ინტერვიუ გურამ დოჩანაშვილთან
ინტერვიუ გურამ დოჩანაშვილთან

A+ A-

11:40 29/04/2021

გურამ დოჩანაშვილის დაკრძალვისას სოციალურ ქსელში გავრცელდა ახალგაზრდა გოგონას ფოტო მის საფლავთან, კაქტუსით ხელში, როგორც საყვარელ მწერალთან გამოთხოვების სიმბოლო. „ჩემი შემავსები“ – იტყოდა ამაზე დოჩანაშვილი, რომელიც მიიჩნევდა, რომ  მკითხველი – ესაა მწერლის შემავსებელი. „კარგი მკითხველი, ოღონდ!“

დოჩანაშვილთან ინტერვიუ შარშან, პამდემიამდე ჩავწერე ესსეების კრებულისთვის „რა არის ძალაუფლება“ („ნიუ იორკ თაიმსის“ სპეციალური მედიაპროექტი). „ღმერთმა დაგვიფაროს გამარჯვებისგანო“ – ბოდიშის მოხდით გაიხსენა ამაზე თავისი კანუდოსელი პერსონაჟის ნათქვამი. ისედაც, მთელი ინტერვიუს მანძილზე (და ცხოვრებაშიც) ყოველთვის ბოდიშობდა, როცა საკუთარ მაგალითს მოიყვანდა, ან საკუთარ ტექსტს მოიშველიებდა.

ძალაუფლებაზე საუბრისას  ვისაუბრეთ ტკივილის ძალაუფლებაზეც (ვიცით, რომ შვილი ჰყავდა გარდაცვლილი და უდიდესი ტკივილით იცხოვრა). „ეს უბედურება – ბედნიერება როგორ ვთქვა, მაგრამ წყალობაა საიმისოდ, რომ ადამიანი ამაღლდეს“-ო, მიპასუხა და კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ვესაუბრებოდი ადამიანს, რომელიც ყოველგვარ ამქვეყნიურს დიდი ხანია,  გასცდა, სხვა სიმაღლეზე, სხვა განზომილებაში იყო და ისევე უკვირდა თავისი 81 წელი, როგორც – ვაშლის ყვავილობა…

„კაცობრიობის აღსასრული რომ დგებოდეს, რა იქნებოდა თქვენი უკანასკნელი გზავნილი?“- ეს იყო  ბოლო შეკითხვა.„სახარება რომ იკითხონ ადამიანებმა!“  – მიპასუხა.  ინტერვიუს ვიდეოჩანაწერში ჩანს, როგორი მავედრებელი სახე აქვს ამის თქმისას. „მე არ მიყვარს  სიტყვა ქრისტიანი. არსებობს ქრისტეიანი – ქრისტე არ იკვეცება, ეს მაინც ვთქვათ სწორად! “ – ესეც დაგვიბარა ამ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში. ისაუბრა მის ბოლო წიგნზეც, სათაურით „ბრმადყოფილი…..“  (ხუთი წერტილით და არა სამითო – დააკონკრეტა), რომლის ინსპირაციაც მთლიანად  იოანეს სახარების მე-9 თავმა მისცა. „როგორია 80 წლის ასაკში?“ – მკითხა ერთმა მეგობარმა ინტერვიუს მერე.  „სახარებაში განზავებული“ – მხოლოდ ეს მომივიდა თავში და მგონია, რომ ამ სპონტანური ასოციაციით ზუსტად გადმოვეცი ის ემოცია თუ შთაბეჭდილება, რაც ამ ბოლო შეხვედრისას დამიტოვა. მანამდეც ბევრისგან გამიგია, რომ სახარების კითხვა დოჩანაშვილის მერე დაიწყეს (მათ შორის მეც).

გთავაზობთ ჩვენი საუბრის შერეულ ვერსიას (ინტერვიუ, ესსეი) – ოდნავ განვრცობილს,  ვიდრე ეს ინგლისურენოვანი გამოცემისთვის იყო განკუთვნილი.
 
