უსინდისო, მატყუარა - მამუკა ხაზარაძე და ალეკო ელისაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
უსინდისო, მატყუარა - მამუკა ხაზარაძე და ალეკო ელისაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

A+ A-

12:48 19/01/2021

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე და „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი „რუსთავი 2“-ის ეთერში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება დაიწყო მას შემდეგ, რაც მამუკა ხაზარაძეს დაუსვეს კითხვა, რომელიც ალეკო ელისაშვილის განცხადებებს ეხებოდა. კერძოდ, კითხვა ეხებოდა ალეკო ელისაშვილის მიერ დეკემბერში გაკეთებულ განცხადებას, რომ მამუკა ხაზარაძემ ერთ-ერთ შეხვედრა თქვა: „ომია, ძმაო და მერე რამე იქნება“.

მამუკა ხაზარაძემ ალეკო ელისაშვილს „უსინდისო“ და „მატყუარა“ უწოდა, ელისაშვილმა კი მას „ხალხის მყვლეფავი“.

„გლდანის ციხეში ხალხს რომ ხოცავდნენ და ძვლებში ამტვრევდნენ, მაშინ, შენ იდექი და ღამე კრედიტებს უფორმებდი ფეხებით ჩამოკიდებულებს. კეზერაშვილები და ახალაიები ციხიდან რომ არეკინებდნენ“, – მიმართა ელისაშვილმა მამუკა ხაზარაძეს.

ალეკო ელისაშვილმა ასევე პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ „ლელოს“ წევრი ბადრი ჯაფარიძე „ქართულ ოცნებაში“ შეხვედრებზე დადიოდა, რასაც მამუკა ხაზარაძის გაღიზიანება მოჰყვა და ელისაშვილს აღნიშნული ბრალდების დადასტურება სთხოვა.

მამუკა ხაზარაძემ მიმართა ალეკო ელისაშვილს და მოუწოდა, ოპოზიციის შეხვედრებზე აღარ მივიდეს.

„არ დაგინახოთ ოპოზიციურ შეხვედრაზე მოსული“, – მიმართა ხაზარაძემ ელისაშვილს.

ელისაშვილსა და მამუკა ხაზარაძეს ფიზიკური დაპირისპირების მცდელობაც ჰქონდათ, თუმცა სტუდიაში მყოფმა პირებმა ამის საშუალება არ მისცეს.