ევროპის ეკონომიკური აღდგენა აზიისას და აშშ-ს ჩამორჩება
ევროპის ეკონომიკური აღდგენა აზიისას და აშშ-ს ჩამორჩება

A+ A-

16:50 15/04/2021

ოთხშაბათის ამბები
1.    აშშ-ს ბაზრები დაეცა საბანკო სექტორის პოზიტიური შედეგების მიუხედავად
2.    გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები
3.    Coinbase უკვე საჯაროდ ივაჭრება
4.    ევროპის ეკონომიკური აღდგენა აზიისას და აშშ-ს ჩამორჩება

კარგი კვარტალი საბანკო სექტორისთვის

აშშ-ს საფონდო ბაზრებმა გუშინდელი რეკორდული სიმაღლეებიდან უკან დაიხიეს მიუხედავად იმისა, რომ დიდმა ბანკებმა, JPMorgan Chase-მა და Goldman Sachs-მა მოსალოდნელზე კარგი კვარტლური მონაცემები აჩვენეს. საბანკო აქციები იანვრის მერე მატულობს, რადგან სესხებისა და განაკვეთების მზარდი ტემპი ბიზნესზე დადებითად აისახა. ეკონომიკის აღდგენა ასევე ამ ბანკებს საშუალებას აძლევს, შეამცირონ სესხის დანაკარგის რეზერვები და ეს თანხა წმინდა შემოსავლებში გარდასახონ.

საბანკო აქციების რბოლამ Dow Industrials-ის ნიშნული შედარებით მაღლა ასწია, თუმცა ტექნოლოგიურმა და სამომხმარებლო აქციებმა ბოლოდროინდელი ტენდენციის ფონზე უჩვეულო ინერტულობა გამოავლინეს. შედეგად, S&P 500-მა და Nasdaq-მა სესიის ბოლოსკენ დაღმასვლა განიცადეს. Tesla (TSLA), Zoom (ZM) და Peloton (PTON) ბოლო მოგებებს შეელიენ. Cboe-ს არასტაბილურობის ინდექსმა (VIX) 3%-ს გადააჭარბა. ასეა თუ ისე, ბოლო პერიოდში ოფციონების ბაზარზე მაინც სიწყნარეა, რაც იმის ნიშანია, რომ ტრეიდერები ფსონებს საფონდო ბირჟების მიერ მაქსიმუმების განახლებებზე დებენ.

საპირისპიროდ, ხმაურიანობით გამოირჩევა ციფრული ვალუტის ბაზარი. Coinbase-მა, კრიპტოვალუტის უდიდესმა ამერიკულმა ბირჟამ, Nasdaq-ზე თავისი პირდაპირი საჯარო შეთავაზება (DPO) წარადგინა, დააფასა რა თითო აქცია $381-ად, რაც კომპანიის მთლიან ღირებულებას $100 მლრდ-ით განსაზღვრავს. მისმა დებიუტმა Bitcoin-ისა და Ethereum-ის ფასები დილით ისტორიულ მაქსიმუმებამდე აიყვანა, რაც დიდხანს არ გაგრძელებულა.

გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

●    JPMorgan Chase-მა 14 აპრილს 2021 წლის 1-ლი კვარტლის შედეგები წარმოადგინა, რომლითაც მნიშვნელოვნად გაუსწრო ანალიტიკოსებთა პროგნოზებს როგორც მოგებაზე, ისე შემოსავალზე. ბანკმა განაცხადა, რომ თითო აქციაზე მოგება (EPS) $4,50-ს. უტოლდება, რაც Refinitiv-ის მიერ გამოკითხვის შედეგად ნავარაუდევ $3,10-ზე ბევრად მეტია, ისევე როგორც $33,12 მლრდ-იანი მთლიანი შემოსავალი. ბანკმა განაცხადა, რომ მან სესხის დანაკარგების რეზერვები $ 5,2 მლრდ-ით შეამცირა - ეს იმის ნიშანია, რომ იგი უფრო მყარადაა დარწმუნებული ეკონომიკის აღდგენაში.
●    Moderna-ს განცხადებით, მისი კოვიდ-ვაქცინის ეფექტურობა 90%-ზე მეტია, მძიმე ქეისების მიმართ კი, მეორე დოზის მიღების 6 თვის მერე 95%-ს აღემატება. სპეციფიკური ტიპის ვაქცინა თაგვებზე წინარეკლინიკური გამოკვლევების შედეგად ანტისხეულების დონის ზრდას უზრუნველყოფს. ამ დრომდე კომპანიამ გლობალური მასშტაბით 132 მილიონი დოზა გასცა, მათ შორის 117 მილიონი - აშშ-ში. იგი ასევე აცხადებს, რომ 2021 წლის მაისში ბაიდენის მთავრობას 100 მლნ-მდე დოზით მოამარაგებს და ამდენივეთი - ამა წლის ივლისში.
●    შვეიცარიულმა ბანკმა Credit Suisse-მა 13 აპრილს კიდევ $2 მლრდ-ის ოდენობის აქციები გაყიდა, რაც Archegos-ის ე.წ. ,,margin call’’-სა და მასშტაბურ დაყიდვებს უკავშირდება (Bloomberg). ეს თანხა წინა კვირას გაყიდულ $2,3 მლრდ-ს ზემოდან ემატება და Discovery-სა და Iqiyi-ს აქციებს მოიცავს. ბანკის განცხადებით, მას 1-ლი კვარტლის ამ ეპიზოდით $4,8 მლრდ-ად შეფასებული დარტყმა მიადგება. Discovery-ს აქციები 14 აპრილის სესიის დაწყებისას 4%-ით დაეცა.
●    Stitch Fix-ის აქციები წინასაბაზრო ვაჭრობაში შემცირდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ განაცხადა, რომ მისი გენერალური დირექტორი კატრინა ლეიკი აღმასრულებელი თავმჯდომარის პოზიციაზე გადაინაცვლებს, მის ადრინდელ თანამდებობას კი ამჟამინდელი პრეზიდენტი ელიზაბეტ სპოლდინგი შეითავსებს. პერსონალური სტილიზაციის ონლაინ-სერვისი ლეიკმა 2011 წელს ჰარვარდის ბიზნეს-სკოლის დამთავრების შემდეგ დააფუძნა. ის ყველაზე ახალგაზრდა (34) ქალი გახდა, რომელსაც ხელში საჯარო კომპანიის მართვის სადავეები აუღია. შემდგომ მას ეს წოდება ამა წლის დასაწყისში Bumble-ის 31 წლის დამფუძნებელმა უიტნი ვოლფ ჰერდმა ჩამოართვა.
●    Apple წლის პირველ ივენთს 20 აპრილს, 10 საათზე (PDT) უმასპინძლებს. ტექნოლოგიური გიგანტის ღონისძიება, სახელწოდებით ,,Spring Loaded’’, ვირტუალური იქნება და პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ხმები ვრცელდება, რომ ამ ივენთზე შესაძლოა ახალი iPad Pro-ს, ახალი AirPods-ის, iMac-ის ან სტილუსის მოდელები ვიხილოთ.  



კრიპტოვალუტა, როგორც მეინსტრიმი

Coinbase-ის, როგორც საჯარო კომპანიის, დებიუტი Nasdaq-ზე ,,პირდაპირი ლისტინგის’’ მეშვეობით შედგა. მისი აქციები უფრო კონსერვატიული ინვესტორებისთვის რეალური ციფრული მონეტების ყიდვის გარეშე ამ სფეროში თავის დამკვიდრების შანსს წარმოადგენს. ამრიგად, მისი ოპერირება ტიკერ ,,COIN’’-ით განხორციელდება, რომელიც Reddit-ზე მიმაგრებულ WallStreetBets-ის ფორუმზეა შექმნილი. ამ მოვლენას 1995 წლის ,,Netscape Moment’’, როდესაც სტარტაპის IPO-მ ე.წ. ,,dotcom boom’’-ს დაუდო სათავე.

შეიძლება ეს კრიპტობიზნესისთვის ისტორიული მომენტი იყოს? სავსებით შესაძლებელია. ცოტაოდენი ფაქტი გარკვეული წარმოდგენის შესაქმნელად, თუ რამდენად შორს წავიდნენ ციფრული ვალუტები, ამ შემთხვევაში, მათგან უდიდესი, Bitcoin:
●    2008 წლის ოქტომბერი: სატოში ნაკომოტომ დეცენტრალიზებული ელექტრონული ფულადი სისტემის შესახებ პირველი ოფიციალური დოკუმენტი წარმოადგინა.
●    იანვარი, 2009: ბიტკოინის პირველი ბლოკი, ე.წ. ,,Genesis Block’’, და პირველი ტრანსაქცია.
●    მაისი, 2010: ,,ბიტკოინის პიცის’’ დღე - ღვეზელის შესაძენად პირველად გამოიყენეს ბიტკოინი.
●    ივლისი, 2010: ერთ-ერთი პირველი კრიპტობირჟა, სახელწოდებით Gox (იაპონია), ამოქმედდა. ის მსოფლიოში ყველაზე დიდ პლატფორმად იქცეოდა, 2014 წელს რომ არ ჩამოშლილიყო და მომხმარებლები 744,408 BTC-ით არ გაექურდა.
●    თებერვალი, 2011: ბიტკოინი აშშ დოლართან პარიტეტს აღწევს. თითო BTC ახლა 1 დოლარი ღირს.
●    ივნისი, 2012: დაარსდა Coinbase. მას სათავე Airbnb-ის ყოფილმა, 29 წლის თანამშრომელმა დაუდო, რომელსაც ,,სილიკონის ველზე’’ განთავსებული Y Combinator აფინანსებდა.
●    სექტემბერი, 2015: შეიქმნა Bitcoin Investment Trust, მოგვიანებით ცნობილი, როგორც Grayscale Bitcoin Trust.
●    იანვარი, 2017: BTC-ის ნიშნული $1000-მდე ავიდა. წლის ბოლომდე ის 20,000 დოლარს აღწევს.

ამის თანმდევი მოვლენები ალბათ ბევრ თქვენგანს მოეხსენება - ველური სპეკულაციები ინვესტორებს შორის, მწვავე დებატები ბლოკჩეინზე, კრიპტოვალუტების ღირებულებასა და მათ გარემოზე ზემოქმედებაზე, რეგულირებასთან დაკავშირებული პრობლემები სხვადასხვა ქვეყნებში, ინსტიტუციური მიმღებლობის თანდათან გაზრდა და, ბოლოს, ილონ მასკის სტატუსები ,,ტვიტერზე’’.  


Coinbase-ის ლისტინგის მონაცემები
Nasdaq-მა პლატფორმის აქციების სარეკომენდაციო ფასი $250-ით განსაზღვრა, რაც მთლიანი კომპანიის $65 მლრდ-ად შეფასებას ნიშნავს. CNBC აცხადებს, რომ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე აქამდე ჩატარებულ ხუთ მნიშვნელოვან ,,პირდაპირ ლისტინგში’’ (Spotify, Slack, Palantir, Asana, Roblox) საწყისი ფასი სარეკომენდაციო ღირებულებას დაახლოებით 37%-ით აღემატება. თუ Coinbase-იც მსგავს შემთხვევათა რიგშია, აქციების ფასმა შეიძლება $343-ს მიაღწიოს.

პლატფორმამ, რომელსაც 100-მდე ქვეყანაში 56 მილიონზე მეტი ვერიფიცირებული მომხმარებელი ჰყავს, ამ თვის დასაწყისში 1-ლი კვარტლის კორპორატიული ანგარიში გამოაქვეყნა. საყურადღებო ციფრები:
●    ყოველთვიური ტრანზაქციული მომხმარებელი (MTU): 6,1 მლნ
●    აქტივები პლატფორმაზე: $223 მლრდ
●    სავაჭრო მოცულობა: $335 მლრდ
●    მთლიანი შემოსავალი: დაახლ. $1,8 მლრდ (2020 წლის $1,3 მლრდ-ისა და 2019 წლის $533,7 მლნ)
●    წმინდა შემოსავალი: დაახლ. $730-800 მლნ

მთავარი საზომი აქ MTU-ა, რადგან მისი კორელაცია ტრანზაქციულ შემოსავალთან ან ვაჭრობის გადასახადებთან ყველაზე მჭიდროა. 2020 წელს კომპანიისთვის ტრანზაქციული შემოსავლები წმინდა შემოსავლის 96%-ს შეადგენდა. Coinbase-ის ერთ-ერთ რისკ-ფაქტორი, მზარდი კონკურენციისა და რეგულირების გარდა, არის ის, თუ რამდენად არის დამოკიდებული მისი შედეგები მყიფე კრიპტოაქტივების მოცულობასა და ფასზე. სრული 2021 წლისთვის ფირმა საშუალო MTU-ს 4-7 მლნ-ის ფარგლებში ელოდება.

14 მილიარდი ევრო
ამდენს აღწევს LVMH-ის, ფუფუნების საგნების მწარმოებელი უდიდესი მსოფლიო კონგლომერატის (მოიცავს 75-მდე ბრენდს), ამა წლის 1-ლი კვარტლის შემოსავალი. 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იგი 32%-ით გაიზარდა და ასევე, რამდენიმეკვარტლიანი ვარდნის შემდეგ დადებით დინამიკას დაუბრუნდა. ორგანული პროდუქციის გაყიდვებმა 2019 წლის 1-ლ კვარტლის ფონზე 8%-ით მოიმატა.

აზიასა და აშშ-ში შემოსავლები გაორმაგდა, ევროპაში კი აღდგენის ტემპი შედარებით ნელია, რაც საკარანტინე რეჟიმებმა და დაკეტილმა მაღაზიებმა განაპირობა. ორგანული პროდუქციის გაყიდვების ზრდაში წვლილი ყველა ბიზნეს-ჯგუფმა შეიტანა, გარდა შერჩევითი საცალო ვაჭრობისა. მათგან განსაკუთრებით Fashion & Leather Goods-მა იხეირა, ვინაიდან ძვირადღირებული ჩანთები მოდაში კვლავ შემოვიდა. პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ ეს ასევე პირველი კორპორატიული ანგარიშია მას შემდეგ, რაც კონგლომერატს საიუველირო ფირმა Tiffany & Co შემოუერთდა, რომელსაც ,,შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა’’. შეძლებული კატეგორიის ადამიანთა სააღდგომო განწყობაზე მსჯელობა გაყიდული შამპანურისა და ჰენესის კონიაკის მოცულობებით შეიძლება, რომლებიც წლიურად, შესაბამისად, 22%-ითა და 28%-ით გაიზარდა.