ძალაუფლება

მე მაპატიეთ, ჩემი თავისამაგალითოდ კი არ მომყავს, მაგრამ“ჩვენ გავიმარჯვებთო“ – ჩემი პერსონაჟი რომ ამბობს კანუდოსში (მოგეხსენებათ, სამხრეთ ამერიკაში წამდაუწუმ ხდება გადატრიალებები), „ღმერთმა დაგვიფაროსო“ – მეორე ეუბნება. ღმერთმა დაგვიფაროს იმიტომ, რომ ძალიან ხშირად გამარჯვებულები მიდიან პატივმოყვარეობაში,  თავმოწონებაში და ფუჭდება გამარჯვება. ჩემთვის დამარცხებულები არიან უფრო სიმპათიურები. მლიქვნელობა არის საშინელება – მლიქვნელები უბიძგებენ გამარჯვებულებს, რომ გახდნენამპარტავნები.

ზვიად გამსახურდია

ჩვენ გადაბმული მეგობრები ვიყავით. ის იყო ნამდვილად ჩვენი წინამძღვარი. სულ კოლხურ კოშკში ვიყავით. დეიდა მირანდა იყო ანგელოზი, ჩვენი საფიცარი ხატი! მერე, პოლიტიკაში რომ წავიდა, ის ზვიადი აღარ იყო.  ერლომს აქვს ერთი შესანიშნავი მოთხრობა: ვანო და ნიკოდან ერთ-ერთმა გადაწყვიტა, რომ სიკეთე მოუტანოს ხალხს, ავიდეს ყველაზე მაღალ მთაზე და იქედან გადმოსძახოს, რა კარგია სიკეთეო.  იმდენი დაბრკოლება შეხვდა ამ გზაზე, რომ როცა მთაზე ავიდა, დავიწყებოდა, რისთვისაც მიდიოდა. ზვიადს შემოევლოს ჩემი თავი!

სამშობლო

ადამიანი სადაც დაიბადა, იქ უნდა დარჩეს.ეს მე არ მითქვამს: ღმერთმა, მთავარმა  – არ ვიცი, რა ვუწოდო – იმან თქვა, მისგანაა ნათქვამი ყოველივე. არ შეიძლებოდა, გოეთე დაბადებულიყო ჩინეთში. სადაც დავიბადე, იქ უნდა კეთილ ვინებო და ვზიდო ის ტვირთი. კალმახი, სიკვდილი რომ მიუახლოვდება, იქ მიდის, სადაც დაიბადა. სადაც დავიბადეთ, იმის ღირსები უნდა ვიყოთ. დავითი, თამარი… თამარ მეფე ქუთაისიდან მოწამეთაში მუხლზე დაჩოქილი ავიდა  – მეფე! დედოფალი! იმათი ნატამალის მემილიარდედის ნამცეცის ატომიც არა ვართ…

ტკივილის ძალაუფლება

იმაზე მეტი საშინელება არაფერია, შვილი რომ გარდაგეცვლება. მე უწმინდესმა გადამარჩინა.  ეს გაჭირვება, თან უმძიმესი გაჭირვება, გაჭირვების გარდა არის უებარი საშუალება, რომ ადამიანი ამაღლდეს.  წყალობა როგორ ვთქვა, მაგრამ წყალობაა ნამდვილად.

გაჭირვება

როცა ქვეყანას უჭირს (იმას კი არ ვამბობ, რომ რა კარგია, რომ საქართველოს უჭირს), მაშინ ჩნდება დიდი კულტურის ხალხი. ილია, ვაჟა, ყაზბეგი, გალაკტიონი – გაჭირვების დროს მოგვცა ღმერთმა.  მე არ ვგულისხმობ უკიდურეს გაჭირვებას; ერთნაირად დუნდებიან იმ ქვეყნებში, სადაც არ შიათ, არ სწყურიათ და იმ ქვეყნებში, სადაც უკიდურესი გაჭირვებაა, მაგალითად, აფრიკის ქვეყნებში, სადაც ერთადერთი ოცნებაა აქვთ: ბავშვის საკვები.

ღმერთი

რუსთაველზე დიადი ვინ გვყავს!„რომელმან შექმნა სამყარო“- ვინაა? ღმერთი! ბარათაშვილის ერთადერთი პოემა ასე იწყება; „ღმერთო კეთილო“. ანდა გურამიშვილს რომ აქვს საოცარი გოდება  იესოზე….  ვერ აძლევს ადამიანი თავს უფლებას, რომ თქვას, რა არის ღმერთი. ისევ ბავშვის პირით ათქმევინა, ბავშვმა თქვა სიბრძნე: „ღმერთი ისეთი დიადია, რომ ყველაფერს მოიცავს და თან ისეთი პატარაა, ჩემს გულში ეტევაო.“ბავშვის გულში ჩატეული რამაა ღმერთი.

კითხვა და მკითხველი

ჩვენს დროს არ იყო ტელევიზია. ახლაც, სწორ ქვეყნებში ტელევიზორს არ აჩერებენ სახლში. ჩვენი მთავარი წყარო იყო კითხვა. მე იშვიათად ვამბობ ჩემს თავზე, რა სწორად ვთქვი. სულ ვამბობ, რომ მკითხველი არის ჩემი თანაავტორი. რაც მე დავაკელი, კარგმა მკითხველმა უნდა შეავსოს. კარგმა მკითხველმა ოღონდ! თორემ ისეთი მკითხველიც არსებობს (ამპარტავანი, პატივმოყვარე) , რომელიც რაც მეტს წაიკითხავს, უარესია.  მკითხველი არის შემავსები იმის, რაც მწერალმა დააკლო. თანაავტორს ვეძახი, ისეთი პასუხისმგებლობა მაქვს მის წინაშე. ერთს ჰკითხეს, წერისას რაზე ან ვისზე ფიქრობო, არაფერზეო.  თქვენი ნაშრომის მიხედვით კი ჩანს,რომ არათუ მკითხველზე, საერთოდ არაფერზე არ ფიქრობთო.  როგორ შეიძლება, რომ მკითხველზე არ იფიქრო! ჩვენ ძმები კი არა ვართ –  მოფერებით  უარესები ვართ.

ბოლო წიგნი

არ მეგონა, რომ 80 წელს მივაღწევდი. ჩემს ასაკში ან ვერ წერენ, ან აჯობებს, რომ არ დაწერონ. ჩემი ბოლო წიგნი იმაზეა, დაბრმავებულად რომ გვზრდიდნენ.  სათაურიც ესაა, „ბრმადყოფილი…..“ –  ხუთი წერტილით და არა – სამით. იმდენი შეცდომა მაქვს, არ ვასწორებ – იმიტომ კი არა, რომ არაა შესასწორებელი. იოანეს სახარების მეცხრე თავშია: რატომ გაჩნდა  დაბადებიდან ბრმაო და რომ განმტკიცდეს ძლიერება ღვთისაო. ხშირად და ბევრს ვეკითხები სასულიერო პირებს: ბევრი რამ იციან, მაგრამ ამას არსად არა აქვს ახსნა: რომ განმტკიცდეს, რითი განმტკიცდება და ამ წიგნში ეს მინდა ავხსნა.

