დედაქალაქის მთავრობაში დიდი საკადრო "გადაფრენები" დაიწყო - აურევს თუ არა კვალს კალაძე ლილუაშვილს გამგებლების გადაადგილებით?
დედაქალაქის მთავრობაში დიდი საკადრო "გადაფრენები" დაიწყო - აურევს თუ არა კვალს კალაძე ლილუაშვილს გამგებლების გადაადგილებით?

A+ A-

17:25 27/01/2021

მას შემდეგ, რაც ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავეს, დედაქალაქში გამგებლების გადაფრენები დაიწყო. თბილისის მერმა, კახა კალაძემ, რომელსაც კვალში თვით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი უდგას, საკუთარი კადრების გადანაცვლება დაიწყო. "2020NEWS"-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ახალ მთავრობაში რამდენიმე ახალი კადრი გაჩნდება, დანარჩენი გამგებლები კი  ან ერთმანეთს გაუცვლიან ადგილებს, ანდაც - პოსტებს შეინაჩუნებენ.

იხსნის თუ არა ეს გადაადგილებები კორუფციულ სკანდალში გახვეულ დედაქალაქის მთავრობას, არავინ იცის, მაგრამ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი რაში იცვლება, ეს კითხვა გამგებლების „ამ გადაფრენების“ შემდეგ, ნამდვილად ჩნდება.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე, დედაქალაქში ვაკანტურია ვაკისა და დიდუბის გამგებლების პოსტები, რადგან ნოდარ ტურძელაძემ და ირმა ზავრადაშვილმა უკვე საქართველოს პარლამენტში გადაინაცვლეს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ტურძელაძე ვაკის მჟორიტარობის კანდიდატი  იყო და მას ოპოზიციონერმა ელენე ხოშტარიამ მეორე ტური „დაუსვა“, თუმცა, ოპოზიციის ბოიკოტის გამო, ხოშტარიამ მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღო და ტურძელაძე ვაკის მაჟორიტარი უპრობლემოდ გახდა.

ტურძელაძის პოსტზე კალაძეს ვაკის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მოადგილე დავით კვინიკაძე ყავს გახაზირებული.

დიდუბის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი კი, ძირძველ „ოცნებელთა“ რიგებს მიეკუთვნება და ის დღემდე ერთადერთი ქალი გამგებელი იყო. მის ადგილს ქალი კანდიდატი ახლა ნამდვილად აღარ დაიკავებს და ჩვენი ინფორმაციით,  გამგებლების ვაკანტურ თანამდებობებზე გასხვავებული სქესის წარმომადგენელი საერთოდ აღარ განიხილება.

თავად ირმა ზავრადაშვილს კი, თანამდებობაზე ჩააანაცვლებს ლევან ჯღარკავა, რომელიც აქამდე მუნიციპალური ინპექციის უფროსის თანამდებობას იკავებდა, მანამდე კი „თბილსერვისს“ ხელმძღვანელობდა. შესაბამისად ჯღარკავას ამჟამინდელი თანამდებობა გამოთავისუფლდა და მისი შემცვლელის ვინაობას კალაძე, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში, გამგებლების დანიშვნის შემდეგ გააჟღერებს.

ადგილს იცვლის გლდანის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, რომელიც  დავით უსუფაშვილის „რესპუბლიკელების“ კვოტით,  „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საბურთალოს რაიონის გამგებლად დაინიშნა.

„რესპების“ „ოცნებასთან“ გაყრის შემდეგ, კი მიქაუტაძე გამგებლის პოსტს მაინც ინარჩუნებდა. მისი და ოპოზიციაში გადასაული მისი პარტიის გზები აქ გაიყარა.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, მიქაუტაძე საბურთალოდან გლდანში გაამწესეს და დღემდე ამ რაიონს ხელმძღვანელობდა.

ახლა მისი გადანაცვლება კრწანისში მოხდება და ის გამგებლის პოსტზე ისტორიკოს ლევან ჯაფარიძეს ჩაანაცვლებს. ჯაფარიძე „ქართული ოცნების“ სიიით თბილისის საკრებულოს წევრი გახდა, შესაბამისად, მისი ადგილი გამოთავიუფლდა და იქ მიქაუტაძე გადაანაცვლეს.

ჩვენი ინფორმაციით, პოსტს ინარჩუნებს საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე, რომელმაც სწორედ მიქაუტაძე ჩაანაცვლა ამ პოსტზე და მანამდე მისი მოადგილე იყო.

