საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია სტალინის დახმარებით აღიდგინა
საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია სტალინის დახმარებით აღიდგინა

A+ A-

13:54 16/01/2019

საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალიის აღსადგენად მძიმე და დიდი გზა გაიარა. მეზობელი რუსეთი დიდხანს ცდილობდა, საკუთარი გავლენის ქვეშ მოექცია ქართული ეკლესია. ყველაფერი 1801 წელს რუსეთის იმპერატორ  ალექსანდრე პირველის მანიფესტით დაიწყო. მანიფესტის მიხედვით,   საქართველოს სახელმწიფოებრიობამ არსებობა შეწყვიტა და ქვეყანა ქართლ -კახეთის გუბრენიის სახით, რუსეთის იმპერიას შეუერთდა. ისტორიულ  წყაროებიდან ვიგებთ, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმება  ქართველ ხალხს სიონის ტაძარში აცნობეს.

რუსეთის სურვილი იყო, ეს თემა  ხალხში ავტორიტეტული ქართული ეკლესიის მეშვეობით აღესრულებინა. მომხდართან დაკავშირებით დიმიტრი ყიფიანი წერდა, რომ "სიონში მისული ქართველები მანიფესტის მოსმენისას სასტიკად აღელვებულან, თუმცა სიონისაკენ მიმავალ ქუჩებში გამწკრივებული იყო ორ-წყებად ჯარი". მანიფესტი რუსულად წაიკითხეს, ქართულად არც კი უთარგმნიათ.

ამის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება გადაწყვიტა.  1801 წლის აქტის შემდეგ,  საქართველოს მთავარმართებელი უხეშად ერეოდა საქართველოს  ეკლესიის საქმეებში. უფრო მეტიც, რუსეთის იმპერატორი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს  წერს, რომ "საქართველოს სამეფოს რუსეთის სახელმწიფოსთან შეერთების შემდეგ, სინოდის გამგეობაში ახალ მართვა-გემგეობასთან შეუთავსებელი იქნებოდა საქართველოში კათოლიკოსის ყოფნა".

რუსეთის ეკლესიის მესვეურები ძარცვავდენენ ქართულ ეკლესია-მონასტრებს და რუსეთში გაჰქონდათ ძვირფასეულობა. მოიშალა საეკლესიო კათედრები. ქართული წირვა-ლოცვა, მრავალხმიანი ქართული საგალობლები შეიცვალა რუსულით. ტაძრებში უძველესი ქართული ფრესკები შეათეთრეს. არადა, საქართველოს ეკლესია იმ დროს ფლობდა დიდძალ ქონებას, სახნავ-სათეს მიწებს, ტყეებს, სათევზაო ადგილებს, წისქვილებს, შენობებს და ა.შ.

1810 წლის 3 მარტს კათალიკოსი ანტონ მეორე ძალით გაიწვიეს პატერბურგში და საქართველოში დაბრუნების ნება აღარ მისცეს. ქართველ ხალხს კი ატყუებდნენ და მხოლოდ ერთი წლის შემდეგ აცნობეს მთავარმართებელ გოლიცინის პირით, რომ კათოლიკოსის დაგვიანება მისი ავადმყოფობის გამო ხდებოდა.

ანტონ მეორის მოსაყდრედ დაინიშნა ვარლამ ერისთავი, რუსეთში აღზრდილი და რუსული ეკლესიის კარგი მცოდნე, რომელსაც მთავარმართებელმა ტოხმასოვმა წერილი გამოუგზავნა, სადაც ეწერა: "სინოდის ობერპროკურორი მაცნობებს, რომ ხელმწიფე იმპერატორის სურვილით საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობა ისე უნდა მოეწყოს, რომ იგი დამოკიდებული იქნას რუსეთის წმინდა სინოდზე".

რეორგანიზაციის პროექტი წარედგინა მთავარმართებელ ტოხმასოვს, რომელიც დაამტკიცა წმინდა სინოდმა.

1811 წლის 30 ივნისს ამ პროექტით საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია დაკარგა.

მეოცე საუკუნის დასაწყისში საქართველოს ეროვნული მოძრაობის მესვეურებმა, ქართულ სამღვდელოებასთან ერთად, დაიწყეს ზრუნვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის. ქართული საზოგადოების მოწინავე ნაწილმა ილია ჭავჭავაძის თაოსნობით, მიმართა მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვს და კატეგორიულად მოსთხოვა საქართველოს ავტოკეფალიის საკითხის განხილვა.

მეფის მთავრობამ სანკტ-პეტერბურში დანიშნა სხდომა, სადაც მოხსენებით გამოვიდნენ ეპისკოპოსები კირიონი და ლეონიდე, პროფესორები ალექსანდრე ცაგარელი, ალექსანდრე ხახანაშვილი და ნიკო მარი. რუსულ სამღვედლოებასა და სამეცნიერო წრეებთან მწვავე დისკუსიის შემდეგ, საქართველოს წარმომადგენლებმა შეძლეს დასაბუთება, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება ეწინააღმდეგებოდა მსოფლიო ეკლესიის კრებების კანონებს.

