ნამოხვანში, ტერიტორია, სადაც ხეობის მცველების კარვები იყო განთავსებული, მძიმე ტექნიკამ გადახნა
ნამოხვანში, ტერიტორია, სადაც ხეობის მცველების კარვები იყო განთავსებული, მძიმე ტექნიკამ გადახნა

A+ A-

14:10 12/04/2021

ნამოხვანში, ტერიტორია, სადაც ხეობის მცველების კარვები იყო განთავსებული, მძიმე ტექნიკამ გადახნა. აღნიშნული ფართობი კერძო მესაკუთრისაა, თუმცა ამის მიუხედავად, პოლიციის ნებართვით, ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს.

ამასთან, სამართალდამცველებმა რიონის ხეობის მცველების კარვები დაჭრეს და დაშალეს. აქტივისტებს კი საკვები პროდუქტები გადაუყარეს.

"იცით, რომ ჩვენი კარვების ადგილი ნამოხვანში დაშლილია. პოლიციამ დაგვიშალა და დაარბია გუშინ კარვები. დღეს კი კომპანიის ტრაქტორმა გადახნა იქაურობა. ჩვენ იმ ადგილზე არ გვიშვებენ და არ მომეცა იმის შესაძლებლობა ლაივი ჩამერთო, მაგრამ ჩვენი ერთ-ერთი თანამებრძოლი იმყოფება იმ ადგილას და მართლა საშინელი სანახაობა იყო, რაც ყველამ ერთად ვნახეთ. თქვენ იცით, რომ ლალი ეფრემიძის საკუთრება იყო ის მიწა, სადაც კარვები იყო განთავსებული. ჩემთვის პირადად, მართლა შოკოსმომგვრელი იყო ეს სანახაობა, ტიროდა ლალი, მისი ეზო, თავიდან ბოლომდე გადახნულია. ამ მიწას ისინი ჩვეულებრივად ამუშავებდნენ, ახლა კი ნარგავებიც მოთხრილია და ყველაფერი. თან ეს დემოსტრირებაა იმისა, რომ მისი მიწა უკვე დაიკავა "ენკამ"-განაცხადა ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა.

სამართალდამცველების განმარტებით, კარვები ხალხის უსაფრთხოებისთვის, სხვა ადგილზე გადატანის მიზნით აიღეს, რადგან რიონის წყლის დონე მატულობდა. ამ ვერსიის არ სჯერათ აქტივისტებს. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ხელისუფლება ცდილობს, მათ ხელი შეუშალოს.

გუშინდელი მოვლენების შემდეგ, რიონის ხეობის მცველების ნაწილმა ნამოხვანიდან გუმათში გადაინაცვლა. მათი განცხადებით, მიუხედავად შეზღუდვებისა პროტესტი გაგრძელდება.

დღეს გუმათში სოლიდარობის აქციაა დაგეგმილი. რიონის ხეობის მცველები, რომლებიც 170-ე დღეა ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, მხარდამჭერებს მოუწოდებენ, რომ ჩავიდნენ და ადგილობრივებს მხარდაჭერა გამოუცხადონ.