ძველი "ოცნება" ფერფლისგან აღდგენას იწყებს? - "ზვიგენების" ომის კულმინაცია - რისთვის ემზადება აქამდე გასუსული გოგაშვილი?
ძველი "ოცნება" ფერფლისგან აღდგენას იწყებს? - "ზვიგენების" ომის კულმინაცია - რისთვის ემზადება აქამდე გასუსული გოგაშვილი?

A+ A-

15:57 27/01/2021

ემზადება თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სკანდალური ექსმოადგილე  სოსო გოგაშვილი პოლიტიკაში მობრუნებისთვის, ანდაც ბიძნა ივანშვილისგან მიტოვებული ექსთანაპარტიელებისთვის სამაგიეროს გადასახდელად? „2020NEWS“-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ძველი შემადგენლობა, რომელიც მმართველი პარტიის მოქმედ ლიდერშიფზე, განსაკუთრებით კი, პარტიის თავმჯდომარის ტახტზე დატოვებული ირაკლი კობახიძისა და მისი „ნაციონალური“ წარსულის მქონე გუნდის მიმართ არის უარყოფითად განწყობილი, ახალი პარტიის ჩამოყალიბებისთვის მოძრაობას იწყებს.

ამგვარი მოძრაობები ე.წ. ძველ „ოცნებელებში“ ყველა არჩევნების წინ იყო, მაგრამ ახლა, ჩვენი ინფორმაციით, მათ ბიძგი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლამ მისცა და მისმა დანაბარებმაც, რომ დემოკრატიის ანაბანით, ქვეყანაში აუცილებლად გამოჩნდება, ახალი კეთილსინდისიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციაში გადაიყვანს.

 

შეიქმნება თუ არა „ოცნება-2“ ძირძველი „ოცნებელების“ ბაზაზე, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს, თუმცა ამ ეტაპზე ფაქტია, დიდი ხნის შემდეგ, მათგან ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი, სუსის ექსმაღალჩინოსანი საზოგადოებაში ღიად გამოჩნდა.

დღეს,  ვიდრე ოპოზიცია აკრიტიკებდა ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებას, რომ ქვეყანაში მესამე პოლიტიკური ძალა გამოჩნდება, რადგან ხელისუფლება პოლიტკრიზისს ვერ მართავს, ხოლო ოპოზიციას ძალა არ აქვს, ხალხი ქუჩაში გამოიყვანოს, გოგაშვილი მეუფის ქადაგებასაც ესწრებოდა და სოციალურ ქსელში თავის ნათელ-მირონთან, ბოდბელ მეუფესთან გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.

გოგაშვილი თავის პოსტში ყველას ნინოობის დღესასწაულს ულოცავს, მონატრებულ მეუფესთან ერთად.

წირვის შემდეგ,  ყოფილმა სუსელმა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა, მხოლოდ ის განაცხადა, რომ პოლიტიკურ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს.

„ერთობა გაიმარჯვებს ყოველთვის. გილოცავთ მეგობრებო ყველას ნინოობას.. საქართველო გაიმარჯვებს ყველა თავის მტერზე სიყვარულით და ერთობით. მონატრებულ მეუფებთან ერთად“, - წერს სოცქსელში სოსო გოგაშვილი.

 

თუმცა, რა ერთობაზე საუბრობს ექსმაღალჩინოსანი, პოსტში არ განმარტავს. „ოცნებასთან“ ერთობაზე რომ არ დაწერს, ამავე „ოცნებისგან“,  თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე განხორციელებული სკანდალური სპეცოპერაციის შემდეგ, მიტოვებულ-გარიყული გოგაშვილი, ეს ცხადია.

ისე, ის ადრეც წერდა, რომ მმართველ პარტიაში დიდი ამბები დაიწყებოდა და ბევრი „დაფარული“ რამ გასკდებოდა, ამ პროცესის ავანგარდში კი ავადაც იქნებოდა, თუმცა ეს „მალე“ კარგა ხანია არ დამდგარა.

დღეს კი, „მონატრებული“ ბოდბელი ეპისკოპოსის ტაძარში მისი გამოჩენა და მეუფის სკანდალური პოლიტგანცხადებები, რომ ეკლესიას პოლიტიკური  სპექტრი პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას აფიქრებინებს, რადგან ოპოზიცია-ხელისუფლება ერთნეთში გამართულ იწილო-ბიწილოში საქართველოს ღუპავენ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გოგაშვილი პოლიტიკაში მობრუნებისთვის ემზადება.

შექმნის თუ არა ის პარტიას, ან მისნაირი უკმაყოფილო „ოცნებელებისგან“ შედგება თუ არა მმართველი „ოცნების“ საპირწონე ძალა, ამას ახლო მომავალი გვიჩვენებს.

 

მანამდე კი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სუსი ისედაც გააქტიურებულია „ოცნების“ შიგნით და ამასწინათ, ამ უწყების პირველ პირთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაპირისპირებული თბილისის მერის, კახა კალაძის გუნდის წევრი, ჩუღურეთის გამგებლის მოადგილე დააკავეს, ამასთანავე გავიხსენებთ - ყოფილი სუსელები არ არსებობენ, პროცესები როგორც ჩანს, უფრო ღრმაა, ვიდრე ექსსუსელის უბრალოდ საზოგადოებაში გამოჩენა.

აქვე ისიც გასახსენებელია, რომ პრემიერობაზე ამბიცია დიდი ხანია აქვს გრიგოლ ლილუაშვილს და არჩევნებამდე  დაიკავებდა კიდეც ამ თანამდებობას, რომ არა კორონაპანდემია და პრემიერ გიორგი გახარიას რეიტინგის სწრაფი ზრდა.

გასახსენებელია ისიც, რომ პარტიაში ირაკლი კობახიძის პირველ კაცად „დასმის“ შემდეგ პრემიერის პოსტზე „თათი და პრეტენზია“ აქვს დადებული კახა კალაძესაც,  რადგან მას თბილისის მერის არჩევნებში ხელმეორედ მონაწილეობის სურვილი აღარ აქვს.

 

ამასობაში, ირაკლი კობახიძე საკუთარი გუნდის გაძლიერებითაა დაკავებული. პრემიერმა გახარიამ კი ძალოვნებს ვიცე-პრემიერის პოსტი არ ჩააბარა და ამ თანამდებობაზე, მათი და დასავლეთის დასანახად, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დანიშნა.

მეტიც, გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი  გახარია და უკვე დეპუტატი თეა წულუკიანი ოპოზიციაში გადასასვლელადაც ემზადებიან.

შესაბამისად, ამდენი „გახსენების“ შემდეგ, მარტივად შეგვიძლია, ვივარაუდოთ, მმართველ პარტიის „ზვიგენები“ გენერალური შეტაკებისთვის ემზადებიან და გავლენებისთვის დაწყებული დაპირისპირება კულმინაციას აღწევს.

რუსა მუმლაძე