სასამართლო სხდომაზე შაქარაშვილზე ძალადობა არ დადასტურდა - ადვოკატი
სასამართლო სხდომაზე შაქარაშვილზე ძალადობა არ დადასტურდა - ადვოკატი

A+ A-

01:14 17/01/2021

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები დაიკითხნენ, რომლებიც კომისიურად სწავლობდნენ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებების წარმოშობას.

სასამართლო სხდომაზე ექსპერტებმა არ გამორიცხეს გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული სიცოცხლის დროინდელი დაზიანებების წარმოშობა და განვითარება ყოფილიყო 15 მეტრზე უფრო დაბალი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად.

ამასთან, დაზიანებების წარმოშობა შესაძლებელი იყო ნებისმიერ საგანზე ან ნივთზე შეჯახების შედეგადაც, მათ შორის ე.წ. შემთხვევის ადგილზე განთავსებულ სხვადასხვა საგნებზე შეჯახებისას; 

ექსპერტებმა არ გამორიცხეს, რომ დაზიანებები მდინარე არაგვში არსებულ სხვადასხვა საგნებზე შეჯახების შედეგადაც შესაძლოა განვითარებულიყო. ამის შესახებ ერთ-ერთმა ბრალდებულის ადვოკატმა შოთა კახიძემ განაცხადა.

"ექსპერტებმა შეისწავლეს მხოლოდ გამომძიებლის მიერ მითითებული ადგილი და სხვა მიმდებარე ტერიტორია არ შეუსწავლიათ. შესაბამისად არ გამორიცხეს ამ დაზიანებების განვითარება სხვა ადგილას.

ამდენად, პროკურატურისა და სხვა დაინტერესებული პირების მცდელობა ექსპერტიზის დასკვნები წარმოეჩინათ იმის დასადასტურებლად, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებამდე მასზე განხორციელდა ძალადობა, სასამართლო სხდომაზე არ დადასტურდა", - განაცხადა  შოთა კახიძემ.

report.ge