ბაიდენის ახალი $1.8 ტრილიონიანი გეგმა
ბაიდენის ახალი $1.8 ტრილიონიანი გეგმა

A+ A-

18:20 29/04/2021

ოთხშაბათის ამბები
1.    აშშ-ის ბაზრებმა სავაჭრო სესია მცირე კლებით დაასრულა
2.    გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები
3.    ბაიდენის ახალი $1.8 ტრილიონიანი გეგმის შესახებ
4.    Alphabet ზრდას განაგრძობს
5.    ეფლისთვის გამორჩეული კვარტალი 

აშშ-ის საფონდო ბირჟები დაყიდვებმა მოიცვა

აშშ-ის საფონდო ბაზარი ბოლო სესიის განმავლობაში მცირე მოგებასა და ზარალს შორის მერყეობდა, საბოლოოდ კი კლების ფონზე დაიხურა, რადგან დღის ბოლოს გაყიდვების ტემპი გამძაფრდა. შედეგად, DJIA თითქმის 0,5%-ით შემცირდა, S&P 500-მა კი, რომელიც ერთხანს შიდადღიური ვაჭრობის მაქსიმალურ ნიშნულზე იყო, სესია მცირე დანაკარგებით დაასრულა. განსაკუთრებით იზარალეს Amgen-მა (AMGN), Microsoft-მა (MSFT) და Boeing-მა (BA), რამაც DJIA დაბლა დასწია: ამ კომპანიათა კვარტლური შემოსავლების მონაცემები პროგნოზები ინვესტორთა აღტაცებას არ იწვევს.

ინვესტორებმა ღია ბაზრის ფედერალური კომიტეტის (FOMC) ორდღიანი სხდომის შედეგად ის მოისმინეს, რაც სურდათ - უწყებამ ფედერალური თანხების პროცენტული განაკვეთი 0%-0,25%-ის ფარგლებში დატოვა, სადაც იგი ბოლო ცამეტი თვის განმავლობაში ძევს. ფედერალური ბანკი ასევე ყოველთვიურად $120-მილიარდიანი სახელმწიფო ობლიგაციების ყიდვას განაგრძობს. მონეტარული პოლიტიკის ეს ორი ხაზი ბოლო რვა თვის განმავლობაში აქციების ფასების რეკორდული ზრდაზე დიდწილად პასუხისმგებელია.

ფედერალურმა ბანკმა აღნიშნა, რომ აქტივები ძვირდება. ბოლო დროს ყველა ამერიკელი, მათ გარდა, ინფლაციის გამძაფრებაზე ღელავს. თავმჯდომარე ჯერომ პაუელი ფასების ზრდას აღიარებს, თუმცა მათ ,,გარდამავალ’’ ფაზას უწოდებს. უწყება ყურადღებას აშშ-ს ეკონომიკის ძლიერ მხარეებზე ამახვილებს, სისუსტეზე საუბრისას კი ფასთა ზოგად ცვლილებას და შრომის ბაზარს ახსენებს, სადაც ქალთა და ფერადკანიანთა დასაქმების წილი კვლავ დაბალია.

აშშ-ის ეკონომიკური მდგომარეობის უფრო ზუსტი კონტურები დღეს გამოიკვეთება, როდესაც მშპ-ს კვარტლური მონაცემები გამოქვეყნდება. ანალიტიკოსები წინა კვარტლის მერე 4,3%-იან, წლიურად კი 6,1%-იან ზრდას ელოდებიან.

დღის მთავარი აქცენტები
●    საუდის არაბეთი უცხოელ ინვესტორებთან (ვინაობა უცნობია) Aramco-ს წილის გაყიდვაზე მოლაპარაკებას მართავს. უფლისწულმა მუჰამედ ბინ სალმანმა, რომელიც ასევე არაბული ნავთობკომპანიის (Saudi Arabial Oil Co., უფრო ცნობილი, როგორც Aramco) თავმჯდომარეა, სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ განცხადება უახლოეს ერთ ან ორ წელიწადში გამოქვეყნდება. სხვა აქციები შესაძლოა რიადის (საუდის არაბეთის დედაქალაქი) ბირჟის მეორეული ლისტინგის გზით გაიყიდოს, ან სუვერენული საუნჯის ფონდს, Public Investment Fund-ს გადაეცეს.
●    Pfizer-ის ექსპერიმენტული ორალური პრეპარატი, რომელსაც განკურნების უნარი კორონავირუსის საწყის ნიშნებზევე შესწევს, შესაძლოა ხელმისაწვდომი წლის ბოლოს გახდეს - განაცხადა სამშაბათს CNBC-ს გენერალურმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ. კომპანიამ, რომელმაც გერმანულ წამლის მწარმოებელ BioNTech-თან ერთად აშშ-ში პირველი ავტორიზებული კოვიდ-ვაქცინა შექმნა, მარტში ახალი ანტივირუსული თერაპიის გასატესტად ადრეული ეტაპის კლინიკური კვლევა აწარმოა. პრეპარატი მედიკამენტების იმ ჯგუფის ნაწილს მიეკუთვნება, რომელსაც პროტეაზა-ინჰიბიტორები ეწოდება: იგი იმ ფერმენტის ინჰიბირებას ახდენს, რომლის ხელახალი სინთეზი ადამიანის უჯრედში ვირუსს გასამრავლებლად სჭირდება.

