კოვიდშეზღუდვების შემდეგ, თბილისში ავტომანქანათა რიცხვი 100 000-დან 600 000-მდე გაიზარდა - გადაჯექით ველოსიპედზე!
კოვიდშეზღუდვების შემდეგ, თბილისში ავტომანქანათა რიცხვი 100 000-დან 600 000-მდე გაიზარდა - გადაჯექით ველოსიპედზე!

A+ A-

14:59 15/01/2021

ჰაერის დაბინძურების გამო, სიკვდილიანობის დონით, 2016 წლიდან,  საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა, ამ დროს კი, კოვიდშეზღუდვებამდე,  მხოლოდ თბილისში 100 000-ზე მეტი ავტომობილი გადაადგილდებოდა,  შეზღუდვების შემდეგ კი მათი რიცხვი - 600 000 ათასამდე გაიზარდა. ადამიანები ავტომობილებს დღის განმავლობაში, საშუალოდ, 750 მეტრი ტერიტორიის დასაფარადაც კი იყენებენ, არადა ამ ტერიტორიაზე გადაადგილება მარტივად შეიძლება ველოსიპედით, ან სხვა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით. თბილისში უკვე 2 კილომეტრის სიგრძის ველობილიკია მოწყობილი, თუმცა მათით „სქროლებიანი“ მგზავრები უფრო სარგებლობენ, ვიდრე  - ველოსიპედიანი, ველოსიპედზე გადაჯდომა ვისაც შეუძლია, ის ეკოლოგიურ ტრანსპორტს მაინც ავტომანქანას ამჯობინებს. ფაქტია, „შავ ჯიპიანი“ მენტალობის გარღვევა არც ისე ადვილი საქმეა, დედაქალაქისა თუ ქვეყნის ეკოლოგიური გარემო კი - მძიმედ დაბინძურებული.

აუდიტის სამსახურის ოფიციალური მონაცემით,  საქართველოში, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება.

 

ჯერ კიდევ 2016 წლის საერთაშორისო კვლევის თანახმად, (ვაშინგტონის უნივერსიტეტი, აშშ), ჰაერის დაბინძურების გამო, სიკვდილიანობის დონით - საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა. იელის უნივერსიტეტის (აშშ) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, ზოგადი დაბინძურების დონის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყნიდან 111-ე ადგილს იკავებს, რაც ცხადყოფს, ადამიანის ჯანმრთელობისთვის რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხის შესწავლა, ასევე, როგორც მზარდი ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყნისთვის.

დიდი ცვლილებები იწყება პატარა ნაბიჯებით“ - ამ სლოგანით, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, ვიქტორ წილოსანი “2020NEWS”-თან საუბრისას  საზოგადოებას დედაქალაქში ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით, მაგალითად - ველოსიპედით გადაადგილებისკენ მოუწოდებს. 

კოვიდშეზღუდვებიდან გამომდინარე, თბილისში გადაადგილდება 600 000 მსუბუქი ავტომანქანა. ამ ავტომობილების 55% - 20 წელზე მეტისაა, ხოლო 88% - 10 წელზე ზემოთ, ეს სტატისტიკური მაჩვენებელი მართლაც შემაშფოთებელია.

მოსახლეობას არ აქვს იმის საშუალება, რომ იყიდოს ახალი, გამართული ავტომობილი და სწორედ ამიტომ უწევს, დახარჯოს მეტი ფული ძველის შეკეთებაში და დააზიანოს გარემო.

ევროპაში მოსახლეობის 70%-ჰყავს ავტომობილი და მოტორიზაციის კოეფიციენტია - 8%, ხოლო თბილისში მოსახლეობის 40%-ყავს ავტომობილი და მოტორიზაციის კოეფიციენტია 35%. ზუსტად ეს სტატისტიკაა ჩემი შეშფოთების მიზეზი“, - აცხადებს თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი.

ვიქტორ წილოსანის თქმითვე, თბილისის მერია ცდილობს, არსებული მძმე სიტუაციის გამო, გააუმჯობესოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, რადგან ადამიანებს გაუმარტივდეთ გადაადგილება და ნაკლები დრო დახარჯონ საცობებში, რაც მთავარია, ბუნებრივად, დაიკლოს ტაქსის ტარიფებმა.

„მე არ ვამბობ, რომ უნდა აიკრძალოს ავტომობილით გადაადგილება. ზოგადად, ყველა სახის აკრძალვის წინააღმდეგი ვარ. ვთვლი, რომ საზოგადოებამ უნდა გააანალიზოს ის ფაქტი, რომ მხოლოდ სამთავრობო სტრუქტურის მცდელობა არაა საკმარისი და ადამიანებმაც უნდა შევცვალოთ ჩვენი ცხოვრების წესი“, - ამბობს წილოსანი სააგენტოსთან საუბრისას.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ვიქტორ წილოსანის ამ განცხადებამ, რომელიც მან სოცქსელშიც გააკეთა, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ნაწილი თვლის, რომ წილოსანის წამოწყება - „დიდი ცვლილებები იწყება პატარა ნაბიჯებით“ -იდეალურია და დიდი სიამოვნებით გამოიყენებენ ველოსიპედს, ან სხვა სახის ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს, ქალაქში გადასაადგილებლად.