ის, რაც დღემდე გაოცებთ და აღგაფრთოვანებთ

სახარებაში – უძღები შვილის დაბრუნება. …ის, რომ ღმერთმა შექმნა ვეშაპიც და კოღოც.რომ ამ მიწაზე იშვნენ ვაჟა ფშაველა და ფიროსმანი.რომ ორი ყველაზე ძლიერი გრძნობა მოგვცა ღმერთმა – მშობლის გრძნობა და შიმშილის.  რომ ევამ კი არ შეაცდინა ადამი, ადამმა ვერ გაიგო სწორად, რაც ღმერთმა უწყალობა (როგორც მწერალი აკლებს მკითხველს, ეტყობა, ისე მოხდა). „რა ღირს, ბიჭო, შენი ვაშლი!“ – ასე უბრალოდ რომ იკითხავენ და ეს ვაშლის ხე რომ ჯერ ამოდის, მერე იზრდება, ყვავილობს, ნაყოფს გამოისხამს…  ანდა ბროწეულის ყვავილი  – ეს ხომ სასწაულია!

საკუთარი ნაწარმოები, რომელმაც ყველაზე მეტად გაგრძნობინათ, რომ მკითხველი იყო თქვენი შემავსები.

„თავფარავნელი ჭაბუკი“! მე არ ვიცი, ამაზე უკეთესი რა უნდა მოეცა ხალხურ პოეზიას!„…ცალ ხელით დოლაბი მოაქვს… სანთელი კელაპტარობდა“.იცით,  ნებისმიერი ადამიანი უერთგულესი უნდა იყოს თავისი საქმის. „ერთი ავსული ბებერი… სარკმელზე ანთებულ სანთელს აქრობდა, აბეზარობდა“ – ეს ბრძოლაა, დოლაბი კი არის პასუხისმგებლობა.  სანთელი აქვს – დიდი კოცონი კი არა და უნდაინებოს კეთილიადამიანმა და გააღწიოს! ესაა ქრისტიანობა, ესაა სარწმუნოება. არ არსებობს ორი ადამიანი, ერთმანეთზე რომ არ იყოს ჯაჭვით გადაბმული –  ჩვენს წელთაღრიცხვამდე ვიღაცამ რომ რაღაც გააკეთა, ის გვეხება ჩვენ, მოქმედებს ჩვენზე, გადაბმულები ვართ. ეს არის პირველწყარო მართლმადიდებლობის. წუთისოფელი ხომ მარადიულ ცხოვრებასთან შედარებით არაფერი არაა, მაგრამ ამ წუთისოფელში  ასიათასობისთ ნაბიჯს ხომ ვდგამთ და ყველა ნაბიჯი უბრალო სიკეთისკენ უნდა მიდიოდეს.

თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ყველა ადგილს მოჰყვება შესაბამისი ღვთიური წერილი – რამაც უნდა განსაზღვროს ამ ადგილზე მცხოვრები ადამიანი. რა განგვსაზღვრავს კონკრეტულად ჩვენ?

შრომა. აი, ისე, კახელი გლეხი რომ შრომობს – მართლა ბარაქიანი. უნდა ვიშრომოთ, ეს არის წყალობა ღვთის და ნაწყალობევი უნდა გამოვიყენოთ, რომ ღმერთს არ ვუმტყუვნოთ. ეს მარტო თოხი არაა, ეს აზრობრივი, სულიერი შრომაცაა. არ გეგონოთ, მე კარგად ვიშრომე:  არააა, მე არ გადამიხდია მემილიარდედის ნამცეცის მოლეკულა თუ ატომიც კი,მაგრამ უნდა მექნა! ახლა ამისგან ძალიან შორს ვარ – სამწუხაროდ და საუბედუროდ. არ უნდა წავიდესმომავალი იქეთკენ, რომ ადამიანის ფიზიკური ჯაფა შემცირდეს. შრომამ შექმნა ადამიანი – სახარებაშია ეს – ენგელსმა კი არ თქვა!

რომ ადამიანი გახდეს უკეთესი

20 წლის ვიყავი – ორი მოთხრობა დამიბეჭდეს, ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო. მკითხეს, რა გსურთ თქვენი ნაწერებითო. ვუპასუხე, რომ ჩემი ოცნებაა, ადამიანი გახდეს უკეთესი, ვიდრე იყო. თან გამიხარდა – რა კარგად ვთქვი-მეთქი. მუსიკალური სასწავლებელი მაქვს დამთავრებული – დილეტანტის დილეტანტი ვარ ამ საქმეში, მაგრამ მქონდა მუსიკასთან კავშირი და წლების მერე აღმოვაჩინე, რომ ჩემამდე ეს ჰენდელს უთქვამს,  ჰენდელმა დამასწრო. მე სულელი:  მთელი ბიბლია ისაა, რომ ადამიანი გახდეს უკეთესი! მე ვინ ვგდივარ, ან ჰენდელი ვინ ბრძანდება…

ქრისტე არ იკვეცება

„გიყვრდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენიო.“ „უფრო“ არ წერია სახარებაში, მაგრამ ქრისტიანობა ესაა: გიყვარდეს უფრო, ვიდრე საკუთარი თავი – და არა მხოლოდ მოყვასი – უცხოც კი. ოთხი ასეთი ადამიანი ვიცი:  მიხეილ თამარაშვილი(კათოლიკე),  რომელმაც თავი გასწირა უცხოს გამო. ასეთი იყო გრიგოლ ფერაძე – რომელიც მრავალშვილიანი უცხო კაცის მაგიერ შევიდა გაზის კამერაში – იქნებ ის გადარჩესო (მიუხედავად იმისა, რომ მასაც ვერ გადაარჩენდა) და ჩემს დროს: იოსებ ჟორდანია და მამა ილია კარტოზია. ცურვის არმცოდნე კაცი რომ თავის მაშველ რგოლს დაუთმობს სხვას, უცხოს –  ეს ქრისტიანობაა! იცით, რატომ არ მომწონს სიტყვა ქრისტიანი: ქრისტეიანი უნდა იყოს.  ქრისტეს შეკვეცა არ შეიძლება, ეს მაინც ვთქვათ სწორად.

დედამიწას სიყვარული ატრიალებს

ვაიმეე, ამას რომ მეუბნებიან, ისე ვწითლდები….იმდენი სინონიმია ქვეყანაზე…. მარტო სულხან საბას 11 განმარტება აქვს სულელის. ამას ემატება ჩვენი კუთხურობა: აბდალი, შუშტურა… კიდევ იმდენი რაღაცა ემატება – სულელსაც კი!!! და ერთადერთი, რომელსაც არაფერი არ ემატება – ესაა ღმერთი და  ესაა სიყვარული!

სახეები: „მე პამიდორი მეგონა“ და „ბალახისფერი კაცი“

„მე პამიდორი მეგონა“ – ეს რვამარცლოვანი წინადადებაა, რუსთაველის ხუმრობით, ვითომ პოეტური გამონათქვამი, რიტმიკა. ბალახისფერი კაცი კიდევ: წესიერი კაცი რომ დაიბადება სოციალისტურ სამყაროში.

პოეზია, რიტმი

ქართველებში მხოლოდ ორი მარცვლის გარითმვა ჩამორჩენილობად მიიჩნევა. ვერლიბრი არ არისჩვენი. რუსთაველი, ბარათაშვილი, აკაკი, გალაკტიონი, ანა კალანდაძე, შოთა ნიშნიანიძე – უდიდესი პოეტი – როგორი რითმაა, როგორი რიტმია! თეთრ ლექსზე არ ვამბობ: გილგამეში უდიდესი პოეზიაა! ჰომეროსი თეთრ ლექსს წერდა. სახარებიდან მარკოზი – მეთოთხმეტე ლექსი – მართლა ლექსია! რიტმია ყველაფერი! რიტმი უნდა იყოს! დღემდე  ვერავითარმა მეცნიერებამ ვერ დაადგინა, როგორ ეწყება დედის მუცელში ნაყოფს გულისცემა. ეს ყოვლად აუხსნელია, ისევე ის, რაც ბავშვმა სთქვა.