ასევ პოსტებს ინარჩუნებენ: ჩუღურეთის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, რომლის გამგებობაც სულ ახლახანს გაეხვა კორუფციულ სკანდალში - მისი მოადგილის დაკავების გამო, ასევე ისნის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, ნაძალადევის გამგებელი ირაკლი ხელაძე და ისნის რაიონის პირველი პირი კახა სამხარაძე, რომელიც ადრე შიდა ქართლის გუბერნატორი იყო.

თავის ადგილზე რჩება ასევე მთაწმინიდს გამგებელი დავით კირკიტაძე, რომელიც კალაძის უახლოესი გარემოცვიდანაა და მისი კანდიდატურა პარლამენტში მთაწმინდის მაჟორიტაროი დეპუტატის „პოსტზეც“ განიხილებოდა მას შემდეგ, რაც ამ ოლქის მაჟორიტარი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა.

თუმცა, „ოცნების“ მიერ ჩატარებული შიდა გამოკითხვების შემდეგ, კირკიტაძეს ექსლეიბორისტმა ლადო კახაძემ აჯობა და მოიგო კიდევ მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის გამოცხადებული, ორტურიანი ბრძოლა.

გლდანის რაიონში მიქაუტაძის ადგილს კი, მისი მოადგილე, საზოგადოებისთვის ჯერ უცნობი კადრი ლევან ნაროუშვილი დაიკავებს, თუმცა, მერიის ადმინისტრაციაში ის წლების განმავლობაში მუშაობდა, მანამდე კი „თბილსერვისის“ უფროსის მოადგილე გახლდათ.

როგორც ბექა მიქაუტაძე სოციალურ ქსელში წერს, გამგებლების გადაადგილების პროცესი მას შემდეგ დასრულდება, რაც თბილისის საკრებულო თბილისის მერის, კახა კალაძის სახელით შეტანილ, გამგებელთა სიას დაამტკიცებს.

„3 წლის წინ თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაიონის - გლდანის გამგებლად დავინიშნე. ეს იყო დიდი გამოწვევა, რადგან სრულიად უცხო გარემოში მომიწია მუშაობა. ცოტა ვნერვიულობდი, ცოტა მეშინოდა კიდეც. დღეს, 3 წლის შემდეგ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გლდანელი ვარ და გულით მიყვარს ეს უბანი და აქ მაცხოვრებელი ჩემი უამრავი მეგობარი. ბევრი გამოწვევა გადავლახეთ გლდანის უმაგრეს გუნდთან ერთად, თუმცა კვლავაც ბევრია გასაკეთებელი. წარმატებებს და ყველა პრობლემის სწრაფად მოგვარებას ვუსურვებ ჩემ მეგობარს, გლდანის ახალ გამგებელს, ლევან ნაროუშვილს“, - წერს მიქაუტაძე.

მისივე თქმით, ის კრწანისის რაიონში საქმიანობას ორშაბათიდან დაიწყებს, მას შემდეგ, რაც საკრებულო დასტურს მისცემს გამგებლობაზე. თუმცა, უარს, რომ არ მიიღებს, ეს გლდანის ექსგამგებელმაც იცის და მისი პოსტიდანაც ჩანს განწყობა. .

„ორშაბათიდან კრწანისის რაიონში მივდივარ (მას შემდეგ, რაც საკრებულო მოიწონებს ახალი გამგებლების კანდიდატურებს) და მართალი გითხრათ, აქაც იგივე შეგრძნება მაქვს. ვიცი რომ თბილისის ერთ-ერთ ულამაზეს რაიონში მომიწევს მუშაობა, სადაც ქალაქური პეწი და სიყვარული უპერველესია. იმედი მაქვს გავუგებთ ერთმანეთს. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.“, - წერს კრწანისის მომავალი გამგებელი სოციალურ ქსელში.

მოკლედ, კახა კალაძე დიდ საკადრო გადაადგილებებშია, ამ დროს კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ გრიგოლ ლილუაშვილის უწყებას ანტიკორუფციულ თაროებზე სწორედ კრწანისისა და დიდუბის გამგებლების კორუფციული საქმეებიც აქვს შემოდებული, სხვათა შორის, არა მარტო მათი. შესაძლოა, კალაძე თავის ხალხს ლილუაშვილისგან სწორედ ამ გადადგილებების სქემით იცავს, თუმცა, სუსისგან თავის დაღწევა რომ მარტივი საქმე არაა, თუ მისი პირველი პირი „ქართუელია“ წარმოშობით და თან გადაკიდებული გყავს, ყველასთვის გასაგები ნარატივია .

სხვათაშორის, დღეს საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ყოფილმა „ოცნებელმა“ ვატო შაქარაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა კიდეც, რომ დედაქალაქის მთავრობის კორუფციული საქმეები სერიოზულად არის გამოსაძიებელი.