აშშ-მა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა
აშშ-მა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

A+ A-

18:33 15/04/2021

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ აღმასრულებელ განკარგულებას ხელი მოაწერა.

განკარგულების თანახმად, აშშ აძევებს ქვეყნიდან ვაშინგტონში მდებარე რუსეთის საელჩოს 10 თანამშრომელს, რომელთა შორის რუსეთის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლები არიან.

სანქციები უწესდება 32 ფიზიკურ და იურიდიულ პირს აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზემოქმედების მოხდენის მცდელობისთვის.

ასევე, ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებს 14 ივნისიდან ეკრძალებათ რუსეთის ცენტრალური ბანკის, ეროვნული კეთილდღეობის ფონდის ან რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცემული ობლიგაციების შეძენა ან რუსეთის ფინანსური ინსტიტუტებისთვის სესხის გაცემა.

გარდა ამისა, სანქციები დაუწესდა რვა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომლებსაც კავშირი აქვთ ყირიმში რუსეთის მიმდინარე ოკუპაციასა და რეპრესიებთან.

როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ტრანსატლანტიკური საზოგადოება ერთიანია უკრაინის მხარდაჭერაში რუსეთის ცალმხრივი პროვოკაციების წინააღმდეგ.