1917 წლის 12 (25) მარტს ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო კრებაზე მიიღო დოკუმენტი, სადაც ეწერა: "1917 წლის 12 (25) მარტიდან გრძელდება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. დროებით, კათალიკოსის არჩევამდე, ეკლესიის გამგედ ინიშნება გურია-ოდიშის ევპისკოპოსი ლეონიდე. საქართველოს ეკლესიის მმართველობა ევალება აღმასრულებელ კომიტეტს, რომელშიც შედიან როგორც სასულიერო, ისე საერთო პირები".

1917 წლის სექტემბერში ქართულმა ეკლესიამ 106-წლიანი იძულებითი შუალედის შემდეგ კვლავ აირჩია კათოლიკოს-პატრიარქი. ეს პატივი წილად ხვდა ავტოკეფალიის დაუცხრომელ მებრძოლ კირინოს.

თუმცა, არც ამით დასრულებულა ქართული ეკლესიის მოწამებრივი გზა. ქართველმა სასულიერო პირებმა აქტიური ბრძოლა დაიწყეს სრული ტერიტორიული ავტოკეფალიის აღდგენისათვის, რადგან კარგად იცოდნენ, რომ თუ ეკლესიას არ ექნებოდა სრული ავტონომია, მისი იურისდიქცია სრულიად საქართველოში ვერ გავრცელდებოდა.

ეს კარგად იცოდა რუსეთის ხელისუფლებამაც და ამ საქმეს ყოველმხრივ აჭიანურებდა. მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა საქართველოს იძულებითი გასაბჭოების შემდეგ. ხელისუფლებაში მოვიდნენ ბოლშევიკები, რომლებმაც სასტიკი ბრძოლა გამოუცხადეს ეკლესიას.

მდგომარეობა ოდნავ გამოსწორდა მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას. საბჭოთა პოლიტიკურმა ელიტამ გადაწყვიტა ეკლესიასთან მიმართებაში თავისი პოზიციები შეერბილებინა და რუსეთში პარტრიაქის ინსტიტუტის აღსადგენად ხელსაყრელი პირობები შექმნა. ამ ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს პატრიარქმა კალისტრატე ცინცაძემ დაიწყო ნიადაგის მომზადება, რომ რუსეთის ეკლესიისთვის საქართველოს ავტოკეფალია მოეთხოვა.

1943 წლის 17 სექტემბერს მან მისალოცი წერილი გაუგზავნა ახლად არჩეულ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ სერგის და იმედი გამოთქვა "მშვიდობიან თანაცხოვრებაზე ღმერთის სადიდებლად". საპასუხო წერილში რუსეთის პატრიაქმაც გამოთქვა სურვილი, რომ "თანაცხოვრება ეკლესიებისა ხელს შეუწყობდა ამ ორ ხალხს შორის ურთიერთობის გაღრმავებას".

1943 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ჩამოვიდა რუსეთის პატრიარქის წარმომადგენელი მეუფე ანტონი, რომელმაც ქართულ სამღვდელოებასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ რუსული საპატრიარქო თანახმა იყო, ეღიარებინა საქართველოს ეკლესიის ტერიტორიული ავტოკეფალია საქართველოს სსრ-ის ფარგლებში.

1943 წელს რუსეთის ეკლესიამ ოფიციალურად აღიარა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ 1917 წლის 12 (25) მარტს გამოცხადებული ავტოკეფალია.

ასეთი იყო ამ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებული ოფიციალური ვერსია, თუმცა იმ პერიოდში ხალხში სხვა ვერსიებიც ვრცელდებოდა. კერძოდ ის, რომ რუსეთის ეკლესიამ, რომელიც 1917 წლიდან 1943 წლამდე არ ცნობდა  საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას, ეს გადაწყვეტილება იოსებ სტალინის მოთხოვნით შეცვალა. ანუ, სტალინის ინიციატივით განიცადა ცვლილება საბჭოთა ხელისუფლების საეკლესიო პოლიტიკამ, რომ მან რუსეთის ეკლესიის მესვეურებთან შეხვედრის შემდეგ, ყველასთვის მოულოდნელად, რუსეთში პატრიარქის ინსტიტუტის აღდგენის იდეა წამოაყენა, რის შემდეგაც 1943 წლის სექტემბერში რუსეთში აღდგა პატრიარქობა.

ამბობდნენ იმასაც, რომ საქართველოს პატრიარქმა კალისტრატე ცინცაძემ სწრაფად აუღო ალღო შექმნილ ვითარებას. თუმცა იცოდა,  რომ პატრიარქი სერგი საქართველოსთვის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხს სტალინის გვერდის ავლით ვერ გადაწყვეტდა და ამ საკითხზე კრემლში სტალინს შეხვდა. შედეგად კი, რუსეთის საპატრიარქომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა.