"ნიკა მელიას დასაპატიმრებლად განხორციელებულმა შტურმმა, დემოკრატიის კრიზისი გამოამჟღავნა საქართველოში"
"ნიკა მელიას დასაპატიმრებლად განხორციელებულმა შტურმმა, დემოკრატიის კრიზისი გამოამჟღავნა საქართველოში"

A+ A-

18:27 26/02/2021

ლატვიის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი რიჩარდ კოლსი "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც 8 ქვეყნის საგარეო უწყების კომიტეტების ხელმძღვანელი პირები ხელისუფლების წარმომადგენლებს თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.

"მთავრობამ არ უნდა შეუწყოს ხელი ანტიდემოკრატიული ქმედებების განვითარებას, ნაცვლად დაპირისპირებისა, მნიშვნელოვანია, პრობლემები მოლაპარაკებებით გადაიჭრას.

ნიკა მელიას დასაპატიმრებლად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე განხორციელებულმა შტურმმა, დემოკრატიის კრიზისი გამოამჟღავნა საქართველოში. ძალადობა შეუთავსებელია საქართველოს მთავრობის მისწრაფებებთან და ეწინააღმდეგება 2020 წლის 8 მარტის ხელშეკრულებას მთავრობასა და ოპოზიციას შორის, რომლის შემუშავებას ხელს უწყობდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნების ელჩები თბილისში.

ჩვენ მოვუწოდებთ ქართველებს ერთიანობისკენ, პრობლემების გადასაჭრელად არ მიმართონ იმ ტაქტიკას, რომლებიც უკვე გამოცდილია სხვების მიერ, ეს იქნება მიმართული საქართველოს მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგოდ.

დესტაბილიზაციური და ანტიდემოკრატიული ქმედებები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო და დღემდე გრძელდება, ხაზს უსვამს ძალაუფლების მქონე პირების პასუხისმგებლობაზე, მათ მართებთ თავშეკავება და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედება. არ არსებობს ეჭვი, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია, თუმცა თავისუფლებაზე ძალადობა და თავდასხმები ამ ყველაფერს საფრთხეს უქმნის", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ აშშ-ის სენატის, გერმანიის ბუნდესტაგის, ბრიტანეთის თემთა პალატის, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები.