"პრევენციისთვის ჩვენ ვაკეთებთ ამ განცხადებას, რომ გავემიჯნოთ მთელ ამ პროცესს"
"პრევენციისთვის ჩვენ ვაკეთებთ ამ განცხადებას, რომ გავემიჯნოთ მთელ ამ პროცესს"

A+ A-

17:56 15/04/2021

რიონის ხეობის მცველებისა და მათი მხარდამჭერების ნაწილმა გუმათჰესიდან, სადაც რკინის ბარიკადებია აღმართული, გუმათის ცენტრისკენ გადაინაცვლეს. მიზეზად ის ინფორმაცია დაასახელებს, რომელიც ხეობაში ვითარების შესაძლო დაძაბვას უკავშირდებოდა.

ხეობის მცველები აცხადებენ, რომ გუმათში ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები იკრიბებიან, რამაც შესაძლოა დაძაბულობა გამოიწვიოს, მცველები კი ყველანაირ ძალადობას ემიჯნებიან. მათივე განცხადებით, ეს ინფორმაცია აქციის ორგანიზატორებმა პოლიციას მიაწოდეს, თუმცა, სამართალდამცველებმა არანაირი რეაგირება არ მოახდინეს.

"გვატყობინებდნენ, რომ მოდიოდნენ ჯგუფები, რომლებიც აპირებდნენ სოლიდარობის გამოცხადებას ჩვენი პროტესტის მიმართ და ასევე, ვნახეთ უპრეცედენტო მობილიზება პოლიციის და ვნახეთ "ენკას" მანქანა მომავალი ნამოხვანიდან გუმათისკენ, რომლის სავარაუდოდ გატარებასაც ცდილობდნენ ბლოკპოსტის გზის გავლით, რაც ჩვენი ვარაუდით გამოიწვევდა საკითხის და ემოციების ესკალაციას, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვეცვალა ლოკაცია და გუმათის კარვების ადგილიდან გადმოვინაცვლეთ გუმათის ცენტრში, რათა სხვადასხვა ჯგუფებს არ მივცეთ საშუალება, რომ მათ ჩვენი მშვიდობიანი შეკრება გადაიყვანონ უმართავ პროცესებში და ამით გამოგვაცხადონ მარგინალურ ჯგუფად"-განაცხადა ხეობის ერთ-ერთმა მცველმა მირზა ნოზაძემ.

"მივმართეთ პოლიციის უფროსს ცოტა ხნის წინ და ვუთხარით, რომ შეიძლება მოხდეს შესაძლო დაპირისპირება, რამაც გამოიწვიოს ჩვენი, მშვიდობიანი აქციის დისკრედიტაცია, რაც ცალსახად მათი ინტერესია (ვგულისხმობ ხელისუფლებას). ამიტომ, ამ ყველაფრის თავის ასარიდებლად და პრევენციისთვის ჩვენ ვაკეთებთ ამ განცხადებას, რომ გავემიჯნოთ მთელ ამ პროცესს. ანუ, ჩვენ ამ პროცესთან არანაირი კავშირი არ გვაქვს.

პოლიციამ თვითონ აღნიშნა წეღან, რომ ამ სიტუაციას არ გააკონტროლებს. მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ წინასწარ მათაც აქვთ შესაძლო დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია, ამიტომ თვითონვე შორს დაიჭირეს თავი"-განაცხადა მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა.

გუმათჰესთან პოლიციას რკინის ბარიკადები აქვს აღმართული და ხეობის მცველებს ნამოხვანში, საკუთარ სოფელში არ უშვებს. მიუხედავად ამისა, ადგილობრივების პროტესტი 173-ე დღეა გრძელდება.