●    Starbucks-მა სამშაბათს განაცხადა, რომ მისი მაღაზიების გლობალური ქსელის გაყიდვები 1-ლ კვარტალში წლიურად 15%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო გაყიდვები, აშშ-ს მაღაზიებთან შედარებით ბევრად გაიზარდა. ამ ფაქტორმა კომპანიის წინასაბაზრო ვაჭრობის დინამიკაზე გავლენა იქონია: მიუხედავად იმისა, რომ Starbucks-ის მოგებისა და გაყიდვების პროგნოზები 2021 წელს გაიზარდა, მისი აქციები 1,5%-ით დაეცა.
●    ნავთობი ოდნავ გაძვირდა მას შემდეგ, რაც ,,OPEC+’’-მა დაადასტურა, რომ ბაზარზე მეტი ბარელის დამატების აპირებს. ნავთობის ფიუჩერსთა ნიშნული $63-ს სცდება. ,,OPEC+’’-ის კომიტეტი შეთანხმდა, რომ ალიანსი აღებულ კურსს უნდა მიჰყვეს და მომდევნო სამი თვის მანძილზე მიწოდება გაზარდოს. ორგანიზაციამ ორშაბათს მოთხოვნის პროგნოზიც გააუმჯობესა.

"ამერიკული ოჯახების გეგმა’’

აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ შემოთავაზებული ახალი ,,ამერიკული ოჯახის გეგმა’’ ინვესტიციების სახით $1 ტრლნ-ს, საგადასახადო კრედიტების სახით კი $800 მლრდ-ს მოიცავს. ეს პროგრამა მომდევნო 15 წლის განმავლობაში ნაწილობრივ მდიდარი ამერიკელებისთვის მოგების გადასახადის გაზრდით მთლიანად ანაზღაურდება. ამასთან, საშემოსავლო გადასახადი 37%-დან 39,6%-მდე გაიზრდება (ყველაზე მაღალი).  

რა შედის ახალ გეგმაში:
●    $225 მლრდ - ბავშვთა მოვლის სერვისთა ზრუნველსაყოფად, ასევე იმისთვის, რომ ოჯახებმა ამ სფეროში თავიანთი შემოსავლების უფრო მცირე ნაწილი გადაიხადონ.
●    $225 მლრდ - ეროვნული, ყოვლისმომცველი და ანაზღაურებადი საოჯახო და სამედიცინო შვებულების პროგრამის შესაქმნელად.
●    $200 მლრდ - ყველა სკოლამდელი ასაკის (3-4 წლის) ბავშვისთვის
●    $109 მლრდ - ორწლიან კოლეჯის სტუდენტებისთვის
●    $85 მლრდ - ე.წ. ,,Pell Grant’’-სთვის (გრანტი, რომელიც კურსდაუმთავრებელ სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი - რედ.). ასევე, დაბალი შემოსავლის მქონე სტუდენტებისთვის მაქსიმალური სტიპენდიის დაახლოებით $1400-ით გაზრდა იგეგმება.
●    $62 მლრდ - კოლეჯში სრულფასოვანი აკადემიური მოსწრების აღდგენის მიზნით.
●    $39-მილიარდიანი პროგრამა ორწლიანი დაფინანსებული სწავლებით უზრუნველყოფს იმ ოჯახებიდან გამოსულ სტუდენტებს, რომლებსაც ოთხწლიან პროგრამაზე $125,000-ზე ნაკლები თანხა აქვთ ჩარიცხული (იგულისხმება კოლეჯი, რომელიც კონკრეტული უმცირესობისა თუ თემისთვის არის განკუთვნილი).
●    $45 მლრდ - ბავშვთა კვების საჭიროებებისთვის
●    $200-მილიარდიანი პუნქტი ადრე მიღებული კოვიდ-სტიმულირების გეგმის გაგრძელებაა და ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს მათთვის, ვინც ამას საკუთარი სახსრებით ყიდულობს.

