საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება

A+ A-

16:47 04/03/2021

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის 19 მარტიდან, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. ბაქო-თბილისი-ბაქოს საჰაერო ხაზზე ავიარეისებს ავიაკომპანია „Azerbaijan Airlines“-ის სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Buta Airways"-ი შეასრულებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ინფორმაციით, ფრენები აღნიშნული მიმართულებით კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, პარასკევს და კვირას შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორიცელების ნებართვა პირველ მარტს მიენიჭა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით.

მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.