"ნეტა არ მქონდეს ეს ხელშეკრულება წაკითხული, რა საშინელი რამეები წერია"
"ნეტა არ მქონდეს ეს ხელშეკრულება წაკითხული, რა საშინელი რამეები წერია"

A+ A-

12:23 17/04/2021

ქართველი მწერალი დათო ტურაშვილი რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მას ხეობის მცველების გულწრფელობის სჯერა.

"როგორი გულწრფელი ხალხია. ამ ბიჭის ვარლამ გოლეთიანის გულწრფელობაში, სიყვარულში, უანგარობაში როგორ შეიძლება ეჭვი შეიტანო? ისეთ საშინელ ჭორებს ავრცელებს სახელმწიფო მანქანა. მე რომ ვიყო სახელმწიფო სამსახურში, ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ასეთი სახელმწიფოებრივი ცნობიერების ადამიანი იყოს რაც შეიძლება მეტი, ამ სახელმწიფოს გადამრჩენი. ამას ებრძვიან, თან როგორი საშინელი მეთოდებით, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია!

ვარლამ გოლეთიანი არის კლასიკური წარმომადგენელი, ვინც იცის ლეჩხუმი და ლეჩხუმლები მიხვდება, რატომ არის ეს ბიჭი ასეთი საოცარი, მართლა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე და ყველა ის ხალხი. მე მოვუსმინე, რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მე არ ვარ ჰესების, ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგი, მე იმის წინააღმდეგი ვარ, რომ ჰესი არ იყოს წამგებიანი და სახიფათო, თორემ მეც მომხრე ვარ ჰესის, რომელიც მოგებას მოგვიტანს, მაგრამ იმ ხელშეკრულებით მე ამას ვერ ვხედავ, ვერც სხვები ვერ ხედავენ და თუ ჩვენ ბრმები ვართ, ყურები ხომ მაინც გვაქვს, აგვიხსენით და დაგვარწმუნეთო", - განაცხადა ტურაშვილმა  "ფორმულას" ეთერში.

როგორც ტურაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებამ ხეობის მცველების პროტესტი არაფრად ჩააგდო.

"თუ გახსოვთ, პროტესტიდან 130 დღე იყო გასული, პირველად რომ ჩავიდა ხელისუფლების წარმომადგენელი და ასეთი რამ უთხრა ერთ-ერთმა ქალბატონმა: სანამ თქვენ ჩამოხვიდოდით, რამდენჯერმე დაგასწროთ სპეცრაზმმა ჩამოსვლა და დაგვარბიესო. ისე შემრცხვა საქართველოს ხელისუფლების, ისე შემრცხვა ამ საშინელი სიმართლის. ე.ი შენ ფეხებზე გკიდია ის ხალხი, რას იფიქრებს, რას მოითხოვს, რას იდარდებს, სულ ფეხებზე გკიდია, ამიტომ არ ჩადიოდნენ იქ. ან რატომ არ აქვეყნებდნენ ხელშეკრულებას? თუ ამდენი სიკეთე მოაქვს ამ ნამახვანჰესს, რას გვიმალავდნენ, ასეთი შტერები ვართ ჩვენ ყველანი, დანარჩენი საქართველო, რომ ჩვენ სიკეთე ვერ დაგვენახა?

რაზე ვბრაზდები იცით ყველაზე მეტად? ეს პროექტი მომგებიანი შეიძლება არა ერთი ხეობისთვის იყოს, ან ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რამდენიმე ადამიანისთვის, ვინც წილშია. ეს არის მთელი უბედურება. ეს არ მინდა, რომ მე დავინახო და სულ ამას ვხედავ, რომ ხელისუფლება არის დიდი ფულის და დიდი წილის მხარეს და არა იმ ხალხის მხარეს, ვისაც ჰგონია, რომ თავის სამშობლოს იცავს. თუ ხელისუფლება ჩემს მხარესაა, რას მიმალავს ხელშეკრულებას, თუ ვიღაცას ქრთამი არ აქვს აღებული, თუ ვიღაცის წილის გამო არ ხდება ის. თუ ჩემი ქვეყნის ბედნიერებისთვისაა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სიკეთე მოაქვს, არ გაგვიხარდება? ნეტა არ მქონდეს ეს ხელშეკრულება წაკითხული, რა საშინელი რამეები წერია", - აცხადებს ტურაშვილი.

რიონის ხეობის მცველების პროტესტი 170 დღეზე მეტია გრძელდება.