ზალკალიანის ვიცე-პრემიერობა და "ოცნების" მესიჯი ბაიდენს - ოპოზიციის კონტრმოლოდინი და დასავლეთის დიდი საგარეო ფრონტი საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ
ზალკალიანის ვიცე-პრემიერობა და "ოცნების" მესიჯი ბაიდენს - ოპოზიციის  კონტრმოლოდინი და დასავლეთის დიდი საგარეო ფრონტი საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ

A+ A-

16:38 21/01/2021

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ქვეყნის მთავრობის ვიცე-პრემიერი ხდება. რას ნიშნავს, როცა საგარეოს საქმეთა მინისტრი მინისტრთა კაბინეტში ამ თანამდებობას იკავებს და რა მესიჯს უშვებს დემოკრატი ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების პირველ დღეს, დასავლეთისთვის „ოცნების“ ხელისუფლება, რომელსაც ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობები დალაგებული ქონდა, ახლა კი ხელახლა აქვს დასაწყობი ახალ ადმინისტრაციასთან? საკითხის მნიშვნელობას ისიც უსვამს ხაზს, რომ მინისტრი, რომლის აშშ-ში საქართველოს ელჩად გადაყვანის ინფორმაცია დიდი ხანია მუსირებს მედიაში, უცებ ვიცე-პრემიერი ხდება, ოპოზიცია კი ამ ნაბიჯს, დროებითი მთავრობის ქმედებად აფასებს. ამასობაში, საქართველო სტრასბურგის სასამართლოში რუსეთს 12 წლიან დავას უგებს და ამტკიცებს, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, ოკუპანტმა ქვეყანამ სამაჩაბლოში ქართველების ეთნიკური წმენდა განახორციელა. რისთვის ემზადება დასავლეთი და გაიშლება თუ არა საქართველოში საგარეო ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ?

აღსანიშნავია, რომ ზალკალიანი ვიცე-პრემიერდება  სიმბოლურად და ზუსტად იმ დროს, როდესაც პოსტი დატოვა ექსპრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და სწორედ ის ითვლებოდა საქართველოს მოქმედი მმართველი პარტიის „მეკავშირედ“ დასავლეთში, ხოლო ოპოზიცია ელოდა, რომ ამ პოსტზე პრემიერი გიორგი გახარია რომელიმე ძალოვან მინისტრს დანიშნავდა, რისი იმედიც ამ მინისტრებსაც ქონდათ, თუმცა, ძალოვნებს მოლოდინი არ გაუმართლდათ.

დიდი ალბათობით, ზალკალიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა იმის ნიშანია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დემოკრატი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის „შტურმისთვის“ ემზადება.

ჩვენი ინფორმაციით, ამ შტურმის მთავარი გეგმა თავდაპირველად იყო ზალკალიანის შტატებში საქართველოს ელჩად გაშვება და მისი საშუალებით, „სიტუაციის დალაგება“, მაგრამ როგორც ჩანს, მინისტრმა პოსტი არ დათმო და გეგმა შეიცვალა.

შედეგად, ის ვიცე-პრემიერის პოსტიდან გააგრძელებს ბრძოლას ამერიკული მხარდაჭერის მოპოვებისა და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან საკუთარი გუნდის პოზიციების გაძლიერებასთვის.

რა პრობლემებით ხვდება საქართველო მთვარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ახალ პრეზიდენტს?

ზალკალიანის ბრძოლა კი მარტივი არ იქნება, რადგან დემოკრატიის აკვანი რომაა, იმ ქვეყნისთვის დასანახად, საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას ქვეყანაში, ამ დროისთვის აქვს შემდეგი სიტუაცია:

1.მძიმე ეკონომიკური და პანდემიური სიტუაციაა.

2.ერთპარტიული პარლამენტი  „პატრიოტების“ ბაზაზე აღმოცენებულ,  ახლად შექმნილ „ევროპელ სოციალისტებს“ თუ არ ჩავთვლით და  „მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს,  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერგადალახული პარტიების სრული უმრავლესობა ბოიკოტის რეჟიმშია.

3.„ოცნებამ“ აქამდე ვერ მოახერხა მათი დარწმუნება, რომ პარლამენტში შესულიყვნენ. არადა, ოპოზიციას თუ ვერწმუნებით, 20 იანვრამდე, ვიდრე ბაიდენი თეთრ სახლში ოფიციალურად შეაბიჯებდა,  მმართველებისთვის ამის მოხერხება  სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო.

