ოპოზიციაში არის ხალხი, რომელთა პოზიციებიც შეთანხმების პროცესს ხელს უშლის - ხვიჩია
ოპოზიციაში არის ხალხი, რომელთა პოზიციებიც შეთანხმების პროცესს ხელს უშლის - ხვიჩია

A+ A-

17:07 17/01/2021

ოპოზიციაშიც არის ხალხი, რომელთა პოზიციებიც შეთანხმების პროცესს აფერხებს, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„მრჩება განცდა, რომ იმ ხალხს ვინც არის პარლამენტის წევრი, პარლამენტში შესვლა და იქ მუშაობის გაგრძელება უნდა, უბრალოდ უნდათ გააკეთონ ისე, რომ სახე ჰქონდეთ შენარჩუნებული. ძირითადი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე, რომელიც მთელ ამ პროცესში იყო დესტრუქტორი, თორემ ოპოზიცია აქამდე 3-ჯერ იქნებოდა შესული პარლამენტში.

თუმცა ასევე არ უარვყოფ იმასაც, რომ ოპოზიციაში არის ხალხი, რომელთა პოზიციებიც, რბილად რომ ვთქვათ, ხელს უშლის შეთანხმების პროცესს.

ჩვენ მივდივართ ჩვენი წინადადებით, ეს არის ის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გამოვიყენოთ ერთგვარ პლებისციტად და ამის ირგვლივ შევთანხმდეთ“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების შესახებ მონიტორინგის კომიტეტის ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, საქართველოზე საუბრის კონტექსტში, ოპოზიციის ბოიკოტთან დაკავშირებით წუხილს გამოთქვამს.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის მოლოდინის პარალელურად, არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან კონსულტაციებს მართავენ. ასეთი შეხვედრა „მოქალაქეებსა“ და „გირჩს“ შორის შედგა.

„გირჩის“ ინიციატივაა, რომ რეალურ საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმების შემთხვევაში, თვითმმართველობის არჩევნებს პლებისციტის ფუნქცია მიენიჭოს. შესაბამისად, თუ ჯამურად ოპოზიცია გაიმარჯვებს, 2022 წელს ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს. წაგების შემთხვევაში, კი აღიარონ, რომ გაყალბება სულაც არ ყოფილა იმ მასშტაბის, რის მტკიცებასაც თავად ცდილობენ. „გირჩი“ და „მოქალაქეები“ ამ მიზნით, ოპოზიციასთან შეხვედრებს იწყებენ. განსხვავებული შეხედულება აქვთ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს.