირის გზაზე ხელის შეშლის მიზნით დაბრუნდა. თავად ივანიშვილმა კი განაცხადა, რომ ოპოზიციის განადგურების პირობებში, იზრდება რისკები მმართველ გუნდში, ოპოზიციის არარსებობამ მმართველ პარტიას მარტივად შეიძლება თავბრუ დაახვიოს და მოადუნოს.2023 წლის აგვისტოში საქართველო უდიდესმა ტრაგედიამ შეძრა - მეწყერმა შოვში 33 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სამოქალაქო სექტორი და ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არსებობს კითხვები, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს, თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ სტიქიის ზონაში მყოფთა დასახმარებლად ყველაფერი გააკეთა.რაც შეეხება ოკუპაციას, 6 ნოემბერს სოფელ კირბალში რუსმა ოკუპანტებმა აგვისტოს ომის მონაწილე თამაზ გინტური მოკლეს. გინტურის მკვლელობიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ კი, აფხაზეთში, გალში, საქართველოს მოქალაქე თემურ კარბაია ბუნდოვან ვითარებაში გარდაიცვალა. მის სიკვდილში კარბაიას ოჯახის წევრები აფხაზეთის ე.წ. მილიციას ადანაშაულებს. მათი თქმით, ე.წ. მილიციელებმა ის შესამოწმებლად გააჩერეს, რის შემდეგაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, მიღებული დაზიანებების შედეგად კი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. 2023 წელს ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ოჩამჩირეში თავისი შავი ზღვის ფლოტისთვის სამხედრო-საზღვაო ბაზას აშენებს. ექსპერტების აზრით, თუ რუსეთი ოჩამჩირეს გამოიყენებს უკრაინაზე თავდასხმისთვის, ან უკრაინა გადაწყვეტს, რომ დაარტყას რუსულ გემებს ოჩამჩირეში, ომი საქართველოს ჩათრევის ალბათობა გაიზრდება.14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, თუმცა დათქმით, რომ ქვეყანა ცხრა მიმართულებით გადადგამს ნაბიჯებს. ცხრა პირობიდან ნაწილი 2022 წლის ივნისში ევროკომისიის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციიდან არის, ზოგიერთი კი ახალია, მათ შორის ახალია დათქმა ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან ბრძოლაზე, ასევე ევროკომისია ასევე ყურადღებას ამახვილებს საჭიროებაზე, რომ საქართველომ თავისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირისას დაუახლოოს.იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ბევრი აქვს სამუშაო ევროკავშირის დათქმების შესასრულებლად, 2004 წელს პოლიტიკურ ველზე ახალი პლატფორმების გამოჩენაა დაანონსებული, პოლიტიკაში უკვე მესამედ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა, პატიმრობაში რჩება ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, გრძელდება რუსეთ-უკრაინის ომი, ისრაელის ბრძოლა "ჰამასის" წინააღმდეგ, იგეგმება არჩევნები ევროპარლამენტსა და აშშ, 2024 წელი როგორც საქართველოსთვის, ასევე მსოფლიოსთვის ახალი გამოწვევების და გადალაგების წელი იქნება.