მდიდარი ამერიკელები 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში შედარებით დაბალი და სტაბილური ზღვრული გადასახადის მაჩვენებლებით სარგებლობდნენ, რაც ორი მტკიცე ,,ხარის ბაზრის’’ პერიოდს დაემთხვა. ამან მათი ქონება ტრილიონობით გაზარდა. ამჟამად ისინი ახალი გამოწვევის წინაშე დგებიან, რომელიც საინვესტიციო საქმიანობის შესახებ მათ მიდგომაზე გავლენას მოახდენს.

$4,75 მლრდ
ამდენია Alphabet-ის, Google-ის მშობელი კომპანიის საფონდო ინვესტიციების  წმინდა მოგება 2021 წლის 1-ლ კვარტალში, რაც კომპანიის წინასაგადასახადო შემოსავლის 22%-ს წარმოადგენს. წმინდა შემოსავალი წლიურად 160%-ზე მეტად გაიზარდა და $17,9 მლრდ-ით განისაზღვრა, რითაც წინა კვარტლის რეკორდი ($15,2 მლრდ) მოხსნა.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში Alphabet რისკიანი კაპიტალის წამყვან ძალად იქცა. იგი სტარტაპებში ინვესტიციებს GV-ის (ადრე ცნობილი, როგორც Google Ventures), გვიანდელი ეტაპისა და IPO-მდელ კომპანიებში კი Capital G-ის (ადრე ცნობილი, როგორც Google Capital) მეშვეობით ახორციელებს.

მიუხედავად იმისა, რომ Alphabet-მა არ გაამხილა, რომელი პორტფელის კომპანიამ მოიტანა ყველაზე დიდი მოგება, მან აქვე განაცხადა, რომ გარკვეული საფონდო ქაღალდების ფასი კვარტლის მანძილზე, საერთო ჯამში, $4,84 მლრდ-ით გაიზარდა. პარალელურად, სხვა ფასიანი ქაღალდების დანაკარგებმა $86 მლნ შეადგინა, რამაც საბოლოოდ $4,75-მილიარდიანი წმინდა მოგება განსაზღვრა.

Alphabet თავისი Google-ის საძიებო სისტემისა და YouTube-ის მონაცემების გამო, კვლავ ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა სარეკლამო სფეროში. მხოლოდ YouTube-მა მას კვარტალში $6,01-მილიარდიანი შემოსავალი მოუტანა - 1 წლით ადრე ეს მაჩვენებელი $4 მლრდ-ს უტოლდებოდა. შესაბამისად, ნამატი 49%-ს აღწევს.

Apple-ის შთამბეჭდავი მონაცემები
Apple (AAPL) 2021 წლის 1-ლ კვარტალში ,,აფეთქდა’’: მისი კორპორატიული ანგარიშის მიხედვით, გაყიდვებმა $89,6 მლრდ შეადგინა, რითაც, თავისთავად, ანალიტიკოსთა პროგნოზები გააუმჯობესა, ერთი წლის წინანდელ ანალოგიურ მაჩვენებელს კი 54%-ით გადაუსწრო. მოგებამ თითო აქციაზე - $1,40 - მოლოდინებს ასევე გადააჭარბა.

აიფონთა გაყიდვებმა 65,5%-ით იმატა და $47,9 მლრდ-ს გაუტოლდა. კომპანიის მიხედვით, ყველა პროდუქტის კატეგორიაში ამ მაჩვენებლის პროცენტული ზრდა ორნიშნა ციფრით აღინიშნა, სერვისებისა და Mac-ის შემოსავლებმა კი ისტორიული მაქსიმუმები გადაწერეს.

Apple-ის ბორდმა ასევე არსებულ ,,აქციების გამოსყიდვის’’ პროგრამის დამატებით $90 მლრდ-ით დაფინანსება დაადასტურა. კვარტლური დივიდენდი 7%-ით იზრდება  და აქციაზე $0,22-ს უტოლდება. მოქმედ აქციონერებს, განსაკუთრებით უორენ ბაფეტს, ეს მოსწონთ. ამ უკანასკნელის Berkshire Hathaway-ს Apple-ის დარჩენილი აქციების 5,4% ეკუთვნის.

მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, Apple-ის აქციებმა არასავაჭრო საათებში 4%-ით მოიმატა. აქციები წლიურად 95%-ით გაიზარდა, ყველა დროის მაქსიმალურ ნიშნულს კი 3,5%-ით ჩამორჩება.