"მე თქვენ ვეღარც გამაშავებთ და ვეღარც გამათეთრებთ, 2017 წლის 1 დეკემბერს დავასრულე მეც სიცოცხლე ჩემს შვილთან ერთად"
"მე თქვენ ვეღარც გამაშავებთ და ვეღარც გამათეთრებთ, 2017 წლის 1 დეკემბერს დავასრულე მეც სიცოცხლე ჩემს შვილთან ერთად"

A+ A-

18:44 31/08/2021

შვილმოკლული მამა ზაზა სარალიძე გუშინ გავრცელებულ ვიდეო-მასალას, სადაც მას მოსყიდვაში ადანაშაულებენ, სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ „ექსკლუზივნიუსის“ რედაქტორის მიერ გავრცელებული ჩანაწერი მისი გაშავების მცდელობაა.

„2017 წლის 1 დეკემბრიდან მოყოლებული ჯერ ქოცაქტივმა გადაუარა ჩემი მოკლული შვილის სახელს და საფლავს, შემდეგ მკვლელები დაიჭირეს და ნაცაქტივმა გადაუარა…​

ერთადერთი ადამიანი, ერთადერთი, ხაზგასმით ვამბობ, იყო და არის ალექსანდრე ხოჯევანიშვილი მაშინდელი ხელისუფლებიდან, ვინც ადამიანურად მიმიღო და მიიღო ჩემი ოჯახის ტკივილი, როცა მუხლდაჩოქილი ვიხვეწებოდი დახმარებას და ოცნების დეპუტატები მხრებს იჩეჩავდნენ და მარტო კანონების ენით მელაპარაკებოდნენ, რომელ კანონში ვერც მოკლული და ვერც ცოცხალი შვილის დასაცავი მექანიზმი ვერ ვნახე, კანონი მხოლოდ თქვენი, ელიტის წარმომადგენლების დასაცავად ყოფილა.

როგორც ვხედავ, აქ ალეკოს გასაშავებლად იბრძვით, მე თქვენ ვეღარც გამაშავებთ და ვეღარც გამათეთრებთ, 2017 წლის 1 დეკემბერს დავასრულე მეც სიცოცხლე ჩემს შვილთან ერთად და მკვდარი გინდა გააშავე, გინდა გადაუარე…

პ.ს. ამ დროს 2018 წელს ალეკო გენინსპექციის უფროსი იყო და ზვიად კუპრავას ჰკითხეთ, ვისი გვარებიც წერია მაგ კონვერტში, უკეთ ეცოდინება იმ პოლიციელების გვარები, ვინც დაისაჯა მისი სასამართლოს ვითომ შეურაცხყოფის გამო“, - წერს სარალიძე სოციალურ ქსელში.