ლუარსაბ თათქარიძე  – საყვარელი პერსონაჟი

დღევანდელი გაჭირვების დროს ყველაზე მეტად ჩვენ გვჭირდება გურამიშვილი. „ქართლის ჭირი“ დაწერა – არც ჩამოვიდა: შორიდან უფრო მეყვარებაო. გურამიშვილი და ყაზბეგი – ეს არის კეთლშობილება! რუსის გარნიზონის მოსაყვანად გაგზავნილმა მარტიამ:  რუსის ხელში არ ჩავაგდოო, მივიდა ელგუჯასთან და მტერს შეაკლა თავი.  ეს არის უდიდესი გმირი!  კიდევ იცით, რომელი პერსონაჟი მიყვარს?? წინასწარ უნდა გითხრათ, რომ გაგიკვირდებათ: ლუარსაბ თათქარიძე! აზრად არ მოუვიდოდა, ბოროტება რომ ჩაედინა. მოურავს რომ ვითომ „კიცხავს“ – ეგეთი მიამიტობა ღვთის წყალობაა! ნეტავ, მონაცემი მქონდეს, რომ მიამიტობის ამ დონეს მივაღწიო…

მარკესი, რჩეულიშვილი, ჰემინგუეი

ვინც თვლის, რომ თვითონ დაწერა, ის მწერალი არ არის. პირველივე დღიდან ვიცოდი, რომ მწერალი არ არსებობს – არსებობს გადმომწერი. მხატვარი არ არსებობს – არსებობს გადმომხატავი.  კომპოზიტორი არ არსებობს – არსებობს გადმომღერებელი.

ყველა მწერალი, მათ შორის მარკესიც ჩემზე გავლენას ახდენს. როგორ შეიძლება, არ მქონდეს გურამ რჩეულიშვილის გავლენა?  18 წლის რომ ვიყავი და წერა დავიწყე, ხუთი წლით იყო ჩემზე უფროსი.  პროზა იწყება 30 წლის შემდეგ. გურამი 26-ის გარდაიცვალა – ეს ძალიან მცირე ასაკია.

ჰემინგეუისთან ბევრი იბნეოდა. მე არ დავბნეულვარ. „ვის უხმობს ზარი“ – ეს კაცის დაწერილია!  რომ იძახიან: კაცური კაცი, ვაჟკაცი და ა.შ. თქვი „კაცი“ და გათავდა! კაცური კაცი დამცირებაა ადამიანის. არ მომწონს, რომ ფიცჯერალდზე უზრდელობა აქვს ნათქვამი ჰემინგუეის.  ამ დროს – კაცია!

ჩემი სასოება – ვან გოგი

„კარტოფილის ამოღება“ გიჟივით ნახატია: ზურგით რომ დგას ხუთიდან ერთი – იმასაც კი ხედავ სახეზე. ჩემი სასოება – ესაა ვან გოგი.  მოძღვრად წავიდა თავიდან.  უკანასკნელს გაიხდიდა და აცმევდა გაჭირვებულს. მერე თავისი ძმა თეო არჩენდა.

