"გვაქვს უტყუარი ინფორმაცია "ნაცმოძრაობისგან", რომ იგეგმება ძალიან ბინძური კადრების გავრცელება უცხოეთში"
"გვაქვს უტყუარი ინფორმაცია "ნაცმოძრაობისგან", რომ იგეგმება ძალიან ბინძური კადრების გავრცელება უცხოეთში"

A+ A-

15:56 14/09/2021

მე დღეს არ მაქვს უფლება, ვიდრე დაზუსტებით არ მეცოდინება, ჩემი ვარაუდების შესახებ მაყურებელსა და საზოგადოებას ველაპარაკო. თუმცა ვის ჰქონდა ამის საშუალება? ვის ჰქონდა ამის მოტივაცია, როგორც დღეს ეს ირკვევა. ვისი ინტერესია დღეს, რომ რაღაც რეალური თუნდაც ან რეალურთან მიახლოებული ინფორმაცია გაერიოს უამრავ ტყუილში და ერთი, ორი, სამი ან 5 რეალური ინფორმაციით ათასი ტყუილი დააჯერონ შემდეგ საზოგადოებას - ეს ალბათ ადვილი მისაგნებია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ფარული ჩანაწერებით პროკურატურა უკვე დაინტერესდა და საზოგადოებას ექნება სწორი, რეალური და მტკიცებულებებით გაჯერებული მონაცემები.

"ვისი ინტერესი იყო და თუკი ასეთი რამ ბოლო პერიოდის განმავლობაში მართლაც ხდებოდა, ვის მიერ იყო შესრილებული, შემდეგ დამონტაჟებული, გავრცელებული, ყველაზე ცუდი ისაა, რომ ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია „ნაცმოძრაობისგან“ იმის შესახებ, რომ იგეგმება გარკვეული, ძალიან ბინძური კადრების გავრცელება უცხოეთში - ამას გეგმავს „ნაციონალური მოძრობა“ იმისთვის, რომ მღელვარება გამოიწვიოს. იცით, რომ ისინი კამპანიას არ აწარმოებენ და ამაზე აგებენ ყველაფერს. რადგან ეს იგეგმება და ეს ინფორმაცია გვაქვს, ამიტომ ვახდენთ პრევენციას წინასწარ ვაფრთხილებთ საზოგადოებას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, საუბარია პირადი ცხოვრების ამსახველი ან მისი ფაბრიკაციის გავრცელებაზე.

ინტერნეტში სავარაუდო ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე მასალები გავრცელდა.

საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.