  

და აი, რატომ: რამდენადაც რესპუბლიკელ ტრამპთან პირადი ნაცნობობა თავად სწორედ მმართველი ძალის ექსთავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს აკავშირებდა, ამავე მმართველების ლობისტების მუშაობა დასავლეთში შედეგიანი იყო და მაშინ, როცა ოპოზიცია ამტკიცებდა, საპარლამენტო არჩევნები გაყალბდაო, დასავლეთი, როგორც ევროპის, ასევე აშშ-ის სახით, მათგან ბოიკოტის შეწყვეტასა და პარლამენტში შესვლას ითხოვდა.

მეტიც, როდესაც საქართველოს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სტუმრობდა, მისმა აპარატმა ოფიციალურად გაავრცელა განცხადება, სადაც ოპოზიციის ქმედებებს მძიმე შეფასება მიეცა და პირდაპირ ითქვა, რომ ეს ოპოზიციური ბოიკოტი „ბევრჯერ ნანახ ფილმს“ გავდა და სჯობდა, ოპოზიცია შესულიყო პარლამენტში, რათა იქ ემუშავა იმ კანონმდებლობაზე, რომლითაც მომავალი არჩევნები აღარ დატოვებდა კითხვის ნიშნებს.

„ქუჩის ოპოზიცია“ კი, როგორც მათ ერთხელ პრემიერმა გახარიამ უწოდა,  დასავლეთის მოწოდებებს არ დაემორჩილა და დარჩა ქუჩაში, იმ იმედით, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, სიტუაცია ქვეყანაში სწორედ ამ ოპოზიციის სასარგებლოდ შეიცვლებოდა.

 

როცა ეს იმედები ოპოზიციას საქართველოში ქონდა, მაშინ ბაიდენი ჯერ კიდევ არ იყო არჩეული პრეზიდენტად.

სხვათაშორის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძეს „2020NEWS“-ს წინა წელს ისიც განუცხადა, ბაიდენის ადმინისტრაციასთან ნატოსა და სხვა საკითხებზე ნაყოფიერ და შედეგიან თანამშრომლობას „ქართული ოცნება“ კი არა, ვადამდელი არჩევნების შედეგად, შექმნილი მრავალპარტიული პარლამენტი და მის მიერ არჩეული მთავრობა განაგრძობსო. 

ამავე პარტიის მეორე ლიდერმა, აკაკი ბობოხიძემ კი უკვე წელს, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, ოპოზიცია პარლამენტში 20 იანვრამდე რომ არ შევიდა, ეს იყო მთავარი, აწი კი, მისი თანაგუნდელები, რომლებსაც „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას და ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს, მასთან მუშაობის დადებითი და სერიოზული გამოცდილება აქვთ, სხვა შედეგებს დადებენ ოპოზიციის სასარგებლოდ და დასავლეთის განწყობა რადიკალურად შეცვლება პარლამენტის ბოიკოტის მიმართ.

  

„ლეიბორისტების“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა კი, საერთოდ, პოლიტიკიდან „ნამდვილად წასული“, ამავე  ქართული პოლიტიკის მთავარი მოთამაშის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ამერიკული და ევროპული სანქციების ამოქმედებაც იწინასწარმეტყველა.

ასეთი განწყობით შეხვდა ბაიდენის ხელში მართვის სადავეების გადასვლას ქართული ოპოზიცია.

ხელისუფლება კი კონკრეტული ნაბიჯებით „შეეგება“ ბაიდენის გაპრეზიდენტებას და „საკრარულ“ 20 იანვარს.

ლიდერისგან მიტოვებულმა მმართველმა ძალამ დასავლეთს აშშ-ის „დემოკრატი“ ლიდერის ინაუგურაციის პირველივე დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიცე-პრემიერად „დაუნიშნა“ და ამით ხაზი გაუსვა, რომ მათთვის საგარეო პოლიტიკა მთავარი საკითხი ხდება.

დასავლეთის მიზნები საქართველოში და ახალი პრეზიდენტის პოლიტიკა

შიდა სიტუაციების მიმოხილვისას, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო დაპირებებში“ მთავარ მესიჯად დიდი ამბიცია გააჟღერა - 2024 წლისთვის საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს.  ოფიციალურად, სწორედ ამ განაცხადს უკავშრებენ თავად ზალკალიანიც და  სხვა მმართველებიც, საგარეო საქმეთა მინისტრის გავიცეპრემიერებას.

ამბიცია კარგია, მაგრამ ამისთვის დემოკრატიული პროცესების გაძლიერებაა საჭირო - დაახლოებით ამ შინაარსის მესიჯი შემოუთვალა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციასაც.

 

სხვათაშორის, კუბილიუსი იყო ის ევროპელი პოლიტიკოსი, რომელმაც გასულ წელს, ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციას, მიუხედავად მათდამი დადებითი დამოკიდებულებისა, პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა.

კუბილიუსი აცხადებდა, რომ ყარაბაღის საომარი მოვლენების, კავკასიაში მე-4 რუსული ბაზის გახსნისა და ასევე თურქეთის, როგორც რეგიონალური აქტორის როლის გაძლიერების შემდეგ, საქართველო კვლავ დაბრუნდა „ევროპულ გზაგასაყარზე“ და იმაზე მეტი შანსი გაუჩნდა, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში გაწევრიანების, ვიდრე აქამდე ქონდა.

შესაბამისად, ევროპარლამენტარის აზრით, დანაშაული იქნებოდა ამ შანსის ხელიდან გაშვება, პასუხისმგებლობა კი, იყო როგორც ხელისუფლებაზე, ასევე ოპოზიციაზეც.

ვიდრე ოპოზიცია-პოზიციის ფლანგებზე ეს სიტუაციაა და დასავლეთის პოზიციონირებაც ნათელია - საკანონმდებლო ორგანში უნდა გადავიდეს ქუჩის დავა ქართულ პოლიტიკაში, გართულებული საგარეო მდგომარეობის ფონზე, მანამდე, ქვეყნის შიგნით ორივე მხარე საკუთარ შესაძლებლობებს აძლიერებს და ამავე დასავლეთის ყურადღების მიპყრობას ცდილობს.

როგორც აღვნიშნეთ, სწორედ ამ მიზანს ემსახურება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის გავიცეპრემიერება და ამავდროულად, ბაიდენის ინაუგურაციისთანავე საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ევროპაში.

 

როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში მიემგზავრება და ევროკავშირისა თუ ნატოს წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს. გავრცელებული ინფორმაციით, ის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგსაც შეხვდება.

სხვათა შორის, ნატოსა და საქართველოს სამომავლო ურთიერთობების საკითხთან დაკავშირებით, უმნიშვნელოვანესი მესიჯი გააჟღერა და ფაქტობრივად, დაამსხვრია მსოფლიოს განვითარებული ნაწილის მიდგომები ამ საკითხზე ბაიდენის მიერ სახელმწიფო მდივანის თანამდებობაზე წარდგენილმა ენტონი ბლინკენმა, როდესაც მას სამშაბათს, სენატში უსმენდნენ.

„ამერიკის ხმის“ გავრცელებულ დიალოგს სენატორსა და მომავალ ადმინისტრაციაში, სახელმწიფო მდივნობის კანდიდატს შორის, “2020NEWS“ უცვლელად გთავაზობთ: 

რენდ პოლი:თქვენ მოუწოდებდით ნატოს გაფართოებისკენ. კვლავ უჭერთ მხარს ნატოში საქართველოს შეყვანას?“

ტონი ბლინკენმა მას უპასუხა, რომთუ ქვეყანა, როგორიც საქართველოა, წევრობის კრიტერიუმს დააკმაყოფილებს და ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში წვლილს შეიტანს, დიახ, კარი ღია უნდა დარჩეს.“

რენდ პოლი:ანუ თქვენ ეს წარმატებით რომ გამოგსვლოდათ, ახლა რუსეთთან ომი გვექნებოდა.“

ტონი ბლინკენი:სიმართლე გითხრათ, საწინააღმდეგოს ვფიქრობ. როცა საქმე ნატოს წევრობას ეხება, არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი აგრესიულია იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ნატოში არ არიან და [უსაფრთხოების] ქოლგის ქვეშ არ არიან მოქცეული. ეს აჩვენებს იმას თუ რატომ არ ესხმის თავს რუსეთი [ნატოს წევრებს].

რენდ პოლი: "ეს [ალიანსს ] საქართველოს, [წევრად] დაამატებდა, რომელიც ოკუპირებულია და მეხუთე მუხლის მიხედვით, ჩვენ ომში ჩავერთვებოდით.“

ტონი ბლინკენი:კიდევ ერთხელ, მე ვფიქრობ, ჩვენ წარსულში ვიხილეთ, რომ ქვეყნები რომლებიც ნატოს წევრებიან არიან, რუსეთის აგრესიის ასეთი სამიზნე არ ყოფილან.“

რენდ პოლი: "ეს 20 წლის შეიძლება საფუძვლიან არგუმენტად მიგვეღო. დღეს კი რუსეთს საქართველოს ნაწილი ოკუპირებული აქვს და არაპირდაპირ, მხარდაჭერილი ადგილობრივი ძალებით ოკუპირებული აქვს უკრაინის ნაწილი. მე ვფიქრობ, რომ თითოეული მათგანის ნატოში შეყვანა არა მხოლოდ პროვოკაციული ნაბიჯია, არამედ იმაზეც უნდა ვიფიქროთ, თუ რა იქნება შემდეგი. იმის გათვალისწინებით, რომ გვაქვს ვალდებულება ნატოს მოკავშირეები დავიცვათ, ეს იქნებოდა ხმის მიცემა ომისთვის. მე საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ხმას არ მივცემდი. არავითარ შემთხვევაში, თუ იმისთვის მზად არ ვართ, რომ ჩემი ან თქვენი შვილები წავიდნენ საომრად საქართველოში."

