ბანკებისა და ცენტრალური ბანკების დაპირისპირება კრიპტოვალუტების შესახებ
ბანკებისა და ცენტრალური ბანკების დაპირისპირება კრიპტოვალუტების შესახებ

A+ A-

16:54 10/05/2021

პარასკევის ამბები
1.    მიუხედავად დასაქმების სუსტი მაჩვენებლებისა, აშშ-ის ბაზრები მკვეთრად გაიზარდა
2.    გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები
3.    ბანკებისა და ცენტრალური ბანკების დაპირისპირება კრიპტოვალუტების შესახებ
4.    რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირაში

შრომის ბაზრის არადამაკმაყოფილებელმა მონაცემებმა ინდექსების აღმასვლა გამოიწვია

აშშ-ს საფონდო ბაზრებისთვის ერთდროულად კარგი და ცუდი დღე: მიუხედავად აპრილის თვეში მოსალოდნელზე ნაკლები ხელფასებისა არასასოფლო-სამეურნეო სექტორში, DJIA-მ და S&P 500-მა მორიგი ისტორიული მაქსიმუმები გადაწერეს. გასულ თვეში ამერიკელმა დამსაქმებლებმა სათვალავს 266,000 სამუშაო ადგილი დაამატეს, თუმცა ეკონომისტები მაჩვენებლის 1 მლნ-ზე მეტად გაზრდას ვარაუდობდნენ. უმუშევრობის დონემ ოდნავ მოიმატა და 6,1% შეადგინა.

ამერიკულმა ფიუჩერსებმა აპრილის სახელფასო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ თავდაპირველად დაღმასვლა განიცადეს. თუმცა, ზოგიერთმა ინვესტორმა სუსტი შედეგები იმის ნიშნად მიიღო, რომ ფედერალური ბანკი ამჟამინდელ დაბალ საპროცენტო განაკვეთებს კიდევ დიდხანს დატოვებს, $120-მილიარდიანი კორპორატიული ობლიგაციების ყოველთვიურ შესყიდვას კი კვლავინდებურად განაგრძობს. ამან ფიუჩერსებს მკვეთრი ზრდისკენ უბიძგა. სიახლემ ტექნოლოგიური აქციები რბოლაში ჩააბა, Nasdaq-ის ინდექსი კი - ხუთ დღეში პირველად - უფრო მაღალ ნიშნულზე დაიხურა. ტექნოლოგიური სექტორი დაბალი საპროცენტო განაკვეთებით განსაკუთრებულად ხეირობს იმის გათვალისწინებით, თუ რა ზომის სესხს იღებს ის.

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ხაზინის მდივანმა ჯანეტ იელენმა აღიარეს შრომის ბაზარზე არსებული არასახარბიელო ვითარება. ქვეყნის პირველი პირი კვლავ ,,ამერიკული ოჯახების გეგმის’’ მიღებას ითხოვს, რომელიც ბავშვთა მოვლის საგადასახადო კრედიტების სახით თვეში $300-ს ითვალისწინებს. ადმინისტრაცია შეშფოთებულია იმ ქალთა სიმრავლით, რომლებიც გასულ წელს სამუშაო ძალას პანდემიის ფონზე გამოაკლდნენ. ამასთან, დღეს უფრო ნაკლები ამერიკელი მუშაობს, ვიდრე ეს 1980-იანი წლებიდან 2010 წლამდე ოდესმე ყოფილა, შემოსავლების არათანაბრობა კი კიდევ მეტად გამძაფრდა.  


გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები
●    გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მხარი არ დაუჭირა მხარი აშშ-ს წინადადებას, რომელიც კოვიდ-ვაქცინებზე საავტორო უფლებების შესახებ უარის თქმას გულისხმობდა. ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, როდესაც ევროკომისიამ Pfizer-სა და BioNTech-თან 1,8 მლრდ დოზის შემოტანის პირობებზე შეთანხმებას ხელი მოაწერა.
●    ტაივანის ექსპორტის მონაცემებმა მოლოდინებს გადააჭარბა, რადგან ნახევარგამტარებისა და სხვა ელექტრონული კომპონენტების საზღვარგარეთ გაყიდვები ბოლო ათწლეულში ყველაზე მზარდია. ,,ექსპორტის ღირებულება აპრილში წლიურად 38,7%-ით გაიზარდა და $35 მლრდ-ს გაუტოლდა, რაც ისტორიაში მეორე ყველაზე დიდი მაჩვენებელია, მარტის რეკორდს კი ცოტათი ჩამორჩება’’, იუწყება ადგილობრივი ფინანსთა სამინისტრო. ეს მონაცემები ეკონომისტთა ნავარაუდევ რიცხვებს 27,6%-ით უსწრებს.
●    Peloton მე-2 კვარტალში $915 მლნ-ით განსაზღვრულ შემოსავალს პროგნოზირებს. მისი განცხადებით, სარბენი ბილიკებთან დაკავშირებული აჟიოტაჟი (ინციდენტი, რომელსაც ტრენაჟორის ქვეშ მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალება მოჰყვა - რედ.), გაყიდვებს მხოლოდ $165 მლნ-ით შეამცირებს. წინასაბაზრო ვაჭრობაში აქციებმა 8%-ით მოიმატა, რადგან ინვესტორები მზად უფრო მწვავე დანაკარგებისთვის იყვნენ. კომპანიის CEO ჯონ ფოულიმ განაცხადა, რომ ფინანსური გავლენა ,,მოკლევადიანი’’ იქნება და Tread-ისა და Tread+-ს პროდუქციის გაყიდვებს რაღაც ხნით გააჩერებს.
●    გარი გენსლერმა, ფასიანი ქაღალდების და გაცვლის კომისიის (SEC) ახალმა თავმჯდომარემ, ამერიკელ სენატორებს განუცხადა, რომ სოციალური მედიისა და ონლაინ-ტრეიდინგის ქორწინება მარეგულირებელი ორგანოების კვლევის საგანია. ეს უკანასკნელი, მათ შორის, GameStop-ის აქციების წლევანდელი მკვეთრი რყევების საფუძველიცაა. გენსლერის თქმით, SEC ახალი შეზღუდვების დაწესებას იმ საბროკერო აპლიკაციებზე განიხილავს, რომლებიც ტექნოლოგიების მეშვეობით ადამიანებს უფრო მეტი აქციებითა და სხვა ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისკენ უბიძგებენ.
●    სპილენძის ფიუჩერსებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწიეს, რაც პანდემიის შემდეგ გლობალურ აღმავლობასთან დაკავშირებული ოპტიმიზმის გამოძახილია.  ლითონი, რომელსაც პროფესიონალები ხანდახან ,,Dr. Copper’’-ადაც უხმობენ, წამყვანი ფასიანი ქაღალდი და ერთგვარი ეკონომიკური ინდიკატორია. იგი სამრეწველო ინდუსტრიაში, ელექტროწარმოებასა და განვითარებად ,,მწვანე ტექნოლოგიებში’’ გამოიყენება.


დიდძალი სარგებლის გამოსყიდვა
აშშ-ს კომპანიები 2018 წლის მსგავსად საკუთარ აქციების უკუშესყიდვას ეწევიან: აპრილში საფონდო ბაზარზე $209 მლრდ-ის ოდენობის უკუშესყიდვა განხორციელდა. ყიდვა, რაც მას 2018 წლის ივნისის შემდეგ ყველაზე ნაყოფიერ თვედ აქცევს. მაშინდელი ტენდენცია ტრამპის ადმინისტრაციის მიერ კორპორატიული გადასახადის 35%-დან 21%-მდე შემცირებამ გამოიწვია.

დღესდღეობით განსხვავებული სიტუაციაა: კომპანიები იმაზე ბჭობენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ამავე გადასახადს 28%-მდე წარმატებით გაზრდის. ამის გამო, ისინი აქციების დაბრუნებით არიან დაკავებულნი. აქციების გაძვირებამ კორპორატიული ხაზინებიც გააძლიერა და მრავალი კომპანიისთვის, მათ შორის, Apple-ისა და Berkshire Hathaway-ისთვის, უკუშესყიდვები შესაძლოა დამატებითი შემოსავლის საუკეთესო წყარო აღმოჩნდეს.

კაპიტალის საუკეთესო გამოყენება?
როდესაც კომპანიები საკუთარ აქციებს ყიდულობენ, ისინი თავიანთ მოგებას თითო აქციაზე (EPS) ეფექტურად ზრდიან და ბაზარზე არსებული აქციების რაოდენობას ამცირებენ. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ამ კაპიტალს უკეთესად ვერავინ იყენებს, რადგან ის არ სჭირდებათ ქირაობის, სხვა კომპანიების შეძენის ან სესხის გასტუმრების დროს. შესაძლოა, ამ ნაბიჯით კომპანიებმა სხვებს სიგნალი გაუგზავნონ, რომ მათი აქციები სათანადოდ არ არის დაფასებული.

უკუშესყიდვები ზოგიერთ სასესხო ინვესტორს მოსვენებას უკარგავს: ისინი ხედავენ, რომ კაპიტალი ვალის დაფარვის ნაცვლად საფონდო აქციებზე იხარჯება, ეს კი მათი მოგების პერსპექტივებს აუფერულებს. აშშ-ს კომპანიებმა 2020 წელს რეკორდული ოდენობის სესხი აიღეს, ფედერალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთები შეამცირა და კორპორატიული ობლიგაციების შემსყიდველადაც კი იქცა, რათა ბაზარს სტაბილიზაციაში დახმარებოდა. ამან გარკვეული ხნის მანძილზე იმუშავა, თუმცა ახლა ამერიკული ფირმები ამ ფულს საკუთარი საფონდო ავლა-დიდების შეძენაში აბანდებენ.


97%
აშშ-ს კომპანიათა სამუშაო შტატის შემცირების მასშტაბმა სწორედ ამდენი პროცენტით (შედარებულია 1 წლის წინანდელ მაჩვენებელთან) იკლო. უსამსახუროდ დარჩენილთა შრომითი პირობების საკონსულტაციო ფირმის, Challenger, Grey & Christmas-ის მიხედვით, აპრილის თვეში ამერიკულმა კომპანიებმა 22,913 სამუშაო ადგილის გაუქმების შესახებ განაცხადეს, რაც მარტის ნიშნულს 25-ით ჩამორჩება, 2000 წლის ივნისის შემდეგ კი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.  

გასული წლის მარტში, პანდემიის დაწყებისთანავე, 222,288 ვაკანსია გაუქმდა, რასაც აპრილში კიდევ 671,129 დაემატა. საერთო ჯამში, 2020 წლის იანვრიდან აპრილამდე სამსახური 1,02 მლნ-მა, მთელი წლის მანძილზე კი - დაახლოებით 21,5 მლნ-მა ამერიკელმა დაკარგა. საპირისპიროდ, გასული წლის ივნისიდან დღემდე 12 მლნ-მდე სამუშაო ადგილი დაემატა. ამასთან უნდა ითქვას, რომ Challenger, Grey & Christmas-ის მოხსენებაში ოდენ ვაკანსიების შემცირებაზეა საუბარი, რომელიც სამსახურიდან დროებით გათავისუფლებას არ ითვალისწინებს.

რა განსხვავებას იძლევა 1 წელიწადი
მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში 167,599 ვაკანსია გაუქმდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 84%-ით ჩამორჩება. შედარებისთვის, 2020 წლის ფარგლებში კომპანიებმა 2,3 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი შეკვეცეს, რაც 2019 წლის რიცხვზე (592 556) თითქმის სამჯერ მეტია. ამ დანაკარგების თითქმის ნახევარი პირდაპირ პანდემიას უკავშირდება. გასულ თვეში ამ უკანასკნელმა მხოლოდ 29, 2021 წლის ფარგლებში კი - 6,922 ვაკანსიის გაუქმება განაპირობა.

