ნიკოლოზ მეტრეველი - პრეზიდენტს მინდა შევახსენო, პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა და არა ამორალური და დანაშაულებრივი გარიგებების
ნიკოლოზ მეტრეველი - პრეზიდენტს მინდა შევახსენო, პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა და არა ამორალური და დანაშაულებრივი გარიგებების

A+ A-

18:21 08/08/2021

საქართველოს პრეზიდენტს მინდა შევახსენო, პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა და არა ამორალური და დანაშაულებრივი გარიგებების. პოლიტიკა დემოკრატიულ საზოგადოებაში ხალხის ნებით წარმოებს და არა პოლიტიკური თამაშებისთვის. როდესაც, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს, პრეზიდენტს დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელი პირობები ავიწყდება, - აცხადებს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი "2020NEWS“- თან.

"პირველი, კოალიციური მთავრობები იქმნება პოლიტიკური სუბიექტების ამომრჩეველთა ნების  სრული გათვალისწინებით. მეორე,  პოლიტიკური სუბიექტების იდეოლოგიური თავსებადობით. მესამე, დემოკრატიულ საზოგადოებებში პოლიტიკაში არსებობს  მკაცრი მორალური და იურიდიული ნორმები.

სამწუხაროდ, დღეს საქართველოში კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად არცერთი ეს ჩამოთვლილი წინაპირობა არ არსებობს. ქართული ოცნების  მილიონ ამომრჩეველს და ზოგადად ამ ქვეყნის მოქალაქეთა  გადამწყეტი უმრავლესობისთვის რაიმე ალიანსი და მითუმეტეს, კოალიციური მთავრობის შექმნა პოლიტიკურ სუბიექტებთან, რომლებიც იყვნენ, არიან და დარჩებიან ანტიკონსტიტუციურ, ანტიდასავლურ, ქვეყნის ძარცვაზე და ადამიანებზე სისტემური ძალადობის სინონიმებთან ასოცირებული, კატეგორიულად მიუღებელია. პრეზიდენტი, როდესაც მსგავს განცხადებას აკეთებს, ის როგორც პასუხისმგებელი პოლიტიკოსი, მკაფიოდ უნდა ასახელებდეს კოალიციური მთავრობის შესაძლო სუბიექტებს.

და ბოლოს, რა აუცილებლობა უნდა არსებობდეს კოალიციური მთავრობის შესაქმნელად ასეთ ე.წ. პოლიტიკურ ძალებთან, როდესაც გამარჯვებულ პოლიტიკურ პარტიას უპრობლემოდ შეუძლია დააკომპლექტოს ხელისუფლების ყველა შტო და ვერტიკალი?! საქართველოს პრეზიდენტი განცხადებებს, მხოლოდ განცხადებისათვის არ უნდა აკეთებდეს. პრეზიდენტმა უნდა იცოდეს მკაფიოდ  საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების განწყობები. სისტემურ დანაშაულებებში მხილებულ  ამორალურ ე.წ. პოლიტიკოსებთან დემოკრატიულ ქვეყნებში კოალიციები არ იქმნება“, - აცხადებს მეტრეველი.