ეუთოს მინისტერიალი სკოპიეში - რუსეთის მონაწილეობა და რიგი ქვეყნების ბოიკოტი

1701373078

ლავროვი სკოპიეში გუშინ ჩავიდა, ფრენა მოსალოდნელზე გრძელი აღმოჩნდა. მანამდე ბულგარეთმა მისცა საჰაერო სივრცით ფრენის ნებართვა, მაგრამ მოითხოვა, რომ ბორტზე არ ყოფილიყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა, რომელიც სანქციების ქვეშ იმყოფება. ლავროვის გამონაკლისი დელეგაციის სხვა წევრებს არ ეხებოდათ. შედეგად, დელეგაციას საბერძნეთის გავლით მოუწია გაფრენა, მაგრამ როგორც გაირკვა, მთავარი "თავგადასავლები“ ​​რუს მინისტრს ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე ელოდა.უკრაინის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებმა სერგეი ლავროვის მონაწილეობის გამო მინისტერიალს ბოიკოტი წინასწარ გამოაცხადეს, მოგვიანებით ბოიკოტს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეუერთდა.მიუხედავად ამისა, ევროპაში აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც კმაყოფილი დარჩა ლავროვის მიწვევით. კერძოდ, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე შალენბერგი მიესალმა ჩრდილოეთ მაკედონიის გადაწყვეტილებას. გასულ წელს ის იყო ერთადერთი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც გააკრიტიკა ეუთოს მინისტრთა საბჭო პოლონეთში ლავროვის მონაწილეობის გარეშე.რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ეუთოს სამიტზე დასასწრებად ჩრდილოეთ მაკედონიამ მიიწვია, რომელიც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანაა.ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრი კრემლის წარმომადგენლის ჩასვლას გამარჯვებას უწოდებს, მაგრამ გამარჯვება არ არის რუსეთის, არამედ ეუთოს, იმის გათვალისწინებით, რომ ორგანიზაციის სიცოცხლისუნარიანობა ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას."ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქვეყანა თავისებურად აგზავნის გზავნილებს იმ გაუმართლებელ აგრესიაზე, რომელიც რუსეთის ფედერაციამ ჩაიდინა სუვერენული სახელმწიფოს - უკრაინის წინააღმდეგ“, - განაცხადა მან სხვა ქვეყნების ბოიკოტზე.ბოიკოტს მხარი დაუჭირა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ხოსეპ ბორელმა. მინისტერიალზე ევროკავშირის დელეგაცია იყო წარმოდგენილი, მაგრამ მის ნაცვლად სიტყვით გამოვიდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მოადგილე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში და დაგმო რუსეთის და ბელარუსის ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო.აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ანტონი ბლინკენი სკოპიეში ჩავიდა, თუმცა სამიტზე დიდხანს არ დარჩენილა. მან ის იქამდე დატოვა, ვიდრე ლავროვი იქ მივიდოდა.როგორც კი სერგეი ლავროვმა ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლა დაიწყო, უკრაინის წარმომადგენლებმა სრული შემადგენლობით დატოვეს დარბაზი. დემარშს მხარი კიდევ რამდენიმე ქვეყნის დელეგაციამ დაუჭირა.რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ჩიოდა, რომ დასავლურმა პოლიტიკურმა ელიტებმა "მიითვისეს უფლება გადაწყვიტონ კაცობრიობის ბედი და გააკეთეს არჩევანი არა ეუთოს, არამედ ნატოს სასარგებლოდ“.მან ასევე გაიხსენა ბუქარესტის სამიტის დაპირება, რომ უკრაინა და საქართველო მომავალში შეუერთდებიან ალიანსს, რათა "რუსეთს დაუპირისპირდნენ", 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომი, რომელიც მისი მტკიცებით, აშშ-ის პროვოკაცია იყო და მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა ის, რაც აშშ-მა ასწავლა, 2014 წლის მაიდანი, მინსკის შეთანხმებები, ასევე შეერთებული შტატებისა და ნატოს უარი.დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა მის სიტყვებს მცდარი უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლელი ლიდერები არ დათანხმდებიან რუსეთის მცდელობას, დაყოს ევროპა გავლენის სფეროებად. მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვის ქმედებები არღვევს საერთაშორისო წესრიგს და ბრალის სხვებისთვის გადატანის მცდელობები შეუიარაღებელი თვალით ჩანს.ლავროვმა სიტყვა რუსულ ენაზე წარმოთქვა. ფრაზაზე "ასეთი ხაზის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო ნატოს დაუფიქრებელი გაფართოება აღმოსავლეთით, რომელიც დაიწყო ვარშავის პაქტის ორგანიზაციის დაშლის შემდეგ“, ის შეჩერდა, გვერდზე გაიხედა და ინგლისურად თქვა: "შეგიძლიათ მარტო დამტოვოთ? მადლობა". გაურკვეველია, კონკრეტულად ვის მიმართავდა ლავროვი. გამოსვლის შემდეგ მან სხდომა მაშინვე დატოვა.მინისტერიალში მონაწილეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი."უკვე 15 წელზე მეტია, რუსეთი აგრძელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის უკანონო ოკუპაციას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების უხეში დარღვევით. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის მსხვერპლია. მავთულხლართებით იზოლირებულ მოსახლეობას აშორებენ ნათესავებს, სასოფლო-სამეურნეო მიწებს, ღვთისმსახურებას, ართმევენ გადაადგილების თავისუფლებას, ძირითად საჭიროებებს. დამკვიდრებულ პრაქტიკად იქცა უკანონო დაკავებები და გატაცებები, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქის თამაზ გინტურის ბოლო მკვლელობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან კიდევ ერთი ძალადობის აქტია ეთნიკური ქართველების მიმართ“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.ევროკავშირის მინისტრთა სამიტის პირველ დღეს ეუთოში ევროკავშირის დელეგაციამ გამოაქვეყნა დეკლარაცია, რომელიც გმობს რუსეთის აგრესიას. განცხადებას მხარი დაუჭირა 30-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის ჩრდილოეთ მაკედონიამ, მონტენეგრომ, ალბანეთმა, მოლდოვამ, ბოსნია-ჰერცეგოვინამ, საქართველომ, ისლანდიამ, სან-მარინომ და უკრაინამ."კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ და სრულად და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ძალები და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აღნიშნულია დოკუმენტში.პარტნიორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ევროპის უსაფრთხოება დამოკიდებულია უკრაინის უსაფრთხოებაზე, ამიტომ ევროკავშირი გააგრძელებს მხარდაჭერას. ევროკავშირმა უკვე მოახდინა 85 მილიარდი ევროს მობილიზება ფინანსური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების სახით და ხელს შეუწყობს შემდგომ ვალდებულებებს გრძელვადიან პერსპექტივაში."ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინის აღდგენას და აღდგენას საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციით, მათ შორის განაღმვის პროცესის ჩათვლით“, - აღნიშნულია დეკლარაციაში.გარდა ამისა, ევროკავშირი გააგრძელებს დიპლომატიურ ძალისხმევას უკრაინის სამშვიდობო ფორმულისა და გლობალური სამიტისთვის მზადების მაქსიმალურად ფართო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.სამიტის პირველი დღის შემდეგ ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინისთვის 2,5 მილიარდი ევროს დამატებითი დახმარების გამოყოფის გეგმები გამოაცხადა."ნიდერლანდები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმდენი და რამდენადაც საჭირო იქნება“, - აღნიშნა მან.მინისტერიალი ხვალ გაგრძელდება.

"500 დღის წინ ვერავინ იჯერებდა, რომ ვიქნებოდით იქ, სადაც ახლა ვართ, ყოველი დღე ჩვენ წინ მივდივართ"

