ოპოზიციონერი პარლამენტარებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნა მოლაპარაკებებზე იმოქმედებს - სარჯველაძე
ოპოზიციონერი პარლამენტარებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნა მოლაპარაკებებზე იმოქმედებს - სარჯველაძე

A+ A-

10:50 27/01/2021

„ქართული ოცნების“ უმრავლესობაში ოპოზიციონერებისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას, როგორც ჩანს, ყველა არ ეთანხმება. „იმ შემთხვევაში, თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ეს გავლენას იქონიებს მოლაპარაკების პროცესზე“, - მიაჩნია პარლამენტის ერთ-ერთი წამყვანი, ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს. ამის შესახებ მან  ჟურნალისტებთან განაცხადა.

თუმცა, სარჯველაძე ასევე აცხადებს, რომ ამ რეალობის წინაშე ქვეყანა სწორედ ოპოზიციონერთა გადაწყვეტილების შედეგად დადგა. 

„თავი მოეყრება მთელ იმ ინფორმაციას, გარემოებებს, ფაქტებს, რასაც შეიძლება გავლენა ჰქონდეს ამ გადაწყვეტილების შინაარსზე და ამის რელევანტურად მიიღება გადაწყვეტილება. წინასწარ ამაზე საუბარი, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ვფიქრობ, არ შეიძლება.

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს ბოლო მომენტამდე მისულიყო და ყველას ჰქონოდა საკუთარი ნების გამოხატვის თავისუფლება.

ეს მოლაპარაკებების შესაძლებლობებზე, იმ შემთხვევაში თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, გავლენას იქონიებს ამ პროცესზე და სამწუხაროა, რომ ასეთი რეალობა შეიქმნა ოპოზიციის გადაწყვეტილების მიხედვით, რომელიც გვაქვს განსახილველად", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, პარლამენტში ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციონერ დეპუტატთა უფლებამოსილების მოხსნის პროცედურა იწყება. დღეს „ლეიბორისტების“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნის საკითხი გავა კენჭისყრაზე. 28 იანვარის სხდომაზე კი, პარლამენტი დანარჩენი 49 ოპოზიციონერის განცხადებებსაც განიხილავს.

ცნობისთვის, ახლად შექმნილი პარტიის „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამ საკითხს მხარს არ დაუჭერს.