რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ჩაიშალა
რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ჩაიშალა

A+ A-

16:02 24/02/2021

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო, ჩაიშალა. ამის მიზეზი ქვორუმის არარსებობა გახდა. არჩევნებზე ხმის უფლების მქონე 44 სუბიექტი გამოცხადდა, რაც ყრილობის გასამართად საკმარისი არ აღმოჩნდა (ქვორუმისთვის 50 ხმა იყო საჭირო).

მანამდე კი ავჭალაში მდებარე რაგბის ბაზაზე, ხმაურსა და დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

თანამდებობის დასაკავებლად კენჭს ერთადერთი კანდიდატი - იოსებ ტყემალაძე იყრიდა. მას ბოიკოტს 30 დეკემბერს არჩეული ირაკლი აბუსერიძე და მისი მხარდამჭერები უცხადებენ. მათი თქმით, რაგბის კავშირის პრეზიდენტი უკვე არჩეულია და დღევანდელი ყრილობა არალეგიტიმური იყო. ისინი ტყემალაძეს შენობაში არ უშვებდნენ, რასაც ხმაური მოჰყვა.

"ვიბრძოლებთ სამართლიანობისთვის და არ დავაკანონებინებთ უკანონობას. ვერც მე გავხდები 10 დღეში მშენებელი და ვერც ის გახდება მორაგბე. ასე, რომ რაგბს მიხედონ მორაგბეებმა და მშენებლებმა აშენონ მთელი ქვეყანა. რაგბი ჩვენი ცხოვრებაა", - განაცხადა საქართველოს რაგბის კავშრის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ.

"სოსო ტყემალაძის გამოჩენამ ამ ფონზე ძალიან დიდი ბზარი გააჩნია. ჩვენთვის მიუღებელია ადამიანი, რომელიც იტყუება. იმ დღეს 9 კაცი შევხვდით და უცებ გაასამმაგა, 25 კაცს შევხვდიო. ჩვენ არასდროს შევეგუებით ამ სიტუაციას, ვრჩებით იმავე პოზიციაზე და ვაგრძელებთ ბოიკოტის რეჟიმს", - განაცხადეს აბუსერიძის მხარდამჭერებმა.

საქართველოს რაგბის კავშირის მორიგი ყრილობა, 10-30 დღის ფარგლებში ჩატარდება. დებულების მიხედვით, განმეორებით ყრილობაზე ქვორუმისთვის საკმარისი უკვე 38 ხმა იქნება.

არჩევნები ​​​​​​რაგბის კავშირში, გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარდა და დელეგატების უმრავლესობამ მხარი აბუსერიძეს დაუჭირა, თუმცა საჯარო რეესტრმა მისი კანდიდატურა ორჯერ დაახარვეზა. შედეგად, ახალი არჩვენები ჩაინიშნა, რომლის ერთადერთი კანდიდატი, როგორც ამბობენ, ივანიშვილთან დაახლოებული იოსებ ტყემალაძეა.