ჭიათურაში პროტესტის ნიშნად პირი კიდევ ორმა ადამიანმა ამოიკერა
ჭიათურაში პროტესტის ნიშნად პირი კიდევ ორმა ადამიანმა ამოიკერა

A+ A-

13:02 18/05/2021

ჭიათურაში, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" საქმიანობით დაზარალებულმა კიდევ ორმა ადამიანმა, პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას, უკვე 5-მა ადამიანმა მიმართა. პარალელურად, სოფელ შუქრუთის მოსახლეობა, უკვე 8 დღეა, შიმშილობს.

პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ კომპანია მათი საცხოვრებელი სახლებისა და საკარმიდამო მიწების ქვეშ, მადნის მოპოვების სამუშაოებს აწარმოებს, რის გამოც სახლები დაზიანებულია და ავარიულ შენობებში ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიში გახდა. ამასთან, დამეწყრილია სახნავ-სათესი მიწებიც, ეზოებში უზარმაზარი ღმულებია გაჩენილი.  

პროტესტის მონაწილეები ითხოვენ, რომ კომპანიამ სამუშაოები შეწყვიტოს ან მათ ზარალის ასანაზღაურებლად კომპენსაცია გადაუხადოს.

"92 დღეა გვაქვს უწყვეტი პროტესტი. კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" აზიანებს ჩვენს საცხოვრებელ სახლებს, ანადგურებს სოფელს. არანაირი გამოხმაურება ამ 92 დღის განმავლობაში არ ყოფილა. შესაბამისად, მე-8 დღეა უკვე გადავედით პროტესტის უკიდურესს ფორმაზე და 5-მა ადამიანმა ამოიკერა პირი"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

"ჯორჯიან მანგანეზმა" ინფორმაცია სოფელ შუქრუთის მოსახლეობასთან მიღწეული შეთანხმების შესახებ, 2 დღის წინ გაავრცელა. კომპანიის ინფორმაციით, ადგილობრივები კომპენსაციებს რამდენიმე თვეში სრულად მიიღებენ. თუმცა შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა ამ ადამიანებთან, რომლებიც, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.