რატომ არის აზერბაიჯანული თეატრის ხელმძღვანელი კომპანია „სოკარზე“ ნაწყენი?!
რატომ არის აზერბაიჯანული თეატრის ხელმძღვანელი კომპანია „სოკარზე“ ნაწყენი?!

A+ A-

15:58 17/10/2018

ავარიული და ამორტიზებული შენობა, სცენისა და მაყურებელთა დარბაზის არარსებობა, მოშლილი და განადგურებული ინფრასტრუქტურა – ამ ყველაფრის მიუხედავად, თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრი მუშაობას კვლავ განაგრძნობს და სეზონის გახსნისთვის ემზადება.

„ძალიან ნაწყენი ვარ „სოკარზე“. ეს არის აზერბაიჯანული კომპანია, რომელიც საქართველოში ყველაფერს აფინანსებს, ამ თეატრის გარდა. თუმცა, ორი თვის წინ, ერთჯერადად ჩაგვირიცხა თანხა, რომელიც მსახიობების ხელფასებზე გადანაწილდა და თეატრის ტექნიკური ნაწილის იმ თანამშრომლებზე, ვინც სპექტაკლების მომზადებაში მიიღო მონაწილეობა. შესაბამისად, მომავალშიც რამდენჯერმე გავცემთ მსახიობებისთვის და ტექნიკური ჯგუფისთვის დანამატს, ვინც კონკრეტულ სპექტაკლებზე აქტიურად იმუშავებს. იმედია კომპანია „სოკარი“ მომავალშიც დაგვეხმარება. პირადად ალიევისგან ან მისი ფონდისგან არავითარი პასუხი არ მიგვიღია, მხოლოდ აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრო გამოგვეხმაურა და ერთი თვის სახელფასო ფონდით დაგვასაჩუქრა“, – განუცხადა “2020NEWS”-ს ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვარლამ ნიკოლაძემ.

რაც შეეხება ქართულ მხარეს, ნიკოლაძის თქმით, კულტურის სამინისტრომ თეატრს შესთავაზა ალტერანტიული ფართი, თუმცა, როგორც ჩანს თეატრის დირექციისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა.

“კულტურის სამინისტრომ შემოგვთავაზა 813 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, სადაც უნდა აშენებულიყო თეატრი, მაგრამ მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ეს 813 კვ.მ. მხოლოდ სცენაა, დარბაზი და შესასვლელი ფოიე. კითხვა მაქვს – თეატრს სხვა არაფერი სჭირდება? სად იქნებოდა საგრიმიორო ოთახი, გასახდელი, სარეპეტიციო, დეკორაციების შესანახი საწყობი და გარდერობი? – ეს ყველაფერი რომ დაიანგარიშოთ, მინიმუმ, 1400 კვ.მ.-ის შენობა მაინც უნდა იყოს, რომ თეატრმა იარსებოს და ფუნქციონირება გააგრძელოს“, – განუცხადა “2020NEWS”-ს ვარლამ ნიკოლაძემ.

მისივე თქმით, თანამშრომლები წინააღმდეგნი არიან თეატრმა მისამართი და ადგილმდებარეობა შეიცვალოს, თუმცა სამხარაულის დასკვნის შედეგად, თეატრის შენობას რესტავრაცია ვერ გაუკეთდება, რადგან შენობა იმდენად ავარიულია, რომ მთლიანად ჩამოინგრევა.