1688819988

მისივე თქმით, "ახლა აუცილებელია გადავხედოთ განვლილ გზას და ცოტა წინ გავიხედოთ"."დაიწყო "კიევი სამ დღეში" - ახლახან დასრულდა მოსკოვამდე 200 კმ. და ეს არ არის საბოლოო ფინიში, მხოლოდ შუალედურია", - წერს მინისტრი.მისივე თქმით, მარშრუტი გადიოდა სუმის, ჩერნიგოვის, ახტირკას, ბუჩას, ირპინის, ჰოსტომელის, ხარკოვის, მარიუპოლის, იზიუმის, ვოლნოვახას, სევეროდონეცკის, უგლედარის, მარინკას, ბახმუტის ციხესიმაგრის, ათობით სხვა ქალაქებისა და სოფლების გმირულ თავდაცვაზე."ჩვენ უკვე დავიბრუნეთ რამდენიმე დასახლებული პუნქტი, როგორიცაა ხერსონი და კიდევ დავიბრუნებთ. ეს არის მოვლენების ერთი ჯაჭვი, რომელსაც ქმნის ჩვენი დამცველების გმირობა და მთელი უკრაინელი ხალხის სტაბილურობა."რუსული გემიდან "ქვემოდან - "კინჟალამდე". პარტიზანული ომისთვის იარაღის მცირე პარტიებიდან - "არტილერიის ოჯახამდე", "სატანკო კოალიციამდე" და თვითმფრინავების მოლოდინამდე. დასავლეთის დედაქალაქებში უკრაინასთან დამშვიდობებამდე  დაწყებული - იმის გაცნობიერებამდე, რომ უკრაინა ევროპის ფარია, ეს არის უზარმაზარი მსხვერპლის გზა, რომელიც ჯერ კიდევ არ ჯდება თავში“, - განაცხადა მინისტრმა.რეზნიკოვის თქმით, სრულმასშტაბიანი ომის გამო მილიონობით ადამიანი წავიდა საზღვარგარეთ, რომელთაგან ზოგიერთს ჩვენ დავკარგავთ."ომი ნიშნავს რუსების მიერ მოპარულ ასიათასობით ბავშვს, რომლებიც ჩვენ უნდა გადავარჩინოთ.ომი არის ათიათასობით კვადრატული კილომეტრი მკვდარი ბუნება, ასობით დანგრეული დასახლება, დანგრეული საწარმოები, დანგრეული ვიღაცის მთელი ცხოვრების ღვაწლი.რუსული აგრესია ათასობით დაღუპულს ნიშნავს. ათასობით მტკიცებულება იმისა, რომ მტრის თავდასხმა გენოციდის აქტია", - წერს რეზნიკოვი.მისივე თქმით, პირადად მისთვის ეს იყო ბევრი რამის გადაფასების, შეცდომების გაცნობიერებისა და რწმენის დრო, რომ უკრაინა გაიმარჯვებს.რეზნიკოვის თქმით, არ სჯეროდა, რომ რუსები მშვიდობიან ქალაქებზე რაკეტების გასროლას დაიწყებდნენ. ამიტომ, ის აღიქვამს  ცის საიმედო დაცვას, როგორც პირად გამოწვევას. მისი თქმით, კიევში ეს პრობლემა თითქმის მოგვარებულია. ლვოვში, ხარკოვში, დნიპროში, ზაპოროჟიეში, ოდესაში - ჯერ არა, მაგრამ სამუშაოები მიმდინარეობს."ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამხელა ქვეყნის მოსახლეობამ შეიძლება მთლიანად დაკარგოს მორალი, დაეცეს ცხოველურ მდგომარეობამდე. ჩვენ ვხედავთ გამოვლინებებს არა მხოლოდ საშინელ დანაშაულებში, ეს გვესმის რუსეთში ბავშვების მშობლებთან, მამაკაცების ცოლებთან ურთიერთობაში.პირველი დარტყმა იყო, როდესაც 2022 წლის მარტში ბელარუსში გამართულ მოლაპარაკებებზე მან შესთავაზა რუსეთის ფედერაციას წაეღო მათი განადგურებული ჯარისკაცების ათასობით ცხედარი, რომლებიც მიმოფანტული იყო უკრაინის ტყეებსა და მინდვრებში, თუმცა მათ უბრალოდ უარი თქვეს თავისიანებზე - ისინი ატყუებდნენ ერთმანეთს, რომ ასეთი დანაკარგები არ ყოფილა.მისივე თქმით, ამ მორალური დეგრადაციის გამოსწორებას ათწლეულები დასჭირდება."ამიტომ, ჩვენ არ უნდა გავათავისუფლოთ მხოლოდ ჩვენი მიწა მათგან - ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ბოროტება დიდხანს ვერ აღდგება და რამდენიმე თაობა ვერ შეძლება აგრესიას", - წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი კიდევ ერთი გაცნობიერება იყო ის, რომ უკრაინა ათწლეულების განმავლობაში ხელოვნურად შეზღუდული ჰორიზონტით ცხოვრობდა. "ნასწავლი უმწეობის“ მრავალი ნიშნით, რაც თითქმის ეროვნული ხასიათის ნაწილად იქცა.ისმიიჩნევს, რომ დიდწილად ეს იყო ახალგაზრდა დემოკრატიის წინააღმდეგ არაკეთილსინდისიერი ქმედებების შედეგი მათგან, ვისაც მეტი გამოცდილება ჰქონდა და უკრაინელების შეცდომები."ბევრი რამ გავეცით და გავცვალეთ, რისი რეალური ფასიც ვერ გავიგეთ. სწორედ ამიტომ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მიმაჩნია ნამდვილი სუვერენიტეტის მიღწევა, საკუთარ ძალებზე დაყრდნობის შესაძლებლობა და ამის გამო ღირებულ მოკავშირედ ყოფნა“, - განაცხადა რეზნიკოვმა.რეზნიკოვი დარწმუნებულია, რომ უკრაინელები ბევრად მეტს იმსახურებენ, ამას ადასტურებენ მეომრები ბრძოლის ველზე, უკრაინელები ევროპაში, რომლებმაც ევროპელებისთვის მოულოდნელად მასიურად აჩვენეს კვალიფიკაციის, ეთიკის და მეწარმეობის დონე."ჩვენი ბრძოლის გაგრძელება არ არის ომი საერთაშორისო სამართლის აბსტრაქტული ნორმებისთვის. ეს არის ბრძოლა უფლებისთვის, ვიცხოვროთ თავისუფლად, ბედნიერად ჩვენს მშვენიერ მიწაზე, განვსაზღვროთ ჩვენი მომავალი. ქვეყანაში, რომელიც მხრებს გაისწორებს, შევა ახალ სივრცეში, უზრუნველყოფს სამართლიანობას. ომის შემდეგ იქნება ახალი უკრაინა, ან არანაირი არ იქნება“, - წერს რეზნიკოვი.მისივე თქმით, "ომმა აჩვენა, რომ თავდაცვითი ორგანიზაციის კუთხით ჩვენ კვლავ დიდწილად საბჭოთა სახელმწიფო ვართ და საჭიროა ღრმა გარდაქმნები"."უახლოეს მომავალში შეიძლება ველოდოთ უამრავ შოკს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ არ ებრძვით მხოლოდ სასტიკ მტერს. ჩვენ ვიბრძვით მსოფლიოში ჩვენი ადგილისთვის და ჩვენი გამარჯვების ხედვისთვის. დიდი სამყარო კონკურენციაა.იქნება ზეწოლა, იქნება დანაკარგები და ნგრევა. იქნება იმედგაცრუება და მწუხარება, თუმცა ეს ნორმალურია, რადგან გამოცდა მართლაც დიდია.დარწმუნებული იყავით - ყველაფერს დავძლევთ, წარმატებას მივაღწევთ. ჩვენ გვყავს ნამდვილი მეგობრები, ეს ბევრს ნიშნავს. 500 დღის წინ ვერავინ იჯერებდა, რომ ვიქნებოდით იქ, სადაც ახლა ვართ. ყოველი დღე ჩვენ წინ მივდივართ, ამიტომ არის ძალიან ბევრი, ვისაც სურს არასწორ გზაზე გასვლა“, - წერს რეზნიკოვი.უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, ამაყობს თითოეული მათგანით, ვინც ახლა ფრონტზეა და წინ რთულ ნაბიჯებს დგამს, მათ მთელი ქვეყანა მიჰყვება.უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 500 დღე გავიდა.