ჩვენს გარშემო რთული დაპირისპირებები, ომები და ოკუპაციებია. და ვფიქრობ ამ საკითხებზე უნდა დავფიქრდეთ. თითოეულ პროვოკაციას მოსდევს პასუხი. ვაკუუმში ამას ვერ განვიხილავთ. ზოგჯერ ამბობენარ მაღელვებს რას ფიქრობს რუსეთი,“ „არ მაღელვებს რას ამბობს თეირანი.“ თუ ჩვენს მტრებს იმდენად ვერ ვუგებთ, რომ გვესმოდეს, როგორ გვიპასუხებენ ისინი, ვფიქრობ ჩვენს საქმეს სწორედ არ ვაკეთებთ.“

ტონი ბლინკენი: გეთანხმებით..

ეს ახალი ადმინისტრაციის განწყობაა.

ძველმა ადმინისტრაციამ კი უკვე დაუტოვა საქართველოს მნიშვნელოვანი მემორანდუმი მეხუთე თაობის ინტერნეტის,  5G-ის უსაფრთხოების შესახებ.

"საქართველო ამერიკის არჩვეულებრივი პარტნიორია და ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს ეს პარტნიორობა შემდეგ საფეხურზე გადავიყვანოთ...  ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს ამერიკა-საქართველოს ბიზნეს გეგმის შედგენას", - განუცხადა "ამერიკის ხმას" აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ,  კით კრაჩმა ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე.

როგორც კრაჩი გამოცემასთან აცხადებდა, 5G ქსელის უსაფრთხოება და „სუფთა ქსელის“ წევრობა "ღია სიგნალს უგზავნის ამერიკაში კერძო სექტორს" და ასევე „სუფთა ქსელის“ წევრი ქვეყნების კომპანიებს.

კრაჩის თქმით, შეერთებულ შტატებს ამ მიმართულებით დაფინანსების გამოყოფის შესაძლებლობებიც აქვს, „განვითარების დაფინანსების კორპორაციის“ (DFC) ფარგლებში. ის ამბობს, რომ საქართველოში DFC-ის ოფისის გახსნა განიხილება. „ეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კრიჩმა რუსეთთან მიმართებაში.

მოკლედ, ასეთი განწყობაა დღეს საქართველოს მიმართ შეერთებულ შტატებში. ქვეყანა და მისი პოლიტიკური არეალი კი დატოვებული აქვს ექსმილიარდერ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ქართული პოლიტიკიდან წასვლით, ტრამპის ამერიკული პოლიტიკიდან  წასვლას დაასწრო და თან გაიყოლა საფრანგეთის ორდენი, როგორც ერთგვარი ხელშეუხებლობის გარანტი. საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ქველმოქედებისთვის საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის 2020 წლის 31 დეკემბრის განკარგულებით, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მიენიჭა.

შემობრუნდება თუ არა ის პოლიტიკაში და მიაღწევს თუ არა ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნებს, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში,  ეს სულ მალე გამოჩნდება. მანამდე კი, დასავლეთის მაშველი ხელი საქართველოს კიდევ ერთხელ მოსწვდა და დღეს სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად დაადასტურა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა საქართველო მოქალაქეების ეთნიკური წმენდა მოახდინა, ანუ საქართველომ დღეს რუსეთს ომი მოუგო, არა - ტანკებით, არამედ ცივილური ფორმით - სასამართლოთი, მოგება კი, ბუნებრივია, „ოცნების“ ხელისუფლების მიღწევებში ჩაიწერა, თუმცა, ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ისინიც აცხადებენ, ეს ყველას გამარჯვებაა.

ჰოდა, ამ გამარჯვებით თუ ვიმსჯელებთ,  საქართველოს საკითხი რეალურად არის გააქტიურებული საგარეო ფრონტზე და დასავლეთი, როგორც არასდროს, სერიოზულად ემზადება რუსეთს დაათმობინოს პრეტენზიები, მის მიერ ოკუპირებულ ქვეყანაზე.

რუსა მუმლაძე