აპრილში ამერიკულმა ფირმებმა გამოაცხადეს, რომ 76,345 მუშაკის დაქირავებას აპირებენ. 2021 წლის პირველ ოთხ თვეში დამსაქმებლების გეგმები 392 578 ახალი თანამშრომლის დაქირავებას ითვალისწინებდა. წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 68%-ით ნაკლებია.  
მეტი მუშახელის დაქირავება გაცილებით მეტ დროს ითხოვს, ვიდრე მათი დათხოვნა. მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომელთა უკმარისობის გამო ბევრი ამერიკული კომპანია ჩივის, პანდემიის გამო უმუშევრად კვლავ 9,5 მლნ ადამიანია დარჩენილი.

ბანკები, ფედერალური რეზერვების სისტემა და ციფრული ვალუტა

,,კრიპტოვალუტის ინვესტორებო: მოემზადეთ პოტენციური ფულადი დანაკარგებისთვის,’’ - ამ გაფრთხილებას ინგლისის ბანკის (Bank of England) მეთაური ენდრიუ ბეილი იძლევა, რომლის მტკიცებით, Bitcoin-ის მსგავს კრიპტოვალუტებს იმანენტური ღირებულება არ გააჩნიათ. თუმცაღა, როგორც ჩანს, ამ განწყობას ამერიკის უდიდესი ბანკები არ იზიარებენ.

Goldman Sachs-ის ცნობით, მისმა ახლადშექმნილმა პლატფორმამ, რომელიც ოპერაციებს ციფრული ვალუტების მეშვეობით ახორციელებს, Bitcoin-ზე მიბმული დერივატივებით (წარმოებადი ფინანსური ინსტრუმენტები - რედ.) წარმატებით ივაჭრა. CNBC-ის მიხედვით, Goldman-მა კრიპტოვალუტების გზით ყიდვა-გაყიდვა ოფიციალური შიდა მემორანდუმით პირველად აღიარა.

Goldman-მა და Morgan Stanley-მ უკვე განაცხადეს, რომ ისინი უმდიდრეს კლიენტებს კრიპტოინვესტიციებს შესთავაზებენ. გასული თვის ბოლოს CoinDesk-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მათ რიგს JPMorgan Chase-იც შეუერთდება. ამერიკის ბანკის (Bank of America) გენერალურმა დირექტორმა ბრაიან მოინაჰენმა ახლახან აქციონერებს განუცხადა, რომ შესაძლოა კლიენტებისადმი ციფრული ვალუტის შესახებ რჩევაზე არსებული აკრძალვა გადაიხედოს.

რას ველოდოთ მიმდინარე კვირაში
აშშ-ს საფონდო ბირჟებისთვის კიდევ ერთმა გიჟმაჟმა კვირამ S&P 500-ისა და DJIA-ის რეკორდების გადაწერის ფონზე ჩაიარა. მომდევნო ხუთდღიან მონაკვეთში ინვესტორებს კვარტლური შედეგების წარდგენის სეზონის საფინალო ეტაპი ელით. ამასთან, ამ კვირაში ინფლაციის, საცალო გაყიდვებისა და მომხმარებლის განწყობის შესახებ მთავარი ეკონომიკური ანგარიშები გამოქვეყნდება.

აპრილში არსებული შრომის ბაზრის ბუნდოვანმა სურათმა ბევრი ინვესტორი ეკონომიკურ სიძლიერესთან მიმართებით საგონებელში ჩააგდო, ვინაიდან აქტივების ფასები წლის განმავლობაში განუხრელად იზრდება. იხ. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე Bitcoin-ისა და ძირითადი აქტივების კლასთა და წლიური ამონაგები.

კორპორატიული ანგარიშების სეზონი დასასრულს უახლოვდება
ამ კვირაში ცნობილი 800-მდე კომპანიის კვარტლური შედეგები გახდება. მათ შორის არიან: Disney, AirBnB, Tyson Foods და ა.შ. Factset-ის თანახმად, S&P 500-ის კომპანიებმა როგორც მოგების, ასევე გაყიდვების პროგნოზებს საშუალოდ 20%-ით გადაუსწრეს. ამასთან, ინდივიდუალური აქციების რეაქციებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ინვესტორებზე ეს დიდ შთაბეჭდილებას ვერ ახდენს. მათ შესაძლოა, მოლოდინები უკვე ,,აითვისეს’’ და დასარწმუნებლად უფრო მეტი მიზეზი სჭირდებათ.