"ნეპოტიზმი სახელმწიფო ელექტროსისტემაში: ვანო ზარდიაშვილის საქმე"

1687205400

"ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, ვანო ზარდიაშვილი 2013-2016 წლებში გენერალური აუდიტორის მოადგილე, ხოლო 2016-2019 წლებში, საქართველოს პარლამენტის წევრი იყო „ქართული ოცნების“ პარტიული სიით. უნდა აღინიშნოს, რომ 2013-2019 წლებში ზარდიაშვილის ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ პერიოდში მან დაახლოებით 1 000 000 ლარის ღირებულების ქონება შეიძინა მაშინ, როდესაც მისი და მისი მეუღლის წლიური შემოსავალი ჯამში დაახლოებით 100 000 ლარს შეადგენდა", - ნათქვამია TI-ს განცხადებაში.რაც შეეხება ნეპოტიზმის სავარაუდო შემთხვევებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში:"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, ვანო ზარდიაშვილი სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრი და დირექტორია იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში. მის დაქვემდებარებში, როგორც ელექტროსისტემების ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ჩანს, ორი დეპარტამენტია, კერძოდ, იურიდიულ საკითხთა და სემეკ-თან ურთიერთობისა და გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტი. ამ ორ დეპარტამენტში ზარდიაშვილთან, ხელისუფლებასთან და სასამართლოს კლანის წარმომადგენლებთან დაკავშირებული 6 ადამიანია დასაქმებული.1. თამთა თაბუკაშვილი - ვანო ზარდიაშვილის რძალითამთა თაბუკაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემაში გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტშია დასაქმებული. იგი ვანო ზარდიაშვილის ცოლის, თინათინ აბრალავას ძმის, გრიგოლ აბრალავას, ცოლია.2. გიორგი კიკნაძე - ვანო ზარდიაშვილის ოჯახის ახლობელი და ნათესავიგიორგი კიკნაძე სახელმწიფო ელექტროსისტემაში დირექტორის, ვანო ზარდიაშვილის მოადგილეა. როგორც ცნობილია, ვანო ზარდიაშვილი გიორგი კიკნაძის შვილის ნათლიაა.3. გიორგი კვარაია - ვანო ზარდიაშვილის ოჯახის ახლობელი და ნათესავიგიორგი კვარაია სახელმწიფო ელექტროსისტემაში გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტშია დასაქმებული.4. სალომე დათუაშვილი-გვრიტიშვილი - გავლენიანი მოსამართლის, თბილისის სააპელაცო სასამართლოს მოსამართლისა და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარის დიმიტრი გვრიტიშვილის ცოლი;სალომე დათუაშვილი გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტშია დასაქმებული. იგი საერთაშორისო პროექტების კოორდინატორია.5. ნიკა მიქაუტაძე - გავლენიანი მოსამართლის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი მიქაუტაძის ბიძაშვილიგიორგი მიქაუტაძე და ვანო ზარდიაშვილი კურსელები და ახლო მეგობრები არიან. გიორგი მიქაუტაძე ერთ-ერთი იყო იმ გავლენიან მოსამართლეთა შორის, რომლებიც ზარდიაშვილს პარლამენტის ეზოს სკვერში ხვდებოდა. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსთვის“ გახდა ცნობილი ნიკა მიქაუტაძე, გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტშია დასაქმებული, იგი სოციალური საკითხების მართვის სამსახურის უფროსია.6. გელა ოხანაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის მამა;როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის“ გახდა ცნობილი, იგი გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტშია დასაქმებული.➔ რა კავშირი აქვს ვანო ზარდიაშვილს სასამართლოს „კლანთან" და ხელისუფლებასთან?ვანო ზარდიაშვილი წლების განმავლობაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გავლენიან მოსამართლეებსა და ხელისუფლებას შორის საკონტაქტო პირად მიიჩნეოდა. იგი ყველაზე გავლენიანი მოსამართლის მიხეილ ჩინჩალაძის ახლო მეგობარია. ზარდიაშვილი და მიხეილ ჩინჩალაძე მეჯვარეები და ნათელ-მირონები არიან.● 2016 წელს ვანო ზარდიაშვილი „ქართული ოცნების” სიით პარლამენტში შევიდა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა დაიკავა. ამის შემდეგ, ის აქტიურად ლობირებდა ისეთ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელთაც კლანის ძალაუფლების მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობეს.● 2018 წელს ზარდიაშვილი აქტიურად ლობირებდა საბჭოს მიერ, პროცედურების არარსებობის პირობებში ნომინირებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების 10 კაციანი სიის პარლამენტში გატანას. სიაში მოხვედრილი კანდიდატების აბსოლუტური უმრავლესობა სასამართლოში მოქმედი გავლენიანი ჯგუფის ლიდერები, წევრები ან მათი მხარდამჭერები იყვნენ. სიის პირველი ნომერი კი სისტემაში ყველაზე გავლენიანი მოსამართლე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, მიხეილ ჩინჩალაძე იყო. ამ პროცესს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის იმდროინდელი თავჯდომარე ეკა ბესელია დაუპირისპირდა. საბოლოოდ, ბესელია თანამდებობიდან გადადგა მისი განცხადებით თანამდებობის დატოვებით მან 10 კაციანი სიის განხილვის პროცესი შეაჩერა. ბესელია ამბობდა, რომ მას ირაკლი კობახიძე, ვანო ზარდიაშვილი და რამდენიმე სხვა დეპუტატი მოსამართლეთა კლანის მიერ წარდგენილი სიის დაჩქარებულ რეჟიმში განხილვას და დამტკიცებას სთხოვდა.● 2018 წლის დეკემბერში ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დატოვა.● 2021 წლის სექტემბერში, TV პირველის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის თანახმადაც არსებობს სავარაუდოდ, სუს-იდან გაჟონილი ფარული ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატები მათთვის სასარგებლო სასამართლო გადაწყვეტილებებს ტელეფონით უკვეთავენ. როგორც სიუჟეტიდან ირკვევა, “ოცნების” დეპუტატები, ამჟამად უკვე ყოფილი დეპუტატის, ვანო ზარდიაშვილის, დახმარებით ახდენენ გავლენას სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებებზე. ამ პროცესში, სავარაუდოდ, საკმაოდ დიდი გავლენა აქვს დეპუტატ მამუკა მდინარაძესაც, რომელიც თავის მხრივ, ვანო ზარდიაშვილის ნათესავია.➔ რას საქმიანობს დეპუტატობის შემდეგ ვანო ზარდიაშვილი?● ვანო ზარდიაშვილს საპარლამენტო მანდატი 2019 წლის 12 ნოემბერს შეუწყდა და მალევე, 2 დღეში, შპს ენერგოტრანსის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ დაინიშნა. შპს ენერგოტრანსი 2002 წლიდან სახელმწიფო საწარმოს წარმოადგენს. აღნიშნულ თანამდებობაზე, მხოლოდ თვენახევრის განმავლობაში (14.11.2019- 31.12.2019) მისმა სახელფასო შემოსავალმა 22,307 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც დეპუტატის თანამდებობაზე ყოფნისას მისი წლიური შემოსავალი დაახლოებით 42,585 ლარი იყო.● 2020 წლიდან, მას შემდეგ რაც ენერგოტრანსი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას შეუერთდა, იყო მმართველთა საბჭოს წევრი.● 2021 წელს, ვანო ზარდიაშვილი დაინიშნა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორად იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის 100% წილის მფლობელი სახელმწიფოა.➔ ვანო ზარდიაშვილის საქმიანობა ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ:● 2012-2013 წლებში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.● 2013 წელს გენერალური აუდიტორის პირველ მოადგილედ დაინიშნა და ამ თანამდებობას 2016 წლამდე იკავებდა. გავრცელებული ინფორმაციით მან ამავე პერიოდში აუდიტის სამსახურში დაასაქმა მიხეილ ჩინჩალაძის ცოლი და დედა.● 2015 წელს ვანო ზარდიაშვილის მეუღლე თინათინ აბრალავა, ლევან მურუსიძის ბრძანებით, იუსტიციის საბჭოს მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა და ამ პოზიციას იგი დღემდე იკავებს.➔ ვანო ზარდიაშვილის საქმიანობა წინა ხელისუფლების პერიოდში:● 2004-2006 წლებში ზარდიაშვილი ზურაბ ადეიშვილთან ერთად მუშაობდა, ჯერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აპარატში, შემდგომში ადეიშვილის თანაშემწის პოზიციას იკავებდა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში. 2004 წლის ივნისიდან კი იყო ზურაბ ადეიშვილის, როგორც გენერალური პროკურორის, მრჩეველი.● 2010 წლიდან ზარდიაშვილმა სასამართლო სისტემაში გადაინაცვლა. იმავე წელს მისი მეუღლე თინათინ აბრალავა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კონსულტანტად დაინიშნა. აბრალავა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2010 წლის 1-ლი ივნისიდან სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.● 2010-2012 წლებში ზარდიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატს ხელმძღვანელობდა. 2012 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში, საქალაქო სასამართლოს მანდატურები ვანო ზარდიაშვილს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებდნენ. მათი თქმით, მათ „ქართული ოცნების” აქციაზე წასვლას უკრძალავდნენ, წასვლის შემთხვევაში კი ემუქრებოდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ასევე, თხოვდნენ „ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე დასწრებას.➔ რა ქონებას ფლობს ვანო ზარდიაშვილი2013-2019 წლებში ვანო ზარდიაშვილის ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ პერიოდში ზარდიაშვილმა დაახლოებით 1 000 000 ლარის ღირებულების ქონება შეიძინა, მაშინ, როდესაც მისი და მისი მეუღლის წლიური შემოსავალი ჯამში დაახლოებით 100 000 ლარი იყო.2013 წელს, როცა ვანო ზარდიაშვილი გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე იყო, საკუთრებაში 2 ბინა ჰქონდა თბილისში, უკვე 2015 წელს, მის დეკლარაციაში 6 ბინაა ასახული; უნდა აღინიშნოს, რომ ზარდიაშვილის მეუღლე თინათინ აბრალავა 2014 წლიდან ფლობს 5% წილს შპს პენტჰაუზში, თუმცა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ზარდიაშვილმა მხოლოდ 2020 წლის დეკლარაციაში მიუთითა. პენტჰაუზის საკუთრებაში ირიცხება ქ. თბილისში, ჟიული შარტავას ქუჩის №43-ში, „ოლიმპიური ვარსკვლავის“ საცხოვრებელი კომპლექსში არაერთი უძრავი ქონება.2016 წლიდან ვანო ზარდიაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრია „ქართული ოცნების“ პარტიული სიით. უკვე 2017 წელს, პარლამენტარ ზარდიაშვილსა და მის მეუღლეს 8 ბინა და 1 კომერციული ფართი აქვთ საკუთრებაში. 2021 წლის ოქტომბერში, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვანო ზარდიაშვილმა, 2019 წელს პარლამენტის დატოვებამდე რამდენიმე თვით ადრე, თბილისში "არტ ჰაუს პლაზას" ცათამბჯენში ბინა შეიძინა, რომლის საბაზრო ფასიც 1 მილიონ 175 ათასი ლარია.

