სამუშაო ჯგუფის ფორმატში საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებზე მუშაობა დასრულდა
სამუშაო ჯგუფის ფორმატში საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებზე მუშაობა დასრულდა

A+ A-

22:39 17/05/2021

საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა ბოლო შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა სამუშაო ჯგუფმა პოზიციების დაახლოებითი ცვლილებების პროექტი მოამზადა, რომელიც მიმდინარე კვირაში ვენეციის კომისიაში გაიგზავნება.

საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების პროექტის მიღება საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე იგეგმება.

"ჩვენ ყველა საკითხზე, რაც შეეხებოდა 19 აპრილის შეთანხმებას, შევთანხმდით. ძირითადი საკითხი იყო ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის საკითხი და ადმინისტრაციის დაკომპლექტება და ამასთან დაკავშირებით შევთანხმდით, რომ იქნება ორი მოადგილე პროფესიული და ოპოზიციის მიერ დასახელებული. იმ შემთხვევაში, თუ ცესკოს თავმჯდომარე ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, ოპოზიციური წევრების მიერ დასახელებული კანდიდატი შეასრულებს მის მოვალეობას. შემიძლია ვთქვა, რომ ცვლილებების პაკეტს საბოლოო ფორმას ვაძლევთ და ვიღებთ ამბიციურ საარჩევნო რეფორმას იმ გაგებით, რომელიც იყო 19 აპრილის შეთანხმებაში და ასევე შევათანხმეთ ისეთი საკითხებიც, რომლებიც საარჩევნო პროცედურას გააუმჯობესებს. ყველა შემთხვევაში ეს არის უფრო მეტი, ვიდრე შეთანხმებული იყო 19 აპრილის დოკუმენტში“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ცვლილებების პროექტი და მომზადებული დოკუმენტი სამუშაო ჯგუფის წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ბადრი ჯაფარიძემ მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა, თუმცა, მისივე განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე კვლავაც გაგრძელდება.

"დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადმოდგა რიგი შემხვედრი ნაბიჯები იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, ვაყენებდით და ეს პოზიტიური განვითარებაა. ეს დოკუმენტი არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ. ჩვენ ვაგრძელებთ განხილვას და პარლამენტში საშუალება იქნება ცვლილებების პროექტი პირველი და მეორე მოსმენით განვიხილოთ“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.