 

სიტუაციის შესაფასებლად, „2020NEWS“ კავკასიის ველოქსელის ერთ-ერთ დამფუძნებელსაც დაუკავშირდა, რათა გაგვეგო, ველოსიპედების გამოსაყენებლად, რამდენად გაუმჯობესებულია თბილისის ინფრასტრუქტურა.

„დღეს, თბილისში ველოსიპედით გადაადგილება ბევრად უსაფრთხოა, ვიდრე რამდენიმე წლის წინ, როდესაც არ არსებობდა ველობილიკები. ავტომობილის მძღოლებიც მიუჩვეველნი იყვნენ, მაგრამ დღეს ეს პრობლემა მოხსნილია და რელიეფიც არ წარმოადგენს თანამედროვე ველოსიპედისთვის დიდ პრობლემას.

დღესდღეობით, ყოველდღიურად, თბილისში ველოსიპედით, დაახლოებით, 1 500 ადამიანი გადაადგილდება  და მათ არანაირ დისკომორტარ აქვთ.

პირიქით, ვზოგავთ ფულს, დროს, და რაც ყველაზე მთავარია, ვცხოვრობთ ჯანსაღი ცხოვრების წესით“, - განაცხადა კავკასიის ველოქსელის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მარმიხელიძემ.

თუმცა, საზოგადოების სხვა ნაწილისთვის ეს ინიციატივა არაკომფორტულია, რადგან მსგავსი ეკოლოგიური და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინფრასტრუქტრა ქვეყანაში ჯერ გაუმართავია.

შესაბამისად, ერთია - მენტალობის შეცვლა და მეორეა, რამდენად ადვილი და მოსახერხებელია, ეკოტრანსპორტით გადაადგილდე ქალაქში, რომელშიც ბუნებრივად უსწორმასწორო რელიეფს ინფრასტრუქტურულად მოუწესრიგებლი გზებიც „ამშვენებენ“.

„მიუხედავად იმისა, რომ თბილისის რელიეფი პრობლემატურია, ჩვენ ვმუშაობთ ურბანული განვითარების გეგმაზე და შესაბამისად, ეს გეგმა მოიცავს, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართულობას, ასევე ალტერნატიული გადაადგილების საშუალებებისთვის შესაბამის ინფრასტრუქტურულ უსაფრთხო პროექტებს.

2020 წლამდე თბილისის მერიამ გააკეთა 2 კმ-ზე მეტი ველო ბილიკი თბილისის მასშტაბით, რამაც აჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ ქსელი სრულად შეკრული არაა უკვე ბევრი ადამიანი იყენებს ამ ბილიკებს.  თბილისის ინფრასტრუქტურა განვითარებადია და ყოველწლიურად მიდის სამუშაოები ამის ნათელი მაგალითი ცენტრალური ქუჩებია, სადაც განახლებული ინფრასტრუქტურის წყალობით ქუჩების გამტარუნარიანობა გაიზარდა.

მაგალითისთვის, ჭავჭავაძის გამზირი ყველაზე დატვირთული ადგილია - ავტომობილების რაოდენობით, მაგრამ საცობების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.

თუმცა, ეს არ გვაძლევს მოდუნების შესაძლებლობას. ევროპის ქვეყნებში გადასაადგილებლად პრიორიტეტს საზოგადოებრივ ტრანსპორტს ანიჭებენ, ან ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს. მათი ეს გადაწყვეტილება მისაბაძი და სამაგალითოა, რადგან ამ გზით ადამიანები ხელს უწყობენ ეკოლოგიას. რაც უფრო ნაკლები მანქანა მოძრაობს დღის განმავლობაში მით უფრო ნაკლებია ეკოლოგიური დაბინძურება და რაც მთავარია ქუჩებში საცობები აღარაა და ნაკლებ ფულს და დროს კარგაცენ გადაადგილებაში“, - განაცხადა წილოსანმა „2020NEWS“-თან საუბრისას.

ვიდრე ქუჩების პრობლემა მოგვარდება, ვიდრე ველობილიკების რაოდენობა გაიზრდება, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა საბოლოოდ მოწესრიგდება, ფაქტია, თბილისის ეკოლოგიური გარემო დღითიდღე ბინძურდება.

რეალური სურათი ასეთია - პანდემიის დროს, ჯერ მარტო თბილისში ავტომანქანების რაოდენობა 100 000-დან 600 000-მდე გაიზარდა და ველოსიპედიანი მგზავრების რაოდენობა მხოლოდ 1500-ის ფარგლებშია.

ალბათ, მეტად ღირს დაფიქრება, რომ დედაქალაქის ეკოლოგიური გარემოს გასაუმჯობესებლად, მენტალური ცვლილებები დავაჩქაროთ, რადგან ეს მონაცემი, რომ ევროპაში მოსახლეობის 70%-ჰყავს ავტომობილი და მოტორიზაციის კოეფიციენტია - 8%, ხოლო თბილისში მოსახლეობის 40%-ყავს ავტომობილი და მოტორიზაციის კოეფიციენტია 35% - ნამდვილად იმაზე მიუთითებს, მთლად მენტალურად ევროპელები არ ვართ, არადა ამ ევროპისკენ მივისწრაფვით.

სალომე კაპანაძე