"შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ეს ხელოვნურად გააკეთეს, ღარიბაშვილს კვლავ გინების და ფურთხების ტირადა რომ გაეკეთებინა"
"შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ეს ხელოვნურად გააკეთეს, ღარიბაშვილს კვლავ გინების და ფურთხების ტირადა რომ გაეკეთებინა"

A+ A-

18:18 02/03/2021

გავა ორი კვირა და თუ ღარიბაშვილი ხელცარიელი ჩავიდა ბრიუსელში, „ოცნება“ უფრო ღრმა კრიზისში შევა. ამიტომ ახლა ყველამ გვერდზე გადადოს ემოციები, ნერვები, გვერდზე უნდა გადაიდოს ერთმანეთის მოწონება-არმოწონება, ასევე გვეყოს შინაგანი ძალა რეალურ საკითხებზე სასაუბროდ, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

"რეალური საკითხები არის საერთაშორისოდ განსაზღვრული დღის წესრიგით. დღის წესრიგში შედის ექვსი საკითხი. აქედან ყველაზე საკამათო, სადავო, სადისკუსიო სწორედ პოლიტპატიმრების და რიგგარეშე არჩევნების საკითხია. თუ დღეს ნათქვამი სიტყვა ბატონი ღარიბაშივლის მხრიდან არის საბოლოო, მას მოუწევს ამ საბოლოო სიტყვის თქმა ასოცირების სხდომაზე, როდესაც წაბრძანდება ბრიუსელში. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება კიდევ უფრო ღრმა სპირალში შევა, რადგან ამ შემთხვევაში მისი ოპონენტი ბატონი პავილიონისი კი არ იქნება, რომელიც, პირდაპირი მნიშვნელობით, ჯვარს აცვა „ქართულმა ოცნებამ“, უკვე იქნება ევროსაბჭოს პრეზიდენტი, რომელმაც პირად კონტროლზე აიყვანა ის პოლიტიკური კრიზისი.

მე მაინც უფრო ოპტიმისტი ვიქნებოდი. ეს რიტორიკა უფრო მიმართულია საკუთარი ამომრჩევლის გამხნევებისკენ. აქედან გამომდინარე, დიალოგს აზრი ექნება, დიალოგის გარეშე არ გამოვა, ადრე თუ გვიან, მათ მოუწევთ  დიალოგის მაგიდასთან დასხდომა და ამ საკითხების განხილვა. მაშინ, ვაჟკაცობაც და სხვა თვისებებიც უნდა ყოფნოდა ბატონ პრემიერ ღარიბაშვილს, გუშინვე ეთქვა ბატონი შარლისთვის, ჩემო ბატონო პრეზიდენტო, მე არ ვაპირებ ამ საკითხის განხილვას“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, პროტესტი მაქსიმალურად თავშეკავებული იქნება.

"ჯერჯერობით არანაირი ცვლილება არ არის, იქნება მაქსიმალურად თავშეკავებული. მეტსაც გეტყვით, აქტივისტებს პირი არ ჰქონდათ გაღებული, აკავებდნენ. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ეს ხელოვნურად გააკეთეს, რათა შემდეგ ღარიბაშვილს კვლავ გინების და ფურთხების ტირადა გაეკეთებინა. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან გუშინ სხვანაირი რიტორიკა ჰქონდა. ნუ შევიქმნით ილუზიას, რომ ვინმე შეიძლება მოატყუოს. არც ქვეყანაა ჩალით დახურული და არც მსოფლიო“, – განაცხადა გიგი უგულავამ.