მზად ვართ, შეხვედრები ნებისმიერ პარტიასთან, ნებისმიერ ფორმატში ვაწარმოოთ - მდინარაძე
მზად ვართ, შეხვედრები ნებისმიერ პარტიასთან, ნებისმიერ ფორმატში ვაწარმოოთ - მდინარაძე

A+ A-

18:22 21/01/2021

"ქართული ოცნება" მზად არის, მოლაპარაკებების მაგიდასთან არა მარტო ალეკო ელისაშვილის პარტიასთან, არამედ ოპოზიციური სპექტრის სხვა კონსტრუქციულ წარმომადგენლებთანაც დაჯდეს. ამის შესახებ "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე ასევე ამბობს, რომ მმართველი გუნდი მზად არის, ოპოზიციასთან შეხვედრებისას გახმოვანებულ ყველა პირობაზე პასუხისმგებლობა აიღოს.

"არამხოლოდ ალეკო ელისაშვილის პარტია "მოქალაქეებთან", არამედ როგორც ადრე, ასევე დღესაც მზად ვართ, შეხვედრები ნებისმიერ პარტიასთან, ნებისმიერ ფორმატში ვაწარმოოთ და პასუხისმგებლობა ნებისმიერ დეტალზე ავიღოთ, რაზეც დახურულ თუ ღია შეხვედრებზე ვსაუბრობდით. მზად ვართ, განვახორციელოთ საარჩევნო რეფორმა იმ დეტალების მითითებით, რაზეც ოპოზიციასთან ერთად შეხვედრებზე ვსაუბრობდით. შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია და ჩვენ ამაზე შეგვიძლია პასუხისმგებლობა ავიღოთ", - განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია ციხიდან პოლიტიკური პატიმრების გამოშვება, რაც ხელისუფლების მიმართ ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, მდინარაძემ განაცხადა, რომ ამაზე არანაირი შეთანხმება არ იქნება, რადგან ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. სწორედ ამ კონტექსტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროკურატურის მიერ დავით გარეჯის საქმეზე დღეს გამოქვეყნებულმა ჩანაწერებმა დაადასტურა, რომ აბსურდულია ოპოზიციის მესიჯი ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობის შესახებ.

რაც შეეხება ცესკოს არსებული შემადგენლობის დაშლის და მისი ახალი წესებითა და შემადგენლობით დაკომპლექტების თაობაზე ოპოზიციის მოთხოვნას, მდინარაძის თქმით, როცა საქმე პერსონიფიცირებას ეხება და საუბარია ამა თუ იმ თანამდებობის პირის სახელსა და გვარზე, არ შეიძლება ეს შეთანხმების საგანი გახდეს.

"რაც შეეხება ცესკოს დაკომპლექტების წესს, ჩვენ დეტალებში არ ჩავდივართ. ამ პირობას ოპოზიციაც იცავს. სრული მზაობა გვაქვს იმ პირობაზე, რომელიც ჩვენ შეთანხმების მაგიდასთან დავდეთ. საარჩევნო რეფორმის მთელს პაკეტზე ურთიერთობას ნებისმიერთან გავაგრძელებთ - საარჩევნო რეფორმის თაობაზე პრაქტიკული შეთანხმება შემდგარია და მზად ვართ, რეფორმა განვახორციელოთ. ასევე მზად ვართ, ჩვენი ოპონენტები პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მოვიწვიოთ და "ქართული ოცნების" სასარგებლოდ 1%-იანი გადახრის შემთხვევაში, პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები დავნიშნოთ ", - განაცხადა მდინარაძემ.