"ქართული ოცნების“ წევრების რიტორიკით იქმნება ტოქსიკური გარემო ჟურნალისტების თავისუფალი მუშაობისათვის"
"ქართული ოცნების“ წევრების რიტორიკით იქმნება ტოქსიკური გარემო ჟურნალისტების თავისუფალი მუშაობისათვის"

A+ A-

17:31 25/02/2021

მედიაკოალიცია ჟურნალისტ ვახო სანაიაზე და მის ოჯახზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება.

"2021 წლის 25 თებერვალს ტვ ფორმულას ჟურნალისტ ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თავს დაესხნენ უცნობი პირები. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტი ყვება: „პირდაპირ აგრესია ჰქონდათ ჩემ მიმართ, როგორც მედიის წარმომადგენლის, მიცნეს და ამის შემდეგ დაიწყეს პროვოცირება. დაიწყესგინება ჩვენ მიმართ, ტვ პირველის მიმართ, საერთოდ ტელევიზიების მიმართ ჰქონდათ აგრესია. ვფიქრობ, რომ ეს არის ასახვა იმის, რა პროპაგანდასაც ეწევიან კრიტიკული არხების მიმართ, ოღონდ უკვე ფიზიკური სახით გადმოვიდა ჩვენზე, ჩვენს ოჯახზე"  

კოალიციის წევრი ორგანიზაციები მივიჩნევთ რომ ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმა წარმოადგენს კრიტიკული მედიის მიმართ მმართველი პარტიის აგრესიული დამოკიდებულების სამწუხარო შედეგს.

ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით შეშფოთება „ქართული ოცნების“ წევრების რიტორიკის გამო, რომლითაც საქართველოში იქმნება ტოქსიკური გარემო  მედიაორგანიზაციებისა და ჟურნალისტების თავისუფალი მუშაობისათვის. მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ჟურნალისტების პოლიტიკურ ოპონენტებად გამოცხადება და მათ მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება ახალისებს ისედაც პოლარიზებული საზოგადოების ნაწილს, რომ თავს დაესხან ჟურნალისტებს სიტყვიერად ან ხელი შეუშალონ პროფესიულ საქმიანობაში.  

ამასთან ერთად, დღემდე გამოუძიებელია ჟურნალისტთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში თუ უშუალოდ არჩევნების დღეს ჟურნალისტებზე თავდასხმისათვის არც ერთი პირი არ არის პასუხისგებაში მიცემული, თუმცა გამოძიება დაწყებულია. წლის განმავლობაში არა ერთი სიტყვიერი მუქარის ფაქტი დარჩა რეაგირების გარეშე. დაუსჯელობა კი ხელს უწყობს ძალადობის წახალისებას.

- მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს სწრაფი და დროული რეაგირება მოახდინონ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით.

- მოვუწოდებთ მმართველ პარტიას უარი თქვას აგრესიულ დამოკიდებულებაზე  მედიის მიმართ.

- მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ქართული მედიის წარმომადგენლებზე სიტყვიერი თუ ფიზიკური თავდასხმების ფაქტებს", - აღნიშნულია განცხადებაში