ვინ ლობირებს სინამდვილეში GCA და სად მიდიოდა ხელოვანებისათვის მოპარული მილიონები

1686407874

მართალია, თავად კობალაძე ამბობს, რომ ამ ციფრებით, უბრალოდ, მანიპულირება ხდება, მაგრამ ხელოვანები ეჭვობენ, რომ მათი კუთვნილი ფული, წლების განმავლობაში ვიღაცის ჯიბეში მიდიოდა. ვინ არის ეს „ვიღაც“? - ეს, რა თქმა უნდა, შესაბამისმა საგამოძიებო უწყებებმა უნდა დაადგინონ, მაგრამ არსებობს ცნობა, რომ GCA-მ ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ანუ კობალაძეს 30 ათასი ასესხა. კობალაძე ამ სესხებაში პრობლემას ვერ ხედავს და „აიპრესთან“ ამბობს, რომ ეს „არის ჩვეულებრივი პროცესი, ჩვეულებრივი სამეურნეო პროცესი, რომელიც ყველა ორგანიზაციაში არსებობს“.მოკლედ, თუ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება, რომლის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაც აუდიტის დასკვნა და 14 მილიონი ვალი იქნება, თავმჯდომარისთვის ნასესხები და უმიზნოდ გაფლანგული, ალბათ, კიდევ ბევრი 30 ათასი ამოტივტივდება, თუმცა მანამდე ჩნდება ლოგიკური კითხვა - ვინ ლობირებს GCA-ს და სად მიდიოდა წლების განმავლობაში ხელოვანებისთვის მოპარული მილიონები?ზოგადად, საქართველოში  უფლებათა დაცვა კარგა ხანია, დავის საგანია - კანონი ხარვეზებით არის სავსე, ავტორ-შემსრულებები უკმაყოფილონი არიან და... ამასობაში ირკვევა, რომ ამ სფეროში პოლიტიკური ლობიზმიც ერთობ აქტუალურია. ისე, თუ ყველაფერს რამდენიმე წლით უკან გადავახვევთ, მივხვდებით, რომ  უფლებების დაცვა ჯერ კიდევ ძველი დროიდან პოლიტიკური იყო.სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ თავდაპირველად, ხელოვანები გიგა კობალაძის მადლიერები იყვნენ და ამბობდნენ, რაც ეს ბიჭი მოვიდა, ჰონორარს ვიღებთო, მაგრამ დღეს ირკვევა, რომ ამ „კარგ ბიჭს“ 14 მილიონი ვალი აქვს. ძველ დროში მმართველობის დროს  დიდ ფულს ხელისუფლების მფარველობის გარეშე რომ ვერავინ გააკეთებდა, ეს ბავშვმაც კი იცის. „შავი ფულის“ კეთება „ზემოთ“ შეთანხმების გარეშე, როგორც ამბობენ, არც დღესაა შესაძლებელი. საქმეში ჩახედულნი იმ ვერსიასაც ავითარებენ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, კობალაძემ ახალი მფარველები „ოცნებაში“ იპოვა. ამავე ვერსიას თუ გავყვებით, GCA-ს ლაშა ნაცვლიშვილი ლობირებდა, აი, ის ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც თავის დროზე „ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი იყო, თუმცა სახელოვნებო წრეებში  იმასაც ამბობენ, რომ GCA-ს „ოცნებაში“  მხოლოდ  ერთი კი არა, რამდენიმე “კრიშა” ჰყავს , ვინმე „სელებრითი“ პოლიტიკოსი და “ოცნების “ კარზე დაახლოებული ხელოვანი. ამ ვერსიას ისიც ამძაფრებს, რომ იუსტიციის საბჭოს წევრად GCA-მ თავისთვის სასურველი კანდიდატურა გაიყვანა, არადა, ამ კანდიდატურის წინააღმდეგ მთელი ოპოზიცია იყო.ჩვენ, რა თქმა უნდა, არაფერს ვამტკიცებთ. უბრალოდ, სახელოვნებო კულუარებში გავრცელებულ ვერსიებზე ხმამაღლა ვმსჯელობთ და იმ კითხვასაც ვსვამთ, როგორ ახერხებდა კობალაძე, რომ რამდენიმე წლის წინ, რუსეთში „ქეში“ ჩემოდნებით გაჰქონდა და შემოჰქონდა? გასაგებია, რომ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება “რაოსთან “ჰქონდა, რომელიც პუტინის რუსეთში  საავტორო უფლებებს, ასე ვთქვათ, იცავს, მაგრამ იმ დროს, როცა ორ ქვეყანას შორის არც დიპლომატიური ურთიერთობა არსებობდა და არც - ეკონომიკური, GCA-ის ხელმძღვანელი ოკუპანტ ქვეყანასთან საქმიან ურთიერთობას, თანაც „ქეშის“ მოძრაობით როგორ ახერხებდა, თუ „კრიშა“ „ქოცებში“ არ ჰყავს? ახლა, „ქოცებისა“ და რუსების ურთიერთსიყვარული არახალია და ამაზე საუბრით დრო აღარ დავკარგოთ.რაც შეეხება გამქრალ 14 მილიონს, კობალაძის ორგანიზაციაში აუდიტმა, მართალია, ორი წლის ფინანსური ოპერაციები შეისწავლა, მაგრამ ნათქვამია, ტარანი ანგარიშით არისო და შესაბამისად, 14-მილიონიანი დავალიანება რამდენიმე წლის, ასე ვთქვათ, შეკრებით გამოვიდა.გამქრალი 14 მილიონის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ პარლამენტის კულტურის კომიტეტს  უფლებების ასოციაციაში (GCA) ჩატარებული აუდიტორული შემოწმების შედეგები წარუდგინა და განაცხადა, რომ ავტორთა კუთვნილი თანხები იფლანგებოდა და არამიზნობრივად, ასოციაციის ადმინისტრაციულ ხარჯებზე - თავმჯდომარის და მოადგილეების ხელფასებზე და პრემიებზე, ავტომობილების და ოფისების შეძენაზე, თავმჯდომარის უცხოეთში განათლების მიღებაზე, მივლინებებზე იხარჯებოდა:„ორგანიზაცია, რომელსაც ერთადერთი ვალდებულება გააჩნია, სამართლიანად შეაგროვოს და გაანაწილოს ჰონორარები, რისთვისაც ის წესდების მიხედვით იღებს საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას, შეგროვებული ჰონორარების 20%-ს, ნაცვლად ამისა, ნახევარ წილში უზის ავტორებს.“სხვათა შორის, GCA-ში აუდიტი თავად GCA-ს წევრის ინიციატივით და კობალაძის თანხმობით ჩატარდა. კობალაძეს, ალბათ, იმედი ჰქონდა, რომ გავლენიანი სახელისუფლებო მფარველები უშველიდნენ და აუდიტორები საგანგაშოს არაფერს დაწერდნენ, მაგრამ ყოველთვის ისე არ წვიმს, როგორც ქუხს, ანუ არ არის გამორიცხული, რომ გაფლანგულ მილიონებთან „კრიშას“ „დალინკვა“ არ უნდოდა და კობალაძეს ზურგი აქცია.კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც ამყარებს ვერსიას, რომ კობალაძეს „ოცნება“ „კრიშავს“,  ყველა კომერციული ობიექტი, რომელიც მთავრობასთან ასოცირდება, მათ შორის, ტვ „იმედი“, „პოს ტვ“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ თუ ივანიშვილის სასტუმრო „პარაგრაფი“ GCA-ს, ანუ კობალაძეს უხდის ფულს.ჯერჯერობით უცნობია, გამქრალ 14 მილიონზე აუდიტის სამსახურმა პროკურატურას მიმართა თუ არა, მაგრამ სამაგიეროდ, კუთვნილი თანხების გაქრობაზე გაჩუმებას ხელოვანები აღარ აპირებენ. ამიტომაც, სახელოვნებო წრეებში არსებობს მოლოდინი, რომ  უფლებების დაცვის ასოციაციაში მხოლოდ ფინანსური პოლიცია კი არ შევა, არამედ, პროკურატურაც დაინტერესდება და გამქრალი 14 მილიონის საიდუმლოს ფარდა აეხდება. ფარდის ახლდამდე კი, GCA და მისი „კრიშა“, რომელიც ინტრიგებითაა ცნობილი, ალბათ, ახალი ინტრიგის ჩახლართვას შეეცდება, მაგრამ კოკას წყალი ყოველთვის რომ არ მოაქვს, ეს ხალხური სიბრძნეა.

