მმართველი გუნდი ცდილობდა, ეს გამარჯვება არ დამდგარიყო - სააკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე
მმართველი გუნდი ცდილობდა, ეს გამარჯვება არ დამდგარიყო - სააკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

A+ A-

23:08 21/01/2021

ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ცდილობდა, რომ სტრასბურგში 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, საქართველოს სასარგებლო გადაწყვეტილება არ მიეღოთ. ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მიერ, რუსეთის დამარცხება საწყისი იყო და წინ ბევრად უფრო დიდი და მნიშვნელოვანი გამარჯვება ელის საქართველოს.

„ეს გამარჯვება საწყისია იმ დიდი გამარჯვებისა, რომელსაც საქართველო ძალიან მალე მიაღწევს, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდი ცდილობდა ეს გამარჯვება არ დამდგარიყო მათ ვერ შეძლეს ამ დიდი პროცესისთვის ხელი შეეშალათ. ახლა საქართველო და ქართველი ხალხი ახალ რეალობაში იღვიძებს მათ ქვეყნის მთავარ მტერს, ოკუპანტ რუსეთს დაუმტკიცეს, რომ ცივილური ომით შესაძლოა მათი დამარცხება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქმე ეხებოდა საქართველოს მთავრობის მიერ ბრალდებებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან კონვენციის სხვადასხვა დარღვევის შესახებ, 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით. სასამართლომ დაადგინა, რომ უნდა გაიმიჯნოს სამხედრო მოქმედებების აქტიური ფაზა (2008 წლის 8-12 აგვისტო) და სხვა მოვლენები, რომლებიც მოხდა საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის შეწყვეტის შემდეგ, ანუ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შემდეგ. სასამართლომ გაითვალისწინა მხარეთა მიერ წარმოდგენილი შენიშვნები და მრავალი სხვა დოკუმენტი, აგრეთვე საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები. გარდა ამისა, სასამართლომ მოისმინა 33 მოწმისგან მტკიცებულებები.