"ვადამდელი უნდა დაინიშნოს თუ არა, ეს ევროპელი პოლიტიკოსის გადასაწყვეტი არ არის"
"ვადამდელი უნდა დაინიშნოს თუ არა, ეს ევროპელი პოლიტიკოსის გადასაწყვეტი არ არის"

A+ A-

17:14 02/03/2021

შარლ მიშელის ერთადერთი თხოვნა იყო, დაილაპარაკეთ და ამისთვის მუშტების ბრახუნი არ გინდათო, მის ნათქვამზე ორივე მხრიდან დასტური იყო, მაგრამ რომ გათენდა, სხვა რამე დაიწყო, – ამის შესახებ დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს სიტყვა მისცეს, რომ შეწყდებოდა პროვოკაციული ქმედებები და კონფრონტაციული მიმართვები, თუმცა დღეს რეალობა 180 გრადუსით შეიცვალა.

„კონკრეტულ პოლიტიკურ ნაბიჯებზე არ იყო შეთანხმება. ოთახიდან რომ გავდიოდით, ორივე მხარემ ერთმანეთს სიტყვა მივეცით, რომ შეწყდებოდა პროვოკაციული ქმედებები, გამონათქვამები და კონფრონტაციული მიმართვები, მოხდებოდა ტონის დაწევა. ვინ უნდა გამოვიდეს ციხიდან, ვინ არა და როგორ უნდა მოხდეს რეფორმა, კონკრეტულ საკითხებზე არ შევთანხმებულვართ. შეთანხმება იყო იმაზე, რომ ერთმანეთისკენ ნაბიჯები გადაიდგმებოდა. სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ 180 გრადუსით შეცვლილ რეალობას – დილით ოპოზიციის მხრიდან შეურაცხმყოფელი შეძახილებით ვიღვიძებთ და შემდეგ თავის ლიანდაგებს დაუბრუნდა ირაკლი ღარიბაშვილი. ეს არის ძალიან ცუდი. სულ მცირე ევროპელი მაღალჩინოსნისთვის მიცემულ სიტყვას მაინც უნდა გავფრთხილებოდით. მოდით, ჩავთვალოთ, დღეს რაღაც გაუგებრობა იყო და გვიან ღამით დასრულებული შეხვედრის შემდეგ ვერ გავიაზრეთ, რაზე შევთანხმდით, მაგრამ თავი უნდა შევიკავოთ, თუ ეს ქვეყანა მართლა გვაღელვებს.

მოწოდება იყო, რომ პანდემიისა და შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ამ ქვეყნის ბედი თუ გვანაღვლებს, კიდევ უფრო მძაფრი უნდა იყოს ჩვენი პოზიცია მოლაპარაკებებზე და შეთანხმებაზე. ძალიან არადიპლომატიური და გულახდილი საუბარი იყო. ეს ადამიანი ყველაფერს ხვდებოდა, ყველა ნიუანსში ჩახედული იყო, არ იყო უბრალოდ ციდან ჩამოფრენილი მოღიმარი უცხოელი. მისი მხრიდან ერთადერთი თხოვნა იყო, დასხედით და დაილაპარაკეთ, შეთანხმდით, ამისთვის ტონს დაუწიეთ, მუშტების ბრახუნი არ გინდათო. ამ კაცის ნათქვამზე ორივე მხრიდან დასტური იყო, მაგრამ რომ დაღამდა და გათენდა, ორივე მხრიდან სხვა რამე დაიწყო.

თხოვნა იყო, მოდით, წითელი ხაზებით ნუ დაიწყებთ საუბარსო, თქვით, რას ფიქრობთ, მთავარი პრობლემა რა არისო. ამაზე იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ვადამდელი უნდა დაინიშნოს თუ არა, ეს ევროპელი პოლიტიკოსის გადასაწყვეტი არ არის“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.