მიხეილ ყაველაშვილის საიდუმლო ქონება

1682086306

მიხეილ ყაველაშვილი ყოფილი ქართველი სპორტმენია, რომელიც საზოგადოების მოზრდილმა ნაწილმა არა საფეხბურთო, არამედ პოლიტიკური საქმიანობით გაიცნო. ხალხის ძალად ცნობილი, ქართული ოცნების არაფორმალური ქვედანაყოფის სხვა დეპუტატებთან ერთად, იგი  რუსული კანონის მიღებისთვის იბრძოდა, მიზეზად კი გამჭვირვალეობას ასახალებდა. ამავე დროს, მიხეილ ყაველაშვილი ქონებრივ დეკლარაციას არაკეთილსინდისიერად ავსებს. ანტისადასვლურად განწყობილი დეპუტატის და მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გაუმჭვირვალეა.მიხეილ ყაველაშვილი 2016-2020 წლებში საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, 2020 წლიდან დღემდე კი X მოწვევის პარლამენტის წევრია. მიხეილ ყაველაშვილი წლების განმავლობაში “ქართული ოცნების” წევრი იყო, თუმცა 2022 წლის ოქტომბერში პარტია დატოვა და სხვებთან ერთად მოძრაობა “ხალხის ძალას” შეუერთდა. საინტერესოა, რომ პარლამენტის ოფიციალურ ვებ.გვერდზე ყაველაშვილის განათლების გრაფა ცარიელია, სამუშაო გამოცდილება კი ძირითადად მის საფეხბურთო კარიერას უკავშირდება.“აგენტების” კანონპროექტის შესახებ, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი ყაველაშვილი იყო, ევროკავშირმა ცალსახად აღნიშნა, რომ „ეწინააღმდეგებოდა 12 რეკომენდაციის პრინციპებსა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს. აღსანიშნავია, რომ ე.წ რუსული კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატის ორი შვილი საქართველოს საზღვრებს გარეთ დაიბადა, კონკრეტულად კი მარიამ ყაველაშვილი ინგლისში, მანჩესტერში, ხოლო გურამ ყაველაშვილი შვეიცარიის ქალაქ ციურიხში დაიბადა.მიხეილ ყაველაშვილმა, როგორც “უცხოური გავლენის” კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, აღნიშნა, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქმიანობას არავის უზღუდავს. მისი მიზანია, ხალხმა იცოდეს, რომელი ორგანიზაცია საიდან ფინანსდება და რა მიზნებს ემსახურება. თუმცა, თავად არაკეთილსინდისიერად ასრულებს მასზე კანონით დაკისრებულ ვალდებულებას და დეკლარაციაში სრულყოფილად არ ასახავს ინფორმაციას.მიხეილ ყაველაშვილი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციას 2016 წლიდან ავსებს. საინტერესოა, რომ საჯარო სამსახურის ბიურომ ყაველაშვილი ორჯერ, 2017 და 2019 წლებში სწორედ დეკლარაციების არასწორად შევსების გამო დააჯარიმა, უფრო კონკრეტულად კი მან არ დაადეკლარირა სრული ინფორმაცია საბანკო ანგარიშებისა და ოჯახის წევრების შემოსავლების შესახებ. ჯარიმების ჯამურმა ოდენობამ 2108 ლარი შეადგინა.“ფლანგვის დეტექტორმა” გადაწყვიტა, უფრო დეტალურად შეესწავლა, თუ რა ქონებას ფლობს დეპუტატი და როგორ შეიცვალა 2016 წლიდან დღემდე მიხეილ ყაველაშვილის ქონებრივი დეკლარაციები.რა ქონებას ფლობს ყაველაშვილი?2022 წლის დეკლარაციის მიხედვით, მიხეილ ყაველაშვილის ქონებას მხოლოდ 2007 წელს, 22,000 აშშ დოლარად, გაბაშვილის ქუჩაზე შეძენილი 88 კვ.მ ფართობის ავტოფარეხი წარმოადგენს.  დეპუტატის და ოჯახის წევრების საკუთრებაში არ ფიქსირდება არც ერთი სხვა უძრავი თუ მოძრავი ქონება.დეპუტატის დეკლარაცია დიდწილად ცარიელია, თუმცა რამდენად ნიშნავს ეს, რომ ის მართლაც არ ფლობს სხვა ქონებას? თუ დეკლარაციის არასწორად შევსების ფაქტებს გავითვალისწინებთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ 2022 წლის დეკლარაცია სრულად ასახავდეს რეალურ მდგომარეობას.2022 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მოკრძალებული იყო დეპუტატის შემოსავალი, გასავალი კი ფაქტობრივად არ ჰქონია. 2021 წელს ყაველაშვილის და მისი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი პარლამენტის წევრის ხელფასი იყო, რომელიც 53,449 ლარს შეადგენდა.  დეპუტატს წლის მანძილზე არ ჰქონია რაიმე სახის გასავალი. მისი და ოჯახის წევრების ანგარიშებზე დანაზოგის სახით ჯამში მხოლოდ 13,556 ლარი ირიცხებოდა.აღსანიშნავია, რომ 2016 წელს დეპუტატის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მას უფრო მეტი შემოსავალი და ქონება უფიქსირდებოდა ვიდრე 2022 წელს. შესაბამისად, ყაველაშვილი იმ იშვიათ დეპუტატს შორის არის, ვისი ქონებაც არა თუ გაიზარდა წლების მანძილზე, არამედ შემცირდა.ნავთობის ბიზნესი ციურიხშიმიხეილ ყაველაშვილმა 2009 წლის 23 ოქტომბერს სხვა პარტნიორებთან ერთად შევიცარიაში კომპანია GTL Oil trade and invest gmnh დააარსა. შვეიცარიის ბიზნეს რეესტრის თანახმად, კომპანიის საქმინობის სფეროს ნავთობით ვაჭრობა, ნავთობის ბიზნესში ინვესტირება, ასევე ნავთობთან და ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული ნებისმიერი კომერციული ან ფინანსური საქმიანობას წარმოადგენდა;მიხეილ ყაველაშვილი კომპანია GTL Oil trade and invest gmbh-ში 24,5%-იან წილს ფლობდა, ხოლო მისი ბიზნეს პარტნიორები გია და გოჩა მახათაძეები იყვნენ. კომპანია GTL Oil trade and invest gmnh, როგორც ჩანს არ აღმოჩნდა დეპუტატისთვის მომგებიანი. 2020 წელს კომპანიამ დაიწყო ლიკვიდაციის პროცესი, გაკოტრების საფუძველზე. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიას არანაირი აქტივი არ გააჩნდა, 2021 წლის 5 იანვარს შვეიცარიის სასამართლოში მოსამართლის გადაწყვეტილებით გაკოტრების საქმის წარმოება შეწყდა. სავარაუდოდ, ამის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო კომპანიის სახსრების არარსებობა ლიკვიდაციის მომსახურებისთვის (“liquidation service fee”) გადასახდელად, ან სხვა კრედიტორების მიმართ არსებული ვალდებულება.საბოლოოდ, ჯერ კიდევ 2020 წელს დაწყებული ლიკვიდაციის პროცესი სულ რამდენიმე კვირის წინ დასრულდა. შვეიცარიის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 2023 წლის 23 მარტს, კომპანია GTL Oil Trade and Invest GmbH -ის ლიკვიდაცია მოხდა. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კომპანიამ შეძლო პროცესთან დაკავშირებული გადასახადების დაფარვა.საინტერესოა, რა თანხის გაღება დაჭირდება დეპუტატას, პარტნიორებთან ერთად, აღნიშნული დავალიანების გადასახდელად და დაადეკლარირებს თუ არა ამ ინფორმაცის მიხეილ ყაველაშვილი თავის დეკლარაციაში. თუმცა, 2023 წლის დეკლარაციაში კომპანიასთან დაკავშირებული ხარჯების ხილვანაკლებად სავარაუდოა, გამომდინარე იქიდან, რომ დეპუტატი უკვე 2021 წლიდან აღარ უთითებს ინფორმაციას კომპანია GTL Oil trade and invest gmbh-ის შესახებ.ოჯახის წევრები ქონება და კომპანიები, რომელიც დეპუტატის დეკლარაციებში არ მოხვდათამარ ბაგრატიონი, მეუღლე: საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით კომპანიაში, შპს ჯეომაკში 40% წილის მესაკუთრე მიხეილ ყაველაშვილის მეუღლე, თამარ ბაგრატიონია. კომპანია 2016 წელს დაფუძნდა ლევან ბაქრაძის მიერ, რომელმაც თავისი წილებიდან 40% თამარ ბაგრატიონს 2018 წლის თებერვალში უსასყიდლოდ გადასცა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით, 2018 წლიდან დღემდე თამარ ბაგრატიონი კომპანიის წილების 40%-ის მესაკუთრეა.მეუღლის კომპანია მიხეილ ყაველაშვილს 2019, 2020 და 2021 წელს შევსებულ დეკლარაციაში ჰქონდა ასახული, თუმცა 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში კომპანია აღარ არის მითითებული. დეკლარაციით არ ფიქსირდება, რომ კომპანიაში წილები თამარ ბაგრატიონმა გაასხვისა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით კი თამარ ბაგრატიონი კვლავ ფლობს კომპანიის წილების 40%-ს. კომპანიის საქმიანობის შესახებ მითითებულია შემდეგი - რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები.აღსანიშნავია, რომ 2020-2021 წლის მონაცემებით შპს გეომაკმა, როგორც მე-4 კატეგორიის კომპანიამ, სახელმწიფოს ანგარიშგების  პორტალზე კანონის შესაბამისად ფინანსური დოკუმენტი წარადგინა. მეოთხე კატეგორიის საწარმო სუბიექტის კატეგორიას მიეკუთვნება კომპანია, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:ა) აქტივების ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს არ აღემატება;ბ) შემოსავალი 2 მილიონ ლარს არ აღემატება;გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 10-ს არ აღემატება.შესაბამისად,  კომპანიას ამ წლების განმავლობაში ჰქონდა შემოსავალი და ბუნებრივია კომპანიიდან სარგებელი უნდა მიეღო მესაკუთრეებსაც. თუმცა, 2021 წელს შევსებულ დეკლარაციაში სადაც 2020 წლის განმავლობაში კომპანიიდან მიღებული შემოსავალი უნდა იყოს ასახული,  კომპანიიდან მიღებულ სარგებელში თამარ ბაგრატიონი 0 ლარს უთითებს. 2022 წლის დეკლარაციიდან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კომპანია საერთოდ ქრება.მარიამ ყაველაშვილი, შვილი: ფლანგვის დეტექტორმა შეისწავლა მიხეილ ყაველაშვილის შვილის, მარიამ ყაველაშვილის ქონებაც. აღსანიშნავია, რომ მარიამ ყაველაშვილი, ოჯახის წევრად 2016-2021 წლების დეკლარაციაში იყო მითითებული, ხოლო 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში მარიამ ყაველაშვილი აღარ ფიქსირდება.საინტერესოა, რომ მას შემდეგ რაც მარიამ ყაველაშვილი დეკლარაციაში აღარ ფიქსირდება, მან დააფუძნა კომპანია. კერძოდ კი 2022 წლის 24 მარტს მარიამ ყაველაშვილმა შპს მელთფრანჩაიზე დააარსა, რომლის 100% მესაკუთრე და დირექტორი თავად არის. აღსანიშნავია, რომ კომპანიის დაფუძნებამდე, 2020 წლის მაისიდან, მარიამ ყაველაშვილი ინდ.მეწარმედ იყო რეგისტრირებული და კომპანია ამის შემდგომ დააფუძნა, რომელიც ბაზარზე მომხმარებლებისთვის ცნობილია, როგორც MELT.დასკვნაქართული ოცნების არაფორმალური განაყოფის, “ხალხის ძალის” წევრი მიხეილ ყაველაშვილი ე.წ რუსული კანონის ინიცირებით  ცდილობდა და ორგანიზაციებს გამჭვირვალობისაკენ მოუწოდებდა. ამავე დროს, იგი თავად უარს ამბობს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებაზე და დეკლარაციას არაკეთილსინდისიერად ავსებს. საჯარო სამსახურის ბიურომ დეპუტატის დეკლარაცია 2-ჯერ შეამოწმა და ორივე შემთხვევაში დარღვევები დააფიქსირა. 2023 წელს კომისიის გადაწყვეტილებით დეპუტატის დეკლარაცია კვლავ შეფასდება.  როგორც ზემოაღნიშნული ინფორმაციიდან ჩანს, 2022 წელს დეპუტატის მიერ შევსებულ დეკლარაციაში კვლავ შეინიშნება დარღვევები, შესაბამისად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2023 წელს ბიუროს  შემოწმების შედეგად კვლავ მოუწევს დეპუტატის დაჯარიმება დეკლარაციის არასწორად შევსების გამო.