"საქართველო მშვიდობის მხარეს დგას, ჩვენი შეთავაზება ძალაშია ნებისმიერ დროს“
"საქართველო მშვიდობის მხარეს დგას, ჩვენი შეთავაზება ძალაშია ნებისმიერ დროს“

A+ A-

18:11 15/04/2021

საქართველო მშვიდობის მხარეს იდგა და დგას, ამის ნიშნად, კონფლიქტის დროს შეთავაზებულ იქნა ჩვენი პლატფორმა დიალოგისა და ვითარების განმუხტვისთვის, ეს შეთავაზება ძალაში რჩება ნებისმიერ დროს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, სომხეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი, თუმცა მას ხელი შეუშალა პანდემიამ, ასევე რეგიონში განვითარებულმა კონფლიქტმა.

„ბატონო პრეზიდენტო, მოხარული ვარ დღევანდელი დღით და რომ გმასპინძლობთ ჩვენს ქვეყანაში. ეს ვიზიტი ძალიან დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი და, სამწუხაროდ, ვერ განხორციელდა. პანდემიამ, რეგიონში განვითარებულმა კონფლიქტმა ხელი ძალიან შეგვიშალა და ვერ შევძელით აქამდე ამ ვიზიტის ორგანიზება. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს მაქვს საშუალება, მიგიღოთ ორბელიანების სასახლეში.

ჩვენი წინა შეხვედრის შემდეგ ძალიან მძიმე გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით ყველანი კავკასიაში, ერთი მხრივ პანდემიიდან გამომდინარე, პანდემიამ დააზარალა სამივე ქვეყნის ეკონომიკა, ჩაგვკეტა საერთოდ მსოფლიოსთან და ერთმანეთთან ურთიერთობაში, ადამიანების სიცოცხლეც იმსხვერპლა, თუმცა ბევრად მძიმე იყო რეგიონისთვის და ცალკეული ქვეყნისთვის ომისგან გამოწვეული მსხვერპლი. მინდა, ამ ომის დროს დაღუპულთა ოჯახებს მივუსამძიმრო, თანაგრძნობა გამოგიცხადოთ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო.

კონფლიქტის დროს, როგორც ახლა საქართველო მშვიდობის მხარეს იდგა და დგას, ამის ნიშნად შეთავაზებულ იქნა ჩვენი პლატფორმა შეხვედრებისთვის, დიალოგისთვის და სიტუაციის განმუხტვისთვის, ეს შეთავაზება ძალაში რჩება ნებისმიერ დროს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.