სააკაშვილს არც საქართველოში აქვს პოლიტიკური მომავალი და არც უკრაინაში - ვახტანგ ძაბირაძე
სააკაშვილს არც საქართველოში აქვს პოლიტიკური მომავალი და არც უკრაინაში - ვახტანგ ძაბირაძე

A+ A-

15:45 28/01/2019

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის "კვირის აქცენტებში“ გაკეთებულ განცხადებებს არასერიოზულს უწოდებს. ამის შესახებ მან "2020NEWS"-თან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, საკაშვილი საქართველოში პოლიტიკური მოცემულობის შეცვლას 72 საათში ვერ მოახერხებს.

"სააკაშვილის გამოსვლა და საუბარი, რომ 72 საათი დასჭირდება ივანიშვილის გასაშვებად, ძალიან მაგონებს, (ოღონდ განხორციელებულს) ნაპოლეონ ბონაპარდის  დაბრუნებას საფრანგეთში. არ ვიცი, მას მარსელიდან პარიზში ჩასასვლელად  72 საათი დასჭირდა თუ არა, მაგრამ საკმაოდ მოკლე დროში გაიარა, თუმცა ბონაპარდს  მთელი საფრანგეთი უჭერდა მხარს და არმიაც  მის მხარეს იყო.

ექსპერტის  აზრით, სააკაშვილს არ აქვს იმის შანსი, ბონაპარდის მსგავსად, 100 დღით მაინც დაბრუნდეს საქართველოში.

"რამდენი ხნით დაბრუნდება, ეს კიდევ სხვა თემაა. რატომ სჭირდება მას 72 საათი ცოტა ეს მიკვირს.  ტექნიკა განვითარდა და 72 საათი რა საჭიროა, არ მესმის. ალბათ ზღვიდან მთელი საქართველოს გადასერვა უნდა, მაგრამ თბილისში თუ შემოვა მერე რაღა პრობლემაა. სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების თემამ კომიკური ხასიათი მიიღო  და რატომ ვერ ხვდება ამას თავად, ან რატომ არ ეუბნებიან მისი ახლობლები და მეგობრები,  არ მესმის.

72 საათით მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას თუ შეძლებენ მისი მხარდამჭერები, ის მართლაც ჩამოვა და გააკეთებს იმას, რასაც ამბობს, მაგრამ მაგას ვერ შეძლებს და ვერ გააკეთებს ვერც ემიგრანტებთან ერთად და ვერც მომწიფებული სიტუაციით. პარალელები ვენესუელასთან, ესეც მითის  თუ ზღაპრული სიუჟეტის გაგრძელება მგონია. გულწრფელად გითხრათ, სააკაშვილს  ვუსმინე, მაგრამ რა ვქნა და სერიოზულად ვერ აღვიქვამ ასეთ გამოსვლებს. არამარტო იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში არსებული სიტუაციაა ასეთი. ზოგადად, ჩემი აზრით არასერიოზული განცხადებებია, თან ეს ხომ მისი პირველი განცხადება არ არის ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

ექსპერტის აზრით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს არც უკრაინაში აქვს პოლიტიკური მომავალი, მაშინაც კი, თუ ქვეყნის პრეზიდენტი იულია ტიმოშენკო გახდება.

"გამორიცხულია, სააკაშვილმა უკრაინაში პოლიტიკური მოღვაწეობა გააგრძელოს.  ერთ-ერთმა პრეზიდენტმა უკვე სცადა სააკაშვილის გამოყენება, მაგრამ ეს ვერ და არ მოხერხდა. პოროშენკო მყავს მხედველობაში, რომელსაც   სააკაშვილთან უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდა, ვიდრე ტიმოშენკოა, ფაქტობრივად სტუდენტობიდან მეგობრები იყვნენ. და რაც შეეძლო საქართველოში ნაპრეზიდენტალისთვის, ყველაფერი მისცა, მაგრამ  სააკაშვილს მერე პირველობა მოუნდა, მას საერთოდ უყვარს სხვის გაწყობილ მაგიდაზე სუფრის თავში დაჯდომა. ერთხელ უკვე ეს მოახერხა, როდესაც 2003-ში მთელი პროცესი ზოგადად ზურაბ ჟვანიამ მოამზადა, მაგრამ შედეგები მიიღო სააკაშვილმა. ასეთი ტიპის ადამიანია მიხეილ სააკაშვილი. მე გამოვრიცხავ, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში, იულია ტიმოშენკომ სააკაშვილს რამე შესთავაზოს.  

სააკაშვილი ყველას და ყველაფერს უცხადებს მხარდაჭერას, ოღონდ, რაიმე მიიღოს. უკრაინაში მას დამოუკიდებლად პოლიტიკური კარიერის გაკეთება არ შეუძლია, ამიტომ ვიღაცის მხარდაჭერის შემდეგ პოზიციების მოპოვებას და შემდეგ ამ პოზიციების გამოყენებას ცდილობს. პოროშენკოსთვის მხარდაჭერის გამოცხადება, ვნახეთ რითიც დასრულდა“, -  აცხადებს ექსპერტი.

ექსპერტის აზრით, შეუძლებელია საქართველოში პოლიტიკური პროცესები ისე განვითარდეს, რომ "ყველა მინუს ერთი" მივიღოთ.

"არ მგონია ასე რომ მოხდეს.  ეს იქნება ქართულ პოლიტიკაში სრულიად ახალი რამ, რასაც ფაქტობრივად, გამოვრიცხავ. თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ივანიშვილს სურვილის შემთხვევაში არ შეუძლია პარლამენტში უმრავლესობის შენარჩუნება. მას ყველა შემთხვევაში შეუძლია, უმრავლესობა შეინარჩუნოს, ეს ყველა პრეზიდენტმა შეძლო და ამას შეძლებს ივანიშვილიც. პარლამენტში 76 მანდატს ივანიშვილი ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს. რა იქნება შემდეგ 2020 წლის არჩევნებისთვის, ეს უკვე სხვა თემაა, იქამდე დიდი დროა და როგორ განვითარდება  პროცესი, ამაზე იქნება დამოკიდებული. "ყველას მინუს ერთი" -  ეს ფაქტობრივად, ნიშნავს  სამეფო კარის გადატრიალებას და კარის გადატრიალების თემა, მით უმეტეს ასეთ გახსნილი რეჟიმის პირობებში, საკმაოდ რთული რამ არის, თუ შეუძლებელი არა“, - აცხადებს ძაბირაძე.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშილმა გადაცემა "კვირის აქცენტებში“ განაცხადა, რომ მას საქართველოში სიარულის მხოლოდ 72 საათი სჭირდებოდა, რომ ივანიშვილი გააქროს.