წულუკიანმა ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორს თანამდებობიდან წასვლა მოსთხოვა
წულუკიანმა ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორს თანამდებობიდან წასვლა მოსთხოვა

A+ A-

13:11 18/04/2021

ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორს თანამდებობას ატოვებინებენ. თეატრიდან წასვლა თორნიკე მარჯანიშვილს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოსთხოვა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, 15 აპრილს, თეატრში მისულმა მინისტრმა დირექტორი გასულ წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო მწვავედ გააკრიტიკა და უთხრა, რომ უმჯობესია თუ თეატრს დატოვებს.

მინისტრმა რეჟისორს უთხრა, რომ მისთვის მიუღებელია თეატრის დირექტორის პოლიტიკური შინაარსის ბანერზე ხილვა.

"ნაციონალებთან" რომ წასულიყავი მესმის, მაგრამ შეუერთდი იმ პარტიას, რომლის წევრებმაც "ქართულ ოცნებას" უღალატეს" -  არსებული ინფორმაციით, ასე მიმართა წულუკიანმა მარჯანიშვილს შეხვედრის დროს.

თავად მარჯანიშვილს კი ჯერჯერობით არ მიუღია გადაწყვეტილება, დატოვებს თუ არა თანამდებობას - "საერთო საქმისთვის თუ იქნება უკეთესი წავალ" - აღნიშნავს მარჯანიშვილი.

თორნიკე მარჯანიშვილი თეატრის დირექტორად 2014 წელს დაინიშნა. 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებში კი ის ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატად "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსმა" დაასახელა.