ასეთი დაფასებაც მხვდომია

ჩემი მეოთხე წიგნი რომ გამოვიდა, რამდენიმე ეგზემპლარი მომცეს – ჰონორარიდან დამიქვითეს. ვურიგებდი ახლობლებს. ბებიაჩემის დეიდაშვილ დეიდა კატუტას ვერ მივეცი. ვერც ვიშოვე – 20-25 კაპიკი ღირდა. ერთმა კაცმა მირჩია, აეროპორტისკენ წადი, იქ ძირითადად რუსები და სომხები ცხოვრობენ და წიგნები გვიან იყიდებაო. საერთოდ, წიგნი რომ გამოვიდოდა, სამ დღეში ჭაჭანება არ იყო – პროზა სამ დღეში იყიდებოდა, უნიჭო პოეზია – ერთ კვირაში. ტაქსი ათი კაპიკი იყო  – წავედი აეროპორტში. მივაგენი წიგნის მაღაზიას. საერთოდ, ჩემი სახელის და გვარის ძალიან მერიდება და მორიდებით ვიკითხე – ამა და ამ კაცის წიგნი თუ გაქვთ-მეთქი. „იყო, გათავდაო“. ვაიმე, შევწუხდი – იყო გათავდა – ანუ აღარ იქნება აწი. გათავებულია საქმე. ეს ჩემი ხეტიალი ჯანდაბას, დეიდა კატუტას რა პირით შევხედო! გამყიდველმა შემატყო, რომ დავღონდი, თან ეტყობა კეთილი ბუნების ადამიანი იყო და მანუგეშა – მანუგეშა კეთილმა: „რატომ შეწუხდით, მეც წავიკითხე ის წიგნი და სისულელეა თავიდან ბოლომდეო.“ ასეთი დაფასებაც მხვდომია!

„არა უშავს“ საუკეთესოა

ადამიანებს რომ ეკითხებიან „როგორა ხარ?“ პასუხობენ: „კარგად“ ან „ისე რა, არა მიშავს“.  ეს „არა მიშავს“ საშუალოდ ითვლება. ამ დროს მასზე უკეთესი არ არსებობს! ერთხელ უწმინდესს ვუთხარი, თქვენზე რომ მეკითხებიან, როგორაა, „არა უშავს“  – ვამბობ და არ მიწყინოთ, იმიტომ, რომ  მე ქვეყანაზე ორი რამე ვიცი უდიდესი, რომელთანაც „კარგად“ ახლოს ვერ მივა და მხოლოდ „არაუშავს“ შეეფერება: სახარება – რაც წამიკითავს და თქვენ ადამიანებში-მეთქი.

არაფხიზლად ყოფნა

ერთხელ თბილისში საკავშირო შეკრება იყო მწერლების. ერთ სომეხ მწერალს უთქვამს: არაფერი  არ მინდა თქვენი, ოღონდ გურამი მაჩვენეთო. მივდივარ, ნაბახუსევი ვარ – ვაიმე, ვაიმეე, კედელს მივყვები, იმდენად სუსტად ვარ. შევჩერდი კედელთან – არ წავიქცე. ოთარ მამფორიამ დამინახა – ბოლო ხუთ წელში 40-ჯერ თუ 50 ჯერ ვყავდი ნანახი და სულ – მთვრალი, თან ერთდროულად ერთი კი არა, ორი სიგარეტით პირში. ამოიღო კოლხეთი, მომაწოდა და  – „პახმელიაზე ვერ ვეწევი“-მეთქი. „აბა, დაგინებებია, გენაცვალე, თავიო“. ბეთჰოვენი ხელით აჰქონდათ ხოლმე სახლში – იმდენს სვამდა, სულიერი აღარ იყო. დილის 6 საათიდან მუშაობდა საღამოს 6-მდე. მოცარტი  ისე გალოთდა,  წესი იყო, თვითონ უნდა ედირიჟორა და ვერ იდირიჟორა. ბეთჰოვენი და მოცარტი სვამდნენ და მე რომ დავლიო, რა გასაკვირია?!

სამყაროს დასასრული რომ დგებოდეს, რა იქნებოდა თქვენი უკანასკნელი გზავნილი?

იცოდეთ ბიბლია და განსაკუთრებით მისი გვირგვინი –  სახარება. „მამაო ჩვენო“-შიც კი, ყოველი ახალი წაკითხვისას აღმოაჩენ ახალს, რომელიც თურმე არ იცოდი. თვით „მამაო ჩვენო“-შიც! სახარებისთვის ამოუწურავი არის დაბალი სიტყვა, შეუძლებელიც დაბალისიტყვაა. აი, სახარება რომ იკითხოთ ადამიანებმა!

 